ფიფა-ს ირგვლივ განვითარებულმა სკანდალმა და ამას დამატებულმა ზეპ ბლატერის მორიგი ვადით არჩევამ, როგორც ჩანს, უეფა-ს მოთმინების ფიალა აუვსო. უეფა მუშაობას განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს და ფიფა-ს წინააღმდეგ სერიოზულ დემარშს გეგმავს.
საქმე იმაშია, რომ შესაძლოა, უეფა-მ საფეხბურთო ოჯახთან, ფიფა-სთან გაყრის გადაწყვეტილება მიიღოს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ნდობადაკარგული ბლატერის წინააღმდეგ ასევე ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილიც გამოდის. მუშავდება ასეთი პროექტი - ფიფა-დან გამოყოფის შემდეგ ევროპა ორ წელიწადში ერთხელ ჩაატარებს კონტინენტის პირველობას, რომლის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ - ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებები.
რა ვადებში მოხდება ეს, ძნელი სათქმელია. იმის ალბათობაც არის, რომ საბოლოოდ ყველაფერი გაყრით არ დასრულდეს და უეფა-მ, როგორც ფიფა-ს ყველაზე გავლენიანმა წევრმა, აიძულოს ბლატერი - ან დატოვოს პოსტი, ან სერიოზულად გარდაქმნას ორგანიზაცია, რისი იმედიც უეფა-ს არ აქვს.
მოკლედ, მიშელ პლატინიმ უეფა დარაზმა და მოემზადა. თუ ვისი გამარჯვებით დასრულდება ეს პაექრობა, მომავალი გვიჩვენებს...