შეთქმულების თეორიას რომ ვაღიარებდე, უსათუოდ თბილისისა და კიევის ფარულ პოლიტიკურ გარიგებას მივაწერდი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას, რაც, კაცმა რომ თქვას, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მიხეილ სააკაშვილის განეიტრალებას ნიშნავს.
პირველ ყოვლისა, ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე სააკაშვილის მოულოდნელი დანიშვნით წერტილი დაესვა იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინას იყენებდა პლაცდარმად საქართველოში ვითარების ასარევად და დესტაბილიზაციის ტალღაზე ქვეყნის სათავეში დასაბრუნებლად.
უკრაინის მოქალაქეობის მიღებისა და, უფრო მეტად, ოდესის ადმინისტრაციაში საქმეების გადაბარების შემდეგ, სააკაშვილს არც დრო ექნება და აღარც უფლება, საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს ან თუნდაც მხოლოდ გამოთქვას ისეთი არადიპლომატიური და მკვახე შეფასებები, როგორიც ბოლოს 26 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, კიევიდან ტელეხიდის დროს გააკეთა.
ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას ოსტატურად ჩამოაშორა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი. მეტიც, პეტრო პოროშენკომ, რომელიც უკმაყოფილოა მის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ტემპით, საბედისწერო არჩევნის წინაშე დააყენა თავისი სტუდენტობის მეგობარი: თუ ოდესაში ხელი მოეცარა, მაშინ სააკაშვილის სახელი სამუდამოდ ჩაბარდება ისტორიას. საქართველოში რაიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნებაზე ფიქრი სააკაშვილისთვის მაშინაც დაკარგავს აზრს, თუ მან ოდესაში ივარგა: ალაგმა კლანური მმართველობა, გაატარა სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმები, დაამყარა წესრიგი და მოიზიდა უცხოური ინვესტიციები.
ასეთ შემთხვევაში, ოდესის გუბერნატორს თავად უკრაინის პოლიტიკური ელიტა მოსთხოვს, მიღწეული არ იკმაროს და წარმატებული მაგალითი ახლა მთელ უკრაინაზე გაავრცელოს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს გზა გაეხსნება უკრაინის პოლიტიკური ოლიმპისკენ და არ არის გამორიცხული, რომ მან პრემიერ-მინისტრის სავარძელიც დაიკავოს ფართომასშტაბიანი რეფორმების მთელ ქვეყანაში გატარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილი კიდევ უფრო დაშორდება საქართველოს და მთლიანად გადაერთვება უკრაინის საქმეებზე.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო (მარცხნივ) მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორად წარადგენს (30.05.2015)
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო (მარცხნივ) მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორად წარადგენს (30.05.2015)
არადა, უკრაინაში საქმე კარგად ვერ მიდის. აშშ და კიევის ევროპელი მოკავშირეები თვლიან, რომ უკრაინას პრორუსულ სეპარატიზმზე არანაკლებ საფრთხეს უქადის ამ ქვეყანაში ფესვგადგმული კორუფცია, ოლიგარქების გავლენა, დემოკრატიული და არჩევითი ინსტიტუტების სისუსტე და ეკონომიკური დესტაბილიზაცია.
პრინციპში, ეს სწორედ ისაა, რისკენაც მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებდა უკრაინის ხელისუფლებას; მეტიც, არა მხოლოდ მოუწოდებდა, არამედ ყველა ტრიბუნიდან დაუფარავად საყვედურობდა მას ყოყმანისა და პოლიტიკური ნების უქონლობის გამო.
თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, რომ უკრაინაში ჯერჯერობით არც მიხეილ სააკაშვილის კადრებს გამოუჩენიათ თავი. ჩემი კიეველი კოლეგები, რომლებიც სულ რამდენიმე თვის წინ აღტაცებით შეხვდნენ უკრაინის ხელისუფლებაში „ქართველი რეფორმისტების" მისვლას, დღეს იმედგაცრუებული არიან. თუმცა, საქართველოსადმი პატივისცემის გამო, ცდილობენ, უაღრესად კორუმპირებული ლანდშაფტითა და პოლიტიკური კლანების შიდა ბრძოლით ახსნან ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის, გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძისა თუ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის მიერ წამოწყებული რეფორმების დამუხრუჭება.
ამიტომ ოდესის გუბერნატორის სავარძლის დაკავებით, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, გადაარჩინოს თავისი გუნდის იმიჯი და თუნდაც ერთი ოლქის მაგალითზე აჩვენოს, რომ რეფორმები უკრაინაში შესაძლებელია. „საცოდაობაა იმის ყურება, რას დაამსგავსეს რეგიონი, გზები და ა.შ. მაგრამ ათწლეულობით დანგრეულის ერთ-ორ თვეში აღდგენა შეუძლებელია. ყველა მაფრთხილებდა, რომ ეს უკიდურესად სარისკო საქმეა, რომ აქ ყაჩაღობაა, რომ კისერს მოვიტეხავ... ამიტომაც დავთანხმდი", - განუცხადა ჟურნალისტებს ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა.
ვფიქრობ, სააკაშვილს ოდესაში მართლაც უფრო დიდი შანსი აქვს, თავად „მოიტეხოს კისერი", ვიდრე კისერი მოუგრიხოს იქ მოქმედი ოლიგარქიული კლანების წარმომადგენლებსა თუ პოლიტიკურ მაფიას. მით უფრო, რომ სააკაშვილს ოდესაში არ ექნება განუსაზღვრელი უფლებები, არ ეყოლება მორჩილი წარმომადგენლობითი ორგანო, პროკურატურა და პოლიცია, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტობის განმავლობაში იოლად იშორებდა გზიდან მისთვის მიუღებელ „ანტირეფორმისტულ" და „ანტიდასავლურ" ძალებს და საამისოდ არ ერიდებოდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა თუ ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვას.
საქართველოსგან განსხვავებით, სადაც სააკაშვილი მძლავრი საინფორმაციო მხარდაჭერითაც სარგებლობდა, უკრაინაში ოდესის ახალ გუბერნატორს, სხვა სირთულეებთან ერთად, საქმიანობა უშეღავათო და პოლიტიკური სიმპათიების მხრივ მეტად პოლარიზებულ მედიაგარემოში მოუწევს.
ამგვარად, ერთგვარად შიშისმომგვრელიც კია ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაართმევს თავს ამ რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ოლქის მართვას მიხეილ სააკაშვილი, კაცი, რომელიც თავისი ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებას მიჩვეული ავტოკრატი უფროა, ვიდრე კომრომისებისთვის მზად მყოფი, პოლიტიკურად მოქნილი და ფრთხილი დემოკრატი.
ვალერი შოშიაშვილი სააკაშვილის ყვარლის სახლში მისვლას 15:00 საათისთვის გეგმავს.
წყარო: რადიო თავისუფლება, კობა ლიკლიკაძე