reportiori.ge - არჩევანი ორ „პროს“ შორის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:39
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
არჩევანი ორ „პროს“ შორის
ავტორი:
04 ივნისი, 2015. 16:25


საქართველო მედიატერორის გარემოში ცხოვრობს. ამ მოსაზრებას საზოგადოებაში, შეიძლება ითქვას, მოწინააღმდეგე არ ჰყავს. და მერე რა, რომ არ ჰყავს? გონების კარნახიც და ინსტინქტიც ადამიანს იმისკენ უბიძგებს, რომ ტერორისგან, ძალადობისგან თავი დაიცვას. როგორ ახერხებს ამას ჩვენი რიგითი მოქალაქე? იღებს ყველაზე მარტივ გადაწყვეტილებას და „პროტესტის ნიშნად" არ უყურებს „საფრთხის შემცველ" გადაცემებს (ძირითადად, პოლიტიკურ და ე.წ. სოციალურ თოქ-შოუებზეა საუბარი).



საქმე ისაა და პრობლემაც ისაა, რომ ამ ხერხით „თავის დაცვა", უბრალოდ, თავის მოტყუებაა, სირაქლემას პოზაა. ზემოხსენებული ტერორი ამ შემთხვევაშიც წარმატებით აგრძელებს გონებასა და თავმოყვარეობაზე (ღირსებაზე) ძალადობას. უკვე ის ფაქტი, რომ ვიღაცამ გაიძულა, საკუთარი უფლება შეიზღუდო საკუთარივე გადაწყვეტილებით, უაღრესად დამამცირებელი ნაბიჯია და  მოძალადე ამ შემთხვევაშიც აღწევს მიზანს.



საზოგადოების ამოცანაა, ემსახუროს სახელმწიფოს ინტერესებს. იმავე ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს მედიასაშუალებათა მესვეურებისა და ჟურნალისტების ყოველი საქმიანი წუთი... რეალობა მეტად სავალალოა. დევიზი (მოქმედების პრინციპი) - „მეტი ინტრიგა, მეტი სენსაცია, მეტი სკანდალი" - ანგრევს როგორც ცალკეული ტელემაყურებლის, ისე მთლიანად საზოგადოების ცნობიერებას, თიშავს და ანაწევრებს მას, ბადებს ნიჰილიზმსა და უიმედობას, იწვევს სიძულვილსა და აგრესიას, ქვეყანაში ქმნის მტრულ გარემოს.



„მეტი ინტრიგა, მეტი სენსაცია, მეტი სკანდალი" და... არავითარი სახელმწიფო ინტერესი...



ერთი საინტერესო დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ: ჩემს მიერ სხვადასხვა ფორმით გამოკითხულ ასამდე ადამიანის თითქმის სრულ უმრავლესობას მიაჩნია, რომ „რუსთავი 2"-სა და „იმედის" პოლიტიკური თოქ-შოუები მათზე უარყოფითად ზემოქმედებს. ამ ადამიანთა შეხედულებითვე, ეს გადაცემები ხელს არ უწყობს ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორებას და არც მოქალაქეებს და არც ხელისუფლებას არ ეხმარება პრობლემების დაძლევაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი „აღიარება" ის გახლავთ, რომ ჩემს მიერ გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა, „ნერვების გაფრთხილების მიზნით", ცდილობს, არ უყუროს ამ მრავალჟანრობრივ შოუებს.



ბუნებრივად ჩნდება კითხვა, - მაშ, საიდან მოდის ეს რეიტინგები? უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი საზოგადოება ან ტყუის (უყურებს ამ გადაცემებს და არ ამხელს, რადგან ეშინია, ცუდ ტონად არ ჩაუთვალონ), ან რეიტინგები იანგარიშება არასწორი მეთოდოლოგიით (პულტით გადართვა-გადმორთვაც სათვალავშია), ან სულაც რეიტინგში არ არის საქმე და... მე უფრო ამ უკანასკნელისკენ ვიხრები.



რეიტინგი კონკურენციაში წარმატების პირობაა, კონკურენციაში წარმატება - მატერიალური კეთილდღეობის. ბიზნესის ამ ფორმულიდან გამომდინარე, საბოლოო მიზანი დიდი ფულის შოვნაა. ვსვამ მარტივ კითხვას: თუ გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც ცუდ, უხარისხო პროდუქტში გადაიხდის, რადგან ამ გზითაც შეეძლება თავისი კერძო ინტერესის დაკმაყოფილება (როგორც ზემოთ აღვნიშნე, არხიდან არხზე გადართვაც გონებაზე და ცნობიერებაზე ზემოქმედების შედეგია), განა ცოტა გეგულებათ ისეთი ტელევიზია, „ხელის დასვრას" რომ არ მოერიდება?



ისიც კარგად არის ცნობილი, რომ „ვინმე ისეთს" ძებნა არ სჭირდება, შორს არ წასულა. განა საკითხავია, ვის ინტერესშია საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და უიმედობის თესვა, მტრული გარემოს შექმნა, სიძულვილისა და აგრესიის გამოწვევა? მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებული „ნაციონალური მოძრაობისთვის" გადარჩენის ერთადერთი გზა სახელმწიფო გადატრიალებაა და ის, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.



სამწუხაროდ, დიდი არეულობის პერსპექტივას ვერ განვიხილავ როგორც მხოლოდ თეორიულ ვარიანტს. ამას რამდენიმე საფუძველი აქვს: ქვეყნიდან გაზიდული მილიარდები (ამაზე ქვემოთ); გაურკვეველი (მუდმივ მოძრაობაში მყოფი) ჩრდილო-დასავლური ინტერესები (ჩრდილო - რუსეთის სახელმწიფო ინტერესები; დასავლური - გარკვეულ ტრანს-ეკონომიკურ სუბიექტთა პოლიტიკური ინტერესები); საქართველოს სუსტი ხელისუფლება (მრავალ ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო); ვერშემდგარი სამოქალაქო საზოგადოება.



ჩვენთვის უცნობია, პოლიტიკური თამაშის „წესებიდან" გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით, სად გადის ხელისუფლების შესაძლებლობების ზღვარი, ე.წ. წითელი ხაზები. მაგრამ უსაზღვროა საზოგადოების შესაძლებლობები, რომლის გამოყენებაც, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. სამოქალაქო საზოგადოება სუსტია, მას არა აქვს თვითორგანიზების უნარი. არადა, საქმე ბევრია. საზოგადოების ინერტულობა არის ის ფონი, რომელიც მოძალადე რეჟიმის ნარჩენებს აძლევს ნაპერწკლების გაღვივების საშუალებას.



ქართულ ტელესივრცეში ამინდს დღესაც „რუსთავი 2" ქმნის, განვლილი წლების ყველა სისტემური დანაშაულის აქტიური მონაწილე. „შავი თეთრია და თეთრი - შავი" - ამ ტალღაზეა აწყობილი ფართო წვდომის მქონე ყველა ტელეკომპანიის საქმიანობა. ინერციამ ისეთი ძალა შეიძინა, რომ პოლიტიკურ გაერთიანებათა უმრავლესობა, საკუთარი პარტიული ინტერესების საზიანოდ (საზოგადო ინტერესს რომ თავი დავანებოთ), აქტიურად არის ჩართული ამ ბოროტების მანქანის მუშაობაში.



ძნელია იმაზე საუბარი, რა შეიძლება მოიმოქმედოს ხელისუფლებამ ამ არანორმალური ვითარების გაჯანსაღებისთვის, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ გულხელდაკრეფილობა არც მას და არც ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ყველას ერთად დაგვავიწყდა, რომ ჩვენი დედასამშობლო საომარ მდგომარეობაში იმყოფება, ჩვენს ტერიტორიებზე მტრული სახელმწიფოს სამხედრო შენაერთებია განლაგებული... და ამ საგანგებო ვითარებაში ქართული ჟურნალისტიკის ყველაზე ცნობადი სახეები იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, ვინც ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა, ძალას და ენერგიას არ იშურებენ და ფაქტობრივად, ხელისუფლების ძირგამომთხრელ საქმიანობაში არიან ჩართული.



როცა ვამბობ, ძნელია, ხელისუფლებას რამე ვურჩიოთ-მეთქი, იმას ვგულისხმობ, რომ არ ვიცით, ჩვენი რჩევები ზემოთ ნახსენები წითელი ხაზების გარეთ მოხვდება თუ შიგნით, თორემ სარჩევის მეტი რა არის. სამაგალითოდ ერთს გამოვყოფდი, რომლის ხორცშესხმაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული: რატომ არ ხდება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება? მითუმეტეს, როცა საქმის ნახევარზე მეტი უკვე გაკეთებულია ჩვენი პარტნიორების მიერ (ტალიავინის კომისიის დასკვნა მაქვს მხედველობაში). ნაცვლად იმისა, რომ მრავალ დანაშაულში უკვე მხილებული რეჟიმი „კედელთან ჰყავდეს მიყენებული", ხელისუფლება თვითონ იყენებს თავს თავის მართლების რეჟიმში.



საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ხელისუფლება მუდმივად ცდილობს „დაუმტკიცოს" „ნაცების" პროპაგანდისტულ მანქანას, რომ „მათსავით" პროდასავლური ორიენტაციისაა და ეს ხდება იმ პირობებში, როცა საქმეში ჩახედული ნებისმიერი ქართველისთვის ცხადზე უცხადესია, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სარუსეთო დავალება შეასრულა. თუნდაც ეს ერთი ფაქტი სრულიად საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ თამაშის წესებს „ნაციონალური მოძრაობა" განსაზღვრავს და ამისთვის, მის „ლაბორატორიებში" მომზადებული „საშინაო დავალებების" მეშვეობით, წარმატებით იყენებს სატელევიზიო ტერორს.



ეპიზოდი „იმედის" ერთ-ერთი საკვირაო თოქ-შოუდან:     



- როგორ, რუსეთი აკონტროლებს „ნაციონალურ მოძრაობას"?! - შეშფოთებანარევი გაკვირვებით აღმოხდა მრავლისმცოდნე და მრავლისმნახველ ინგა გრიგოლიას.



- კარგით რა?! - შეშფოთებანარევი გაკვირვება ხაზგასმული აღშფოთებით შეკმაზა არანაკლებ მცოდნე და გამოცდილმა შალვა რამიშვილმა.



ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი გამოთქმა რომ ვიხმარო - „ბნელა?!" ან კიდევ - „დებილების სკოლაა?!" (ესეც ჩემი ახალგაზრდობის დროინდელია) - დაახლოებით ასეთი რეაქცია ექნებოდა ცნობილი ტელეწამყვანების ზემოთ ციტირებულ „რეაქციებზე" პოლიტიკურ პროცესებში მეტ-ნაკლებად გარკვეულ ტელემაყურებელს. ყვითელი მედია გამიგია, მაგრამ ასეთი?! და თანაც ამდენი?!  ცალკეული ყვითელი მედიასუბიექტი, თავისთავად, პრობლემა არ არის. პრობლემა ისაა, რომ არაყვითელი ტელემაუწყებლობა არ არსებობს, ანუ ყველა მეტ-ნაკლებად ყვითელია.



(სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ არის ერთი გამონაკლისი (GDS-არხი მაქვს მხედველობაში)... მისი მესვეურების მიზანი, აქცენტები გადატანილ იქნას პრობლემების შინაარსზე და არა გარჩევებზე „გამიშვი-გაგიშვის" ფორმატში, აშკარად მისასალმებელი წამოწყებაა (მესმის, ძალიან უხერხულად ჟღერს ეს სიტყვა 21-ე საუკუნის 10-იან წლებში, მაგრამ ასეთია ჩვენი რეალობა). ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ გადაცემათა უმრავლესობა, ჯერჯერობით, რბილად რომ ვთქვათ,  ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და კონკურენციაშიც ძალიან უკანაა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საწყისი ეტაპის პრობლემებია.)



მოდით, ისევ 2008 წელს დავუბრუნდეთ, მივყვეთ ქრონოლოგიას და მხოლოდ შიშველი ფაქტებით ვილაპარაკოთ. პროცესი 2004 წლის 6 მაისიდან იღებს დასაბამს. თეთრ ცხენზე მჯდარმა (თუ დასმულმა) სააკაშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად ბათუმიდან „დააანონსა", რომ სექტემბერში ცხინვალში შევიდოდა, ხოლო 23 ნოემბრის გიორგობას სოხუმში აღნიშნავდა. ამის შემდეგ დაიწყო, (საღი აზრის პოზიციებიდან სრულიად უაზრო), თანმიმდევრულ აქტივობათა სერიალი, რაც მთლიანად 8 აგვისტოს შემზადებას ემსახურებოდა, სწორედ იმ დასასრულით, რა შედეგიც მივიღეთ:


პირველი იყო ერგნეთის ბაზრობის, ქართულ-ოსური თანაცხოვრების ერთგვარი ხიდის, გაუქმება, რასაც მოჰყვა (მთელი ზაფხულის განმავლობაში) პროვოკაციათა ჯაჭვი - ავანტიურისტული, უგუნური გამოხდომები, იარაღის ჟღარუნის თანხლებითა და მძიმე შედეგებით. ამ ყველაფერს სამარცხვინო და საბედისწერო ფინალი ჰქონდა: ყველას მწარედ გვახსოვს, ქართულუნიფორმიანი, მუხლებზე დაჩოქილი რამდენიმე ათეული ახალგაზრდა და კვლავ მტრობაში გადაზრდილი, რის ვაივაგლახით აწყობილი ყოფითი კავშირ-ურთიერთობები.



შემდეგ, კოდორის ხეობისთვის (დალის ხეობისთვის) ახალი სახელის - ზემო აფხაზეთის(?) დარქმევა და ცხინვალის რეგიონისთვის (სამაჩაბლოსთვის) ძველი, საბჭოთა პერიოდის სახელისა და ფაქტობრივად, საბჭოურივე სტატუსის დაბრუნება;



შემდეგ, კოდორის ხეობაში, ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული შეიარაღებული რაზმის, „მონადირის" გაუქმება და სამთავრობო ნაწილების შეყვანა (უდიდესი პროვოკაცია, საერთაშორისო მანდატით მოქმედი რუსი სამშვიდობოების პირობებში);



(აქ ერთი ჩანართი უნდა გავაკეთო: მაშინდელი ხელისუფლების მიერ კოდორის ხეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და შესაბამისი მოქმედებები მაშინვე, საგანგებო ბრიფინგზე, დაგმო ირაკლი ბათიაშვილმა და მის თანამოაზრეებთან ერთად გამოთქვა ვარაუდი, რომ ხელისუფლება ამზადებდა პროვოკაციას ხეობის რუსებისთვის ჩაბარების მიზნით. მეორე თუ მესამე დღეს ბათიაშვილი დააპატიმრეს შეთითხნილი ბრალდებით. ამ დროს, მაშინდელი ე.წ. ოპოზიციის ნაწილმა აქტიურად დაუჭირა მხარი სააკაშვილის „პრინციპულ" ნაბიჯებს, (განსაკუთრებით „რესპუბლიკელები" გამოირჩეოდნენ და კიდევ უფრო განსაკუთრებით - დღევანდელი თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი), ნაწილი კი „ბუჩქებში" გაუჩინარდა.)



შემდეგ იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიაში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება (დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ანალოგიური არჩევნების პარალელურად). ამ აქტით, ნაცხელისუფლების მიერ, ფაქტობრივად მოხდა, როგორც მის მიერვე აღდგენილი ავტონომიური წარმონაქმნის, ისე დე ფაქტო მოქმედი პრეზიდენტის უფლებების (სტატუსების) „გაპრავება". ამ ყველაფერს მუდმივად ფონად სდევდა ფსევდოაგრესიული რიტორიკა (როგორც წესი, მსგავსი თამაშების ნაწილია და რეალური გეგმის შენიღბვას ემსახურება), როგორც ოსური მხარის, ისე რუსეთის უმაღლესი ხელისუფალის მისამართით.



იმავდროულად, პარალელურ რეჟიმში, ფართოდ ეხსნება კარი რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს. ინტერვენცია იმდენად მასშტაბურია, რომ ქართველი ეკონომისტები არ ერიდებიან ისეთი მძაფრი შეფასებების გაკეთებას, როგორიცაა - „საქართველოს ეკონომიკის საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფოს ხელშია". მართლაც, კომენტარი ზედმეტია.



უაღრესად საყურადღებოა ის გარემოება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილს გვერდიდან არ მოშორებია ათეული წლების განმავლობაში ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსეთის მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკი, ამ ქვეყნების სპეცსამსახურების განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი თემურ ალასანია. საინტერესოა, რომ მისი როლი ოფიციალურად იყო გამყარებული მრჩევლის სტატუსით და არც ის იყო დამალული, რომ საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებზე მეტი გავლენით სარგებლობდა პრეზიდენტის კარზე. (თემურ ალასანია დღესაც რუსეთის ერთგულ მოქალაქედ რჩება და კითხვაც არ უნდა იბადებოდეს, ვის ინტერესებს დაიცავდა რუსეთ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობების პირობებში.)



ყველაფერი, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი, უტყუარი ფაქტებია. მათ ერთობლიობას და მოვლენათა განვითარების ლოგიკას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ გეგმაზომიერად ხორციელდებოდა აგრესორი სახელმწიფოსთვის ჩვენი ტერიტორიების გადაცემის პოლიტიკა.



ბუნებრივია, პასუხს მოითხოვს კითხვა - რა აუცილებლობა, უფრო სწორად, რა იძულება განაპირობებდა ამ მძიმე არჩევანს?



ქართულ პოლიტიკაში პროდასავლური, ან პრორუსული არ არის ღირებულებითი კატეგორიის ცნებები. ისინი აღნიშნავენ ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მზადყოფნას, თავის სამშობლოში     ემსახუროს აშშ-ის, ან რუსეთის ინტერესების გატარებას. ქვეყნის ბოლშევიკურ-ნაცისტური მეთოდებით მმართველი სააკაშვილის პროდასავლურობაზე საუბარი დასავლური ფასეულობების (თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია) შეურაცხყოფაა. სააკაშვილის და მსგავსი მენტალური წყობის ადამიანებისთვის ყველაფერს პირადი ინტერესი, პირადი ამბიცია განსაზღვრავს. როცა პირადი ინტერესი და ამბიცია წინ უსწრებს სახელმწიფო ინტერესებს, ეს ინტერესი და ამბიცია ავადმყოფურია.



ძალაუფლების ხიბლით შეპყრობილი ადამიანი (ადამიანები) ბევრ რამეზეა წამსვლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი ხელისთვის, რუსული იქნება ეს თუ ამერიკული (ან ო რ ი ვ ე  ე რ თ ა დ), სურვილის შემთხვევაში, ადვილია მისი (მათი) მართვა.



ამავე კონტექსტში, განსაკუთრებული ადგილი უკავია ფულის თემას. ცნობილია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გამოყოფილი იყო რამდენიმე მილიარდი დოლარი. კითხვა ამ თანხის მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით აგვისტოს ომამდეც ხშირად ისმოდა,  ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციის შემდეგ მან კიდევ უფრო მძაფრი ჟღერადობა შეიძინა. მართლაც, სად იყო ის შეიარაღება და ქართული სარდლობის ის შემართება, რომელსაც „ყველა მტერთან გამკლავება შეუძლია"? (სააკაშვილის სიტყვებია). არახალია, ძველია, რომ ომზე მდიდრდებიან. ისიც არახალია, რომ „ომი ყველაფერს ჩამოწერს".



იარაღის თემა და მასთან დაკავშირებული მილიარდები შესაბამის უწყებათა კვლევის საგანია. ადვილი შესაძლებელია, რომ მან საერთაშორისო მასშტაბიც შეიძინოს, რადგან, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში წარმოჩნდება ხოლმე ზემოთ ხსენებული ტრანს-ეკონომიკური ინტერესები უარყოფით კონტექსტში. შეხსენებისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ ღიად გაიჟღერა თემურ ალასანიას სახელმაც (მხედველობაში მაქვს ირაკლი კაკაბაძის უაღრესად საყურადღებო, მამხილებელი პუბლიცისტური წერილები).



აუცილებლად შესასწავლია ომის შემდგომი პერიოდის მოვლენათა განვითარებაც. ავადსახსენებელი აგვისტოდან გარკვეული დროის შემდეგ მოვისმინეთ აშშ-ის მაღალი პასუხისმგებლობის პირების - კონდოლიზა რაისის, ჯონ ტეფტის და თქვენ წარმოიდგინეთ, მეთიუ ბრაიზას - „გულისშემძვრელი აღსარებები", თუ როგორი უმართავი (ყველაზე რბილი შეფასებით) გახდა „მიშა" აგვისტოს წინა პერიოდში. მოდით და ნუ გაგვიკვირდება, რომ „უმართავმა", ზემოთ ჩამოთვლილი შემფასებლების უშუალო ჩართულობით, ომის ზარალის სალიკვიდაციოდ, დამატებით, დახმარების სახით, პირად განკარგვაში მიიღო 4,5 მილიარდი დოლარი, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაცხელისუფლების გაძლიერებას უფრო ხმარდებოდა, ვიდრე მძიმე პრობლემების მოგვარებას.



ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე საუბრის დროს იმ დასვნამდე მივდივართ, რომ საქართველო ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების ასპარეზია, გარკვეული თამაშის წესების დაცვის პირობით, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი რომელიმეს აქტიურობა მტკივნეული შედეგების მომტანი არ უნდა იყოს მეორეს ინტერესებისთვის (მსგავსი პროცესებია უკრაინაშიც). ყოფით ენაზე რომ ვთქვათ, ამ თამაშში არც ამერიკა და არც რუსეთი არ უნდა დარჩეს წაგებული, ორივემ რაღაც უნდა მიიღოს, ანუ ბოლოს ყველაფერი მორიგებით მთავრდება. ამ ვითარებაში და ამ გარემოებებში ჩვენი ქვეყანა ყოველთვის წაგებული რჩებოდა და დარჩება მომავალშიც და ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ ქართველი ხალხი ორ „პროს" შორის არჩევანის წინაშე დაიყენებს თავს.



გამოსავალი დემოკრატიული (დასავლური ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი ს ერთგული) სახელმწიფოს მშენებელი ქართული (ყოველგვარი „პროს" გარეშე) ხელისუფლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამსჭვალული საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევაშია. „ქართულ ოცნებას" და ქართველ ხალხს აქვთ ამის რესურსი.           




ბიძინა დვალი

01.06.2015


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016