შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს გერმანელმა სპეციალისტმა იურგენ კლოპმა დორტმუნდის „ბორუსიას" დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ბუნდესლიგის 2014/2015 წლების გათამაშების დასრულების შემდეგ კი, „სიგნალ იდუნა პარკი" დატოვა.
სხვადასხვა ქვეყნის სპორტულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაციები კლოპის პერსონით ამა თუ იმ კლუბების დაინტერესებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ირკვევა, 47 წლის გერმანელმა ერთი სეზონით დასვენება გადაწყვიტა.
„მე დასვენება გადავწყვიტე. შვიდი წლის განმავლობაში ემოციურად და დაუსვენებლად ჩემს საქმეს ვაკეთებდი და დროა, ამ ტვირთისგან დავისვენო. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ყველა ის მოგონება და ემოცია კარგად გავაანალიზო, რაც ამ დროის მანძილზე დამიგროვდა და მხოლოდ ამის შემდეგ, ახალ გუნდს სრული პასუხისმგებლობით ჩავუდგე სათავეში", - განაცხადა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპი ტომას ტუხელმა შეცვალა.