თუ ლეო მოახერხებს და 6 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჯანლუიჯი ბუფონს გოლს გაუტანს, გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელსაც აღნიშნული ტურნირის სამ ფინალში გოლი ექნება გატანილი.
თავისი პირველი გოლი ლიგის ფინალში, 2009 წელს „მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა. ზუსტად 2 წლის შემდეგ „უემბლიზე" იმავე გუნდების შეხვედრაში „ბარსამ" ისევ იმარჯვა, ლეომ კვლავ მოახერხა თავის გამოჩნა. ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო, მაგრამ 2006 წლის ფინალში მას ტრავმის გამო არ უთამაშია. ჩემპიონთა ლიგაზე ორ-ორ ფინალში გაუტანიათ სამუელ ეტოოს, კრიშტიანუ რონალდოს და რაულ გონსალესს.
სულ მესიმ პროფესიულ კარიერაში 23 ფინალი ითამაშა და 20 გოლი გაიტანა. ორჯერ მან ჰეთ-თრიკიც კი შეასრულა (ორივეჯერ ესპანეთის სუპერთასზე). აქვე ვიტყვით, რომ „რეალის" ლეგენდა ალფრედო დი სტეფანოს ევროპის ჩემპიონთა თასის 5 ფინალში აქვს გატანილი - სულ შვიდი გოლი. 7 გოლით დი სტეფანო ფინალების რეკორდსმენია ფერენც პუშკაშთან ერთად.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 6 ივნისის ფინალის წინ მცირე ინტერვიუ მისცა უეფა-ს ოფიციალურ საიტს.
„ძალიან მადლიერი ვარ კლუბის, ყველაფრისთვის, რასაც ფეხბურთში მივაღწიე, ეს „ბარსას" დამსახურებაა. კარიერის განმავლობაში „ბარსელონა" ძალიან ბევრჯერ დამეხმარა, გვერდში დამიდგა. ამიტომაც მე ძალიან მიყვარს ეს გუნდი და რაც შეიძლება დიდხანს ვაპირებ აქ დარჩენას.
ჩემპიონთა ლიგის ორივე ფინალი ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. ახლაც კი მახსენდება 2011 წლის ფინალი, როცა გოლი გავიტანე და ანგარიში 2:1 გავხადე. ის გოლი გიჟურად ვიზეიმე და ამის მიზეზიც მქონდა. „მანჩესტერთან" მატჩებში ამ ფინალებში ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო გოლები გავიტანე.
მომდევნო ფინალსაც დიდი ენთუზიაზმით ველი, რადგან ჩემპიონთა ლიგა დიდებული ტურნირია. ფინალში მოსაღწევად ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ არ იქნება იოლი მატჩი, „იუვენტუსი" ძალიან ძლიერი მეტოქეა. ის დიდი კლუბია. ფინალში კი აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ძალიან მიჭირს დავახასიათო ჩავი, როგორც ფეხბურთელი. ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რა შეუძლია მოედანზე მას. სწორედ ჩავია ის ფეხბურთელი, რომელიც თამაშის რიტმს აკონტროლებს, ის ნამდვილი ლიდერია. ჩემთვის უდიდესი პატივია, ამდენი ხნის განმავლობაში მისი თანაგუნდელი რომ მერქვა. მე გული ვიჯერე მისი ფეხბურთით და არა მარტო თამაშებზე, არამედ, ვარჯიშებზეც. ჩემი აზრით, ჩავი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. ჩავი არის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი", - განაცხადა მესიმ.