reportiori.ge - 5 გახსნილ საქმეს უფრო რეზონანსული საქმეების გახსნა მოჰყვება?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:08
პრეს-დაიჯესტი
5 გახსნილ საქმეს უფრო რეზონანსული საქმეების გახსნა მოჰყვება?
ავტორი:
04 ივნისი, 2015. 13:34


3 ივნისს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განცხადა: „გამოძიებით დადგინდა, რომ 2008-2009 წლებში საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი, ე.წ. იმერეთის უშიშროების უფროსი, კონსტანტინე არჩაია, კუდ-ის თანამშრომლების დახმარებით ეწეოდა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებისთვის თანხების გამოძალვას, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. კერძოდ, არჩაიამ მის დაქვემდებარებაში მყოფ კუდ-ის ოპერატიულ თანამშრომელს, კონსტანტინე ჭეიშვილს, მისცა უკანონო დავალება, ვინაიდან მას ესაჭიროებდა ფულადი სახსრები, ამ უკანასკნელს მოეძიებინა კონკრეტული მეწარმეები, რომლებიც შეძლებდნენ აღნიშნული თანხების გადახდას. დავალების შესრულების მიზნით, კონსტანტინე ჭეიშვილი დაუკავშირდა შპს „ლაგის" დირექტორს ლაშა კვირიკაძეს და სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების შეწირვა მოსთხოვა. ბიზნესმენმა 15 000 ლარი ჩარიცხა კუდ-თან დაახლოებული კერძო პირის, გიორგი კენჭაძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც თანხა კონსტანტინე არჩაიას ხელში აღმოჩნდა, არჩაიამ, ასევე, გამოძალა თანხა შპს „ლუქსის" დირექტორს, ზაზა ვაშაკიძეს - 100 000 ლარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამავე კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, კიდევ გადაეხადათ 10 000 ლარი. ვინაიდან კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს კონსტანტინე არჩაიას დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. დეპარტამენტი სწავლობს სხვა ფაქტებსაც, სადაც კონსტანტინე არჩაია ფიგურირებს. 2010 წლის ივნისში, შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ავტომანქანის სარკის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ თენგიზ ბურჯანაძე. პროკურატურის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, დაკავებულის დედას, ხათუნა საგანელიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და აყიდინა ავტომბილი „ტოიოტა ავენსისი" 21 000 დოლარად და „ჰიუნდაი სონატა" 47 197 ლარად. შემდეგ კი ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარი. 2010 წლის ოქტომბერში, შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ხე-ტყის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ გიორგი ჭოხონელიძე. საქმის ზედამხედველმა პროკურორმა ბრალდებულის ძმა - ლაშა ჭოხონელიძე დაიბარა პროკურატურაში, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვა და აყიდინა 47 000 ლარად ღირებული ავტომანქანა „ჰიუნდაი IX35". შემდეგ კი ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარი. 2010 წლის ოქტომბერში, შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ ზაქრო ოდიშვილი და გოჩა ნიკოლეიშვილი. უფროსის მოადგილემ ბრალდებულების ნათესავებს, მაგდა ბაგრატიონსა და მაია ბოცვაძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვა და აყიდინა „ტოიოტა ლენდკრუიზერი" 34 000 დოლარად. შემდეგ ბრალდებულებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, პირობით მსჯავრზე და მათ დაეკისრათ ჯარიმა 10 000 ლარი. აღნიშნული ავტომანქანით პოლიციის ხსენებული მაღალჩინოსანი სარგებლობდა. გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული სამი საჯარო მოხელიდან ორის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება".


როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, უკვე დასახელებული ქონება დაზარალებულებს დაუბრუნდებათ და, ალბათ, იმასაც ხვდებით, რომ ეს ზღვაში წვეთიც კი არ არის. რაც ახლა ხდება, ეს საზოგადოების დამსახურება და ზეწოლის შედეგია. თუმცა მაინც კარგია, რომ პროცესი დაიწყო და იმედია, აღარ გაჩერდება თუნდაც „ნაციონალების" ყვირილის შიშით, როგორც მოსალოდნელი იყო, ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან თარხნიშვილმა უკვე გაახმოვანა „ნაციონალების" პოზიცია და განაცხადა, რომ პროკურატურა დაკავებული უნდა იყოს არსებულ კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლით, რასაც ის, სამწუხაროდ, არ აკეთებს:


„იქ, სადაც დარღვეულია და თუ არის დარღვეული მოქალაქის უფლებები, ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს მყისიერად და ამისთვის არ არის საჭირო რაღაც დეპარტამენტის შექმნა, ამისთვის არ არის საჭირო სამი წელიწადი. პროკურატურა თავის მხრივ უნდა იყოს დაკავებული არა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით და პოლიტიკური პიარით, არამედ დღეს არსებულ კრიმინალთან ბრძოლით".


თარხნიშვილის აზრით, ქონების დაბრუნება არის პიარი და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. კი, ბატონო, ოღონდ 22 ათას დაზარალებულს საქართველოში ქონება დაუბრუნონ, ოღონდ ამდენივე „ნაციონალი" ნაძირალა დაისაჯოს და იყოს პიარი. ჩვენს მოსახლეობას დღეს აინტერესებს შედეგი და სულაც არ არის მთავარი, ვინ დაიწერს ქულებს.


„შენ კარგად იცი, რომ ბოლო ორი წელია, მე სულ ქონების დაბრუნებასა და ავაზაკების დასჯაზე ვლაპარაკობ. არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ მე თავად ვარ დაზარალებული ადამიანების ადვოკატი. ერთი პერიოდი ახლად შექმნილ დეპარტამენტშიც იყო  პრობლემები, ადამიანებს სთხოვდნენ, ხელახლა შეეტანათ საქმეები, მეც შევიტანე, მაგრამ, როგორც ვხედავ, ახლა სიტუაცია, ასე თუ ისე, დალაგდა.


მართალია, ათი ათასობით საქმის გამოძიება და შედეგების დადება რთული იქნება, მაგრამ დეპარტამენტმა როგორმე თავი უნდა გაართვას. რაც შეეხება „ნაციონალების" ფუსფუსს, რა თქმა უნდა, ახლა ბევრს შეუწუხდება გული და ამ ყველაფერს პოლიტიკურ დევნად მონათლავენ, მაგრამ პირიქით რომ მომხდარიყო, ის გამიკვირდებოდა. არსებობს ბევრი საქმე, რომელსაც გამოძიებაც კი აღარ სჭირდება, მხოლოდ პროკურატურის დასტურია საჭირო. ასეთ საქმეებს დავდებ, რათა გამოაქვეყნოთ და ჩვენს მოსახლეობას გაუჩნდეს იმედი. თუ რა ხდება „ნაციონალებში" და რატომ ფორიაქობენ ასე, ამაზეც ვისაუბრებ ღიად".


კულუარული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში ამ საქმეებს მოჰყვება უფრო რეზონანსული საქმეების გამოაშკარავება და დანაშაულის ჩამდენი ყოფილი ჩინოვნიკებიდან ვინ ვისზე და რა ჩვენებას მისცემს, ალბათ მალე  გავიგებთ. როგორც ჩანს, ეს უკვე იციან ჩვენი „მთავარი" ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ამიტომაც გარბიან უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დირექტივების მისაღებად. ამაზე მამალმა „ნაციონალმა", მიხეილ მაჭავარიანმა უკვე ღიად განაცხადა.


ახლა ჩავლენ უკრაინაში „ოპოზიციონერები" და მოახსენებენ თავიანთ „ნაჩალნიკს", როგორ დაიწყო უნიათო ხელისუფლებამ ქონების დაბრუნება, რომ დაიწყო „პატიოსანი" ადამიანებს დაჭერები და ასე შემდეგ. ვნახოთ, რა „ბაგაჟით"  დაბრუნდებიან უკრაინიდან ჭკუადარიგებული „ნაციონალები" და რას დაუპირისპირებენ სამართლიანობის აღდგენას. ისე, ცუდ დროს დაკარგეს კრეატიული რეჟისორი გოგა ხაჩიძე, ბოლო დროს ისინი აშკარად განიცდიან იდეების დეფიციტს.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016