„მონაკოს" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გუნდი დიმიტარ ბერბატოვმა და მაარტენ სტეკელენბურგმა დატოვეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბულგარელ ფორვარდს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურებოდა და მხარეები მის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ. რაც შეეხება ჰოლანდიელ მეკარეს, იგი მონაკოელთა რიგებში ერთწლიანი იჯარის წესით თამაშობდა და კვლავ ინგლისში, „ფულემის" შემადგენლობაში დაბრუნდა.
დიდი ალბათობით, ბერბატოვი ახალ კლუბს მოკლე დროში იპოვის. მისით სერიოზულადაა დაინტერესებული პრემიერ ლიგაში დაწინაურებული „ბორნმუთი", რომელიც ბულგარელს კვლავ პრემიერ ლიგაში დაბრუნებისკენ უხმობს.
34 წლის ფორვარდმა, მიმდინარე სეზონში, „მონაკოს" შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 9 გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა, ჰოლანდიელმა კი მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ კარში 5-ჯერ გაუშვა გოლი.