31 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევრო 2015-ის ელიტრაუნდის მეორე მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს U19 ნაკრები პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ჩვენი ბიჭები 2:3 დამარცხდნენ, თუმცა მათი თავდადება და ბრძოლისუნარიანობა ნამდვილად დასაფასებელია.
ინტერნეტ სივრცეში ორი დღეა ყველა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის" კომენტეტორის - სანდრო ცნობილაძის არაამქვეყნიურ შეცდომაზე საუბრობს. საქმე იმაში გახლავთ, რომ სტაჟიან კომენტატორს სტუმარი და მასპინძელი ფეხბურთელები ერთმანეთში აერია და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერ მიხვდა შეცდომას.
შეხვედრის მე-3 წუთზე, ოთო გოშაძის კართან პენალტი დაინიშნა, რომელიც პორტუგალიელთა 8 ნომერმა პედრო როდრიგესმა ზუსტად შეასრულა. ცნობილაძეს საკუთარ სიმართლეში ეჭვი არც ამჯერად შეპარვია, გარდა იმისა, რომ მან საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერ შეძლო მაისურების გარჩევა, პორტუგალიელი ყმაწვილი კიტეიშვილს მიამსგავსა და მას „გოლიც გაატანინა". ცნობილაძემ ვერც ის შეამჩნია, რომ პორტუგალიელთა ნაკრებში საკმაოდ ბევრი ფერადკანიანი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებმაც უმალ მიულოცეს გოლის გატანა პედრო როდრიგესს.
მოგვიანებით ცნობილაძემ შეცდომის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა.