reportiori.ge - ოთარ ჩრდილელი: ფატალისტ-ტაქტიკოსად დაბადებული სააკაშვილი სუსტი ფსიქიკის პოლიტიკური ცხოველია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:00
პრეს-დაიჯესტი
ოთარ ჩრდილელი: ფატალისტ-ტაქტიკოსად დაბადებული სააკაშვილი სუსტი ფსიქიკის პოლიტიკური ცხოველია
ავტორი:
01 ივნისი, 2015. 15:28


„ნაციონალური მოძრაობიდან" ოთხეულის წასვლა გასული კვირის მთავარ თემად იქცა. ამ ფაქტს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, „ნაციონალები" კიდევ სამ ჯგუფად იყოფიან, თუმცა ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა ჯგუფებზეა საუბარი. საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს სააკაშვილის გუნდის ტაქტიკური სვლა გახლდათ და რეალურად, პარტიამ გაშლის იმიტაცია გაითამაშა.


„ნაციონალების" გარდა, როგორც ჩანს, მმართველ გუნდშიც მთლად ყველაფერი რიგზე არ არის. ამას თუნდაც ის ხმაური მოწმობას, რომელიც გასულ კვირას საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევას უკავშირდებოდა. ამბობენ,რომ მმართველ გუნდში გავლენების გადანაწილება სერიოზული დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.


რა ხდება რეალურად ქართული პოლიტიკის კულუარებში? ვინ ვის უპირისპირდება გუნდებს შიგნით და რა კონფიგურაციის პარლამენტს მივიღებთ 2016 წლის არჩევნების შემდეგ? ამ თემებზე „პრაიმტაიმი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ოთარ ჩრდილელს ესაუბრა.

 

- პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი შეფასება, დაიშალნენ თუ გაიშალნენ ნაციონალები?

 

- ვფიქრობ, ეს იყო კლასიკური დაშლა და „ნაცმოძრაობის" დაშლის დეტონაცია გამოიწვია ბევრმა ფაქტორმა. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო გაქცევის იმიტაცია საკუთარი წარსულისგან. „ნაცმოძრაობის" რაღაც სეგმენტმა ჩათვალა, რომ დისტანცირება მოეხდინა ცხრაწლიანი სისტემური დანაშაულებიდან, ჩამოშორებოდა ამ დანაშაულებს თუ მათი ავტორების მუდმივ „გაპრავებას". მეორე საკითხია, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება „ნაცმოძის" ამ ნატეხის, დავარდნა პოლიტიკურ სივრცეში. აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის: ვიდრე მინარეთს მოიპარავ, იფიქრე, სად დამალავ მას. რასაც გასულ კვირას ვუყურეთ, ვერ ვიტყვით, რომ მათ გარკვეული აქვთ, რა სურთ, გარდა უკვე მრავალჯერ გადამღერებული ლიბერალური გზისა და ფართომასშტაბიანი შეტევისა ხელისუფლებაზე. ისინი კიდევ კარგი ხანი იქნებიან თავის მართლების რეჟიმში: საკუთარ ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან, ამომრჩევლებთან.


- პრემიერის ინფორმაციით, პარტიის შიგნით კიდევ სამი დაჯგუფება იკვეთება... თქვენი ვარაუდით, რა დაჯგუფებებზეა საუბარი?

 

- ნაციონალებში განხეთქილება არახალია. ჯერ კიდევ მერის არჩევნების დროს სერიოზული განხეთქილების ვაშლი ჩამოვარდა სააკაშვილი-ვაშაძეს, ხოლო გიგი ნიკანორს ლობირებდა. შემდეგ იყო შიდა პერეტრუბაციები,რაც ძალიან კარგად გამოჩნდა. მათ ე.წ. აქციებზე...ზოგი საერთოდ „ჩამოშორდა" მათ და მშვენიერი ქართული სახელი „ივერია" დაირქვა... ნაციონალებისგან დისიდენტთა რიგებში ჩაეწერა ნიკა რურუა, გრიგოლ ვაშაძე და ა.შ. სიტყვა დოსიდენტმა შეცდომაში არ შეგვიყვანოს. ლათინურ-რელიგიური ტერმინია. შენგან განვჯდები, ანუ  შენთან ერთად არ ვჯდები... საკვირველი არა ნაციონალების დაშლა, არამედ მათი ერთიანობის ილუზიის შექმნა იყო. მანდ ბევრი დაჯგუფებაა: მიშას, ვანოს, უგულავას, ბაქრაძის, ახალაიას. ამ უკანასკნელის ირგვლივ გაერთიანებულია სამეგრელოს ნაციონალური დეპუტაცია და მათ ბონუსად დამატებული აკაკი მინაშვილი. მათთან სერიოზული დუღილი მიდის, აღნიშნული კვარტეტი უკვე კარგა ხნის ჩაძირული ნაციონალური გემიდან გადასახტომად ყველაფერს აკეთებდა. მათ გუნდში თანამოაზრეები დარჩათ.


- ფიქრობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" სხვებიც დატოვებენ?

 

- ჩემი სუბიექტური აზრით, აუცილებლად მოხდება ბერთლომეს მარილივით მათი დაშლა. ფიზიკის კანონია,რაც იწელება, აუცილელად სკდება. იწელებოდა ამ პატიის შიგნით სიტიუაცია და ბოლოს გასკდა.


- მომავალ არჩევნებში ვინ წარმოგიდგენიათ მთავარ ოპოზიციურ ძალად?

 

- მე ნაკლებად ვფიქრობ, ვინ იქნება ოპოზიციურ ველზე მთავარსარდალი, ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რა ღირებულ რეფორმებს გავატარებთ ჩვენ, რათა ხალხმა კიდევ ერთხელ მოგვცეს ნდობის ვოტუმი. ძველა ესპანეთში ცამეტზე მეტკაციან თეატრალურ დასს კამპანიას ეძახდნენ. დარწმუნებული ვარ, მომავალ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად არ იქნება მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოდგენილი და ერთი კამპანიაც კი არ ეყოლებათ პარლამენტში. არასაპარლამენტო პარტიებიდანაც ვერ გამოვყოფ ვერავის. იცით, რამდენიმე მათგანი ვერ ავითარებს სტრატეგიას, აქვთ ძალიან მწირი და ერთფეროვან-მომაბეზრებელი ლექსიკა. როცა ქართულ პოლიტიკაში 20-25 წელი ხარ და არ ცდილობ, პარტიაში გქონდეს პლურალიზმი, ამომრჩეველი შენდამი კარგავს ინტერესს და ხდები პარაზიტი. პარაზიტების ადგილი კი პოლიტიკაში არ არის.


- რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ნაციონალების ერთი ფრთა, თუნდაც გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით გაუერთიანდეს ირაკლი ალასანიას გუნდს?

 

- ქართულ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის. ვერ გეტყვით, რამდენად მომხიბვლელი და მაცდურია ალასანიასთვის ბოკერიას ამორალური იდეების ფრქვევა. ჩემი აზრით, მთლად გიგა ბოკერიას პროექტი არ არის „ივერია", რომელთანაც, ვფიქრობ, თუ სიღრმისული არა, რაღაც გადაკვეთის წერტილი მაინც ექნებათ „თავისუფალ დემოკრატებს". ყველას თავისი პოლიტიკური გზა აქვს არჩეული. სააკაშვილის ანტურაჟიდან, გარეგნულად ყველაზე დავარცხნილი თითქოს ეს ჯგუფი ჩანს. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სერიოზული მინუსები, რომელსაც ამომრჩეველი არ და ვერ ივიწყებს.


- როგორ ფიქრობთ, რა საკითხებზე ვერ თანხმდებიან პარტიის შიგნით? ამბობენ, რომ პარტიის ნაწილი სააკაშვილისგან გამიჯვნას ითხოვს, რომელიც მოვლენების რადიკალური გზით განვითარების მომხრეაო.

 

- ფატალისტ-ტაქტიკოსად დაბადებული სააკაშვილი სუსტი ფსიქიკის პოლიტიკური ცხოველია. ის ცუდი პირით ყველაფერს გარეთ ამოაბრუნებს: თავის პუბლიკას, თავის მოწინააღმდეგეებს, თავის პიჯაკსაც კი, თუ ეს რაიმეთი მაინც სასარგებლო იქნება პირადად მისი პოლიტიკური პერსონისთვის. რა თქმა უნდა, არის ჯგუფი, რომელსაც უნდა, მიშას ჩრდილიდან გამოვიდეს. ისინი ცოტა ხნის წინ მიხვდნენ, რომ მიშასგან დამოუკიდებლად სიარული და თქვენ წარმოიდგინეთ, აზროვნებაც კი შეუძლიათ. არ შეიძლება პარტია ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც მუდმივად პეითსფიჩით, სიძულვილის ენით საუბრობდეს. წავიდა ეგ დრო, თან კარგა ხანია. სააკაშვილი ჩარჩა იქ, სადაც პირადმა ტრუბადურმა, აწ მისგან დისტანცირებულმა ხაჩიძემ, ხელთუქმნელი ოდა „მიშა მაგარია" უმღერა. სააკაშვილი თავისი გუნდის ყველა იდეას თავად მიიწერდა. და მაშინ, როცა პოლიტიკოსი წვიმის მოყვანასაც კი იბრალებს, მზად უნდა იყოს, რომ საზოგადოება გვალვასაც მას დააბრალებს!


- თავად მმართველი გუნდი რმდენად ერთიანია? უმრავლესობის ბოლო შეხვედრა, სადაც კომიტეტების თავმჯომარეების საკითხი განიხილებოდა,აშკარად დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა...

 

- კოალიცია ეკლექტურია. ყველა პოლიტგემოვნების ამომრჩეველზეა გათვლილი. ჩვენ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ ვართ აგრესიულნი, პირიქით, მშვიდი ძალა ვართ, რომლის ფორმულაც არის „ეფექტურობა გამრავლებული სიფრთხილეზე". არანაირი ხასიათის შიდა უთანხმოება არ არის. ჩვენ არ ვცდილობთ, სკამებისთვის ერთმანეთს პრობლემები შევუქმნათ. არის აზრთა სხვადახსვაობა, პლურალიზმი, მაგრამ ყოველთვის მივდივართ კონსესუსამდე, რომ მთავარია საერთო ქვეყნის საქმე და არა პირადი ამბიციები.


- ამბობენ, რომ 2016 წლის არჩევნებზე მმართველი გუნდის ბევრ წარმომადგენელს ახალი სახეებით ჩაანაცვლებენ, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

 

- ოპოზიციის კვაზიფუფუნებაა, რომ ერთი და იგივე გუნდი ჰყავდეს მუდმივად ათწლეულების მანძილზე. ერთი კაცი ხელმძღვანელობდეს მუდმივად პარტიას და არ უშვებდეს მის სადავეებს. საერთოდ, პოლიტიკაში ნებისმიერი თავმოყვარე პარტია თუ კოალიცია უნდა იყოს განახლებადი. მით უმეტეს, როდესაც საუბარია მმარართველ ძალაზე. აქედან ჩანს, რომ მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენს გუნდშიც მოხდება სერიოზული ცვლილებები. მოგეხსენებათ, სულ სხვა მიზნები იდგა 2012 წლის არჩევნებზე და სულ სხვა რეალობა და გამოწვევები გვექნება 2016 წლისთვის.


- დაბოლოს, მედიაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია,  თითქოს ხელისუფლების შიგნითაც არსებობს დაპირისპირება, იგივე ღარიბაშვილსა და კალაძეს შორის... არსებობს თუ არა რაიმე უთანხმოება?

 

- შეიძლება, ღარიბაშვილს ვისკი და კალაძეს ევროპულად დაყენებული ღვინო მოსწონს და ამ საკითხზე ნამდვილად აქვთ უთანხმოება, მაგრამ თუ პოლიტიკურ, ფუნდამენტურ უთანხმოებაზე მესაუბრებით, გეტყვით, რომ ეს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია. ე.წ. „უტკა" რომელსაც ჩვენი პოლიტიკურ-იდეოლოგიური მტერი ატარებს. მერწმუნეთ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს ასეთი დეზინფორმაციული გამოხტომები ჩვენ მიმართ...

 

 

 

 

მირიან ბოქოლიშვილი

გზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016