ქართული დიასპორის დღეს, 27 მაისს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმი „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს". ფორუმს დაესწრნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, თბილისის მერი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ფორუმი ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, რომელმაც ქვეყანაში ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე და დიასპორასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე ისაუბრა. პრემიერმა ემიგრანტებს შეახსენა, რომ საქართველოში მხოლოდ 3 მილიონ 700 000 ქართველი დარჩა და სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ფორუმის მონაწილეები დალოცა და ემიგრანტებს სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა კონკრეტული შედეგი გამოიღო ფორუმმა, რა გამოცდილება გაგვიზიარეს ჩვენმა ემიგრანტებმა და როგორია ამ მიმართულებით სახელმწიფოს სამომავლო გეგმები და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს სანდრო ბრეგაძეს დავუკავშირდით:
- მოგეხსენებათ, რომ ფორუმის ძირითადი სლოგანი იყო „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს". ფორუმზე ჩამოსულები იყვნენ სამეცნიერო და სოციალური სფეროს წარმომადგენლები, ეკონომისტები, ინჟინრები, ექიმები, პედაგოგები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც წარმატებულად მოღვაწეობენ უცხოეთში და წარმოადგენენ ქართულ დიასპორას ევროპისა თუ ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში. ფორუმი დაყოფილი იყო სხვადასხვა პანელად, სადაც ხდებოდა ერთგვარი გამოცდილების გაზიარება თანამემამულეებისათვის. ძალიან საინტერესო იყო უცხოეთსა და საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტების შეხვედრა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და გამოცდილების გაზიარება. ძირითადად, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელსაც, დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს ხანებში კონკრეტული შედეგი მოჰყვება და ეს შედეგი იქნება სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე წარმატებული ქართველების აქტიურად ჩაბმა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ წაადგება ქვეყნის აღმშენებლობის საქმეს. რა თქმა უნდა, სამი დღის განმავლობაში ვერანაირი საკითხი ვერ გადაწყდებოდა, თუმცა, პირველი ნაბიჯები გადადგმულია და, ვფიქრობ, რომ შედეგი აუცილებლად დადგება.
- როგორ შეხვდნენ ემიგრანტები პრემიერის მოწოდებას სამშობლოში დაბრუნებაზე?
- რა თქმა უნდა, სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის სურვილია, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველები სამშობლოს დაუბრუნდნენ. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ მათ ჰქონდეთ ის პირობები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების გარანტიას მისცემს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას 70 წლის მანძილზე დაკარგული ჰქონდა თავისუფლება და შემდეგი 20 წელი, ფაქტობრივად, ნგრევის პროცესი მიმდინარეობდა. ძნელია, ერთ და ორ დღეში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს დაახვედრო ისეთი სიტუაცია, როგორიც აქვთ, მაგალითად, საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, ევროპის და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ჩვენი სამინისტროს ეგიდით განხორციელებულია რამდენიმე პროექტი, რომელმაც ქვეყანაში ემიგრანტების მცირე, მაგრამ რაღაც რაოდენობა მაინც დააბრუნა. თუ იქნება ამის სურვილი, კონკრეტული პროექტები და შემოთავაზებები, სამინისტრო გახდება ერთგვარი შუამავალი შესაბამის უწყებებთან, იმისათვის, რომ ემიგრანტებს მიეცეთ შეღავათიანი პირობები ბიზნესის სამშობლოში საწარმოებლად. თუ რომელიმე წარმატებულ ექიმს ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელს საქართველოში დაბრუნებისა და მოღვაწეობის სურვილი აქვს, ჩვენ გავუწევთ შუამავლობას შესაბამის უწყებებთან მათი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით.
- ასეთი შემთხვევები გქონიათ?
- რამდენიმე შემთხვევა უკვე იყო და მოხარულნი ვიქნებით, თუ მომავალშიც იქნება. პირდაპირ გეტყვით, რომ მაგალითად, ისრაელის სახელმწიფო აშენდა და დღესაც შენდება უცხოეთში მოღვაწე ებრაელების სამშობლოში დაბრუნების შედეგად, იმიტომ, რომ, სწორედ მათი დაბრუნებით მოხდა ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. თუნდაც ჩვენ მეზობელი სომხეთის მაგალითი ავიღოთ, რომლის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი მის ემიგრაციაზე მოდის. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სომხეთი თავისი დიასპორით ცხოვრობს და გრძნობს მის დახმარებას. სამწუხაროდ, ჩვენთან შედარებით განსხვავებული სიტუაციაა. არ არის საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც უცხო ქვეყნებში ოჯახის სარჩენად არიან წასული, მაგრამ ცოტა საწყენი და გასაკვირია, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი მილიონერი და მილიარდერი ქართველები თავიანთ თანამემამულეებს არ ეხმარებიან. ამ თვალსაზრისით, სომხეთი ჩვენთან შედარებით რამდენიმე ათეული ნაბიჯით წინ არის, როცა პროცენტული მაჩვენებლით და სტატისტიკით, მილიონერი და მილიარდერი ქართველების რაოდენობა საზღვარგარეთ სამჯერ და ოთხჯერ აღემატება შეძლებული სომეხი ემიგრანტების რაოდენობას. ქართველები „შავ მუშებად" მუშაობენ ქვეყნებში, სადაც ათი და თორმეტი ქართველი მილიონერი და მილიარდერი ცხოვრობს და მათგან ვერანაირ დახმარებას ვერ იღებს. ეტყობა, ჩვენ ერთმანეთის თანადგომა გვიჭირს და არ გვაქვს სოლიდარობა, რაც ძალიან ცუდია. ერთი და ორი კაცის ქველმოქმედება კი არაფერს უშველის, თუ ეს მასობრივი არ გახდა. სახელმწიფოს კი არა, იმ ადამიანებს დაეხმარონ, რომლებიც საზღვარგარეთ ლუკმაპურის საშოვნელად არიან წასულები. რა თქმა უნდა, სამინისტრო ვერავის ვერაფერს დააძალებს. ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ თუ სამშობლო უყვარს, მარტო იმისთვის არ უნდა უყვარდეს, რომ ეკლესია ააშენოს, იქ მისი სახელი და გვარი წააწეროს და პიროვნება წარმოაჩინოს; თუ სამშობლო უყვარს, გასაჭირში მყოფი თანამოძმეც უნდა უყვარდეს და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით რაღაც გავაკეთოთ. ვფიქრობ, რომ ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ, მისაბაძ მაგალითად უნდა იქცნენ სომეხი ბიზნესმენები. ჩემი დიდი სურვილია, ისწავლონ მათგან თუ როგორ უნდა საკუთარი სამშობლოს და ხალხის სიყვარული.
ნელი თორდია
გაზეთი „საერთო გაზეთი"