მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილს იწვევს დუელში და მას დაჭერით ემუქრება, - ბოლო ცენტსაც მოგატანინებ, ზიმბაბვეში რომ იყო, იქაც ჩამოგაკითხავ და გიპოვიო... მაშ ასე, ძალიან დიდი ომი დაიწყო პოლიტიკურ რინგზე - ბიძინა და მიშა, მიშა და ბიძინა... ვინ დარჩება მოგებული, ამის განჭვრეტა დღეს ძნელია, თუმცა ყველაფერი ოდესაზე გადის. ოდესა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ან მაფიასთან მებრძოლის სახელი უნდა დაიმკვიდროს, ან სამარადისოდ დამარცხდეს... თუმცა სააკაშვილმა „არჩევანისთვის" მიცემული ინტერვიუთი უკვე ბევრი კითხვა გააჩინა.
რატომ დუმს ხელისუფლება? რატომ არის არაადეკვატური და რატომ თვლის, რომ მხოლოდ იმის ძახილით, - „მიშას დავიჭერთო", მთავარ მისიას შეასრულებენ?
„ალიას" კითხვებს პასუხობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე:
- მოდით, ემოციების გარეშე შევაფასოთ მოვლენები, წარმოვიდგინოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შევხედოთ ცივი გონებით, რას აკეთებს ის? რა აქვს ჩაფიქრებული? რისთვის ემზადება და ა.შ. სიტუაცია ასეთია, - როგორც არ უნდა მოიქცეს უკრაინა, პუტინი გააკეთებს იმას, რის შესაძლებლობასაც მას დასავლეთი მისცემს. ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, ოდესის ოლქი რა არის დღევანდელი უკრაინისთვის, როდესაც მას ყირიმი აღარ აქვს. ოდესის გვერდით არის სუპერსტრატეგიული სამხედრო გემსაშენი, ქალაქი ნიკოლაევი, რუსეთის ახალი სამხედრო ფლოტის განვითარების დოქტრინა ითვალისწინებს, რომ ავიამზიდების მშენებლობა დაიწყონ. განსაკუთრებით ეს საკითხი გადაწყდა მას შემდეგ, რაც „მისტრალის" გადმოცემის საკითხი ჩაიშალა. ამ რეგიონს პუტინი იოლად არ დათმობს, ეს პოროშენკოსაც ესმის, მის დასავლელ სპონსორებსა თუ მეგობრებს და რასაკვირველია, რაკი სააკაშვილი დასთანხმდა ოდესის ოლქის გუბერნატორობას, მას აუხსნეს რიგი საკითხები და მიშამაც ძალიან კარგად იცის, რა მძიმე ტვირთი წამოიკიდა. ეს არის ჯოჯოხეთური რისკი, სააკაშვილმა აზარტულ მოთამაშესავით ყველაფერი ფსონის სახით დადო. არა აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი გაატარებს რეფორმას, კორუფციას მოსპობს, სამუშაო ადგილებს შექმნის, თუ რას იზამს, გადამწყვეტი არის ის, გაძლებს თუ არა წლის ბოლომდე... და თუ ის მოახერხებს, რომ შეინარჩუნოს პოზიციები, მისი აქციები კოსმოსამდე ავარდება. და თუ - არა, როგორც ჩანს, მას მეტი შანსი აღარ ექნება. ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება.
რუსეთი რომც არ იყოს, მე არ ვიცი, ოდესაში სააკაშვილმა რა კრეატიული თვისებები უნდა გამოავლინოს ისეთი, რომ ის ოდესელებმა მიიღონ. მე ამ ქალაქს ძალიან კარგად ვიცნობ, აქ ოსტაპ ბენდერის სული ტრიალებს, ამ ქალაქში არის უდიდესი პორტი, უდიდესი მაფიოზური კლანები, ძნელად წარმომიდგენია, სააკაშვილი მოერიოს ამ მაფიოზებს, სადაც ფსონს დებენ მილიარდებზე. ეს არ არის ღატაკი საქართველო, სადაც შეიძლება კაცმა 200-300 მილიონი იშოვო, მერე მოვიდეს მიშა და დაგიჭიროს. სააკაშვილმა განაცხადა, 27 რაიონის ხელმძღვანელიდან 24 ხელმძღვანელს გავათავისუფლებო. ამ 24 გაბოროტებული ადამიანის ზურგსუკან წარმოიდგინეთ, რამდენი 24 კაცი დგას, ვინც ძალიან დიდ ფულს შოულობდა. მის ინტერვიუს ვუსმინე, გაკვრით თქვა, გამაფრთხილეს, „კანონიერი ქურდები" შეიკრიბნენ ჩემს წინააღმდეგ, „სხადნიაკი" ჰქონდათო... ოდესელი ქურდები ძალიან განსხვავდებიან ქართველი ქურდებისგან, მათთან დაპირისპირება იოლი საქმე არ არის, მიშამ რაც არ უნდა გაიძლიეროს დაცვა, შევახსენებ, რომ ოდესაში ციხიდან ორჯერ გაიტაცეს მთავარი პროკურორი, ერთ შემთხვევაში გამოსასყიდი გადაიხადეს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პროკურორი მოკლეს. ოდესა ტრადიციულად ქურდების ქალაქი იყო.
- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, როცა სააკაშვილის ინტერვიუს ისმენდით? ემზადება ის საქართველოში დასაბრუნებლად, შეძლებს ამას? ბიძინა ივანიშვილს ემუქრება. ფაქტობრივად, ვითარება ისეთია, რომ სროლა დასწრებაზეა - მიშა დაასწრებს თუ ბიძინა. ივანიშვილი გადაყლაპავს სააკაშვილის ამ მუქარას?
- სააკაშვილის მომავალი საქართველოში დამოკიდებული არ არის ქართველ ხალხზე იმდენად, რამდენადაც ეს დამოკიდებულია „ქართული ოცნების" მუშაობაზე. პოლიტიკა ბევრ რამეს პატიობს, მაგრამ ღარიბ ქვეყანაში იმედგაცრუებებსა და შეუსრულებელ დაპირებებს - არა... როდესაც შენ ძალიან მშიერ ადამიანს ჰპირდები, მოვალ და ცხოვრებას შეგიმსუბუქებო და ის ღარიბი, მშიერი ადამიანი სამი წლის შემდეგ ისევ მშიერი გყავს, აი, ამას არ გპატიობს ამომრჩეველი... პოლიტიკას თავისი ანატომია აქვს, ბიძინა ივანიშვილის შეცდომა არის ის, რომ გარშემო გაკოტრებული პოლიტიკოსები შემოიკრიბა, რომელთაც არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდათ.
რამდენადაც „ქართული ოცნება" ცუდად იმუშავებს, მით მეტად გაიზრდება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შანსები. მიშას თითქმის სრული ინფორმაცია აქვს, იცის დეტალები, რა და როგორ ხდება აქ. მის ინტერვიუს ახლა არ შევაფასებ, სად იყო ტრაბახი, სად მოიტყუა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ მიშა არ არის 70 წლის, რომ ვერ მოიცადოს. რა მოხდება 10 წლის მერე საქართველოში, არავინ იცის. შეიძლება ამ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის" შეცდომები და მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ხალხს დავიწყებული ჰქონდეს.
როდესაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილს ბოლომდე ჩაჰყვება და ბოლო კაპიკსაც მოატანინებს და დაკარგულ დროსაც აინაზღაურებს, იცით, ამით რას უსვამს ხაზს? მას სურს, რომ რაც შეიძლება ნაკლები მტერი ჰყავდეს საქართველოში და ხალხისადმი არის გზავნილი, - ნუ გეშინიათ, ჩემი დაბრუნების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის გარდა, შურს არავისზე ვიძიებო...
ძალიან ცუდი ტენდენცია იკვეთება, ორივე მხარე - ბიძინაც და მიშაც, პიროვნულად უპირისპირდებიან ერთმანეთს, აქ პირადულობის ელემენტები სჭარბობს. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს მუქარას არ აპატიებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიძინას მოკლე ხელი აქვს და მიშას ვერ მისწვდება. თუმცა მეორე მხრივ, თუ ქვეყანაში საქმე ისე წავიდა, როგორც დღეს არის, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. მართალია, დიდი შეღავათი ივანიშვილისთვის არ არის, მომავალ არჩევნებში მიშა გაიმარჯვებს თუ სხვა, რადგან კარგი დღე არც მას დაადგება.
- თუ ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს დაინახავს, რომ არამარტო მის გუნდს, თავად პიროვნულადაც სერიოზული პრობლემები და საფრთხეები ემუქრება, პოლიტიკაში დაბრუნდება?
- მე ვშიშობ, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვა გზა აღარ ექნება, გარდა იმისა, დაბრუნდეს პოლიტიკაში, მაგრამ მას უფრო რთულ პირობებში მოუწევს დაბრუნება, ეს არ იქნება თეთრ ცხენზე ამხედრებული დაბრუნება. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ხელისუფლებიდან საკუთარი ფავორიტების გარეკვა, გარდა ამისა, მას სათადარიგო მოთამაშეთა სკამი თითქმის არ აქვს, თქვენი ოფისისხელა ბილბორდი აქვს გამოკრული გამზარდიასი, რომელსაც გადაცემა „20/30" მიჰყავს და მოიაზრება „ქართული ოცნების" ახალ სახედ. თუ მის იმედად არის ბიძინა ივანიშვილი, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.
მინდა გითხრათ, რომ გამზარდიასგან არაფერი გამოვა, გარდა იმისა, რომ დაუჯდეს ბიძინას და ჩაწყობილი კითხვები დაუსვას.
მე არ ვიცი, შეიცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილი მკვეთრად კურსს, მან ბევრი რამ ისწავლა პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, აცნობიერებს საფრთხეებს და რამდენადაც ხმები გამოდის, არცთუ აღფრთოვანებულია თავისი კადრებით. ან როგორ შეიძლება იყო აღფრთოვანებული ამ მინისტრებით, შეხედეთ, ვინ ჰყავს, მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილსაც არ უნდა, აღიაროს ამდენი შეცდომა. როგორ, ალასანიაში შეცდა, მარგველაშვილში შეცდა, ნარმანიაში შეცდა... თავად ამბობს, რომ თბილისის მერი ინერტულია და თბილისელებს ვერ გაუგოო. ინერტული ზარმაცს ნიშნავს და თუ თბილისელებს ვერ გაუგო თბილისის მერმა, მაშინ რას ზის მერის სავარძელში?!. მე მაქვს მოლოდინი, რომ „ქართულ ოცნებაში" მოხდება განახლება...
- საუბარია, რომ უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე შეცვლის და მერე რა, თქვენი აზრით, იქნება შედეგი?
- საგანელიძე უნიკალური მოვლენაა, რამდენჯერ თქვა მივდივარ პოლიტიკიდან ბიზნესშიო და ახლა გამოდის და ამბობს, არსად აღარ მივდივარ, პოლიტიკაში ვრჩებიო. როგორც ჩანს, ბიძინასთან ჰქონდა შეხვედრა, ალბათ, არ უნდა ბიძინას, შეცვალოს ასე უბრალოდ უმრავლესობის ლიდერი, რომელიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო.
- რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება, „ნაციონალური მოძრაობა" გაქრება რადარებიდან და მიშა სხვა პარტიას გააკეთებს?
- რასაკვირველია, „ნაციონალები" აგონიაში არიან, განსაკუთრებით, იმ ოთხი ლიდერის წასვლის შემდეგ. ჩემთვის ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის ელჩმა მიიღო, აბა მოდით და თქვენ მოითხოვეთ ამერიკის ელჩთან შეხვედრა, შეგხვდებათ? რა თქმა უნდა არა... საქმე ის გახლავთ, რომ ამერიკელები აქ ეძებენ სამარქაფოს, თავის კადრებს. საერთოდ, ამერიკელების ხელწერა ასეთია, - მესამე სამყაროს ქვეყნებში მათ ჰყავთ თავიანთი მმართველი ძალა, პარალელურად ისინი ამზადებენ სათადარიგო გუნდებს, დღეს მათ სათადარიგო აღარ ჰყავთ... „ნაციონალების" ხომალდი იძირება, ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ „ნაციონალებსაც" მომავალში რაიმე პერსპექტივა აქვთ, ასე, რომ წინ საინტერესო მოვლენები გველოდება...
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია"