პროკურატურამ 5 გახსნილი საქმისა და შესაბამისად, სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში დაზარალებულთა შესახებ გვამცნო. საქმე ეხება უკანონო გზით ადამიანების დაკავებას, ქონების ჩამორთმევას და დიდი ფულის სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ამჯერად პროკურატურა ასახელებს კონკრეტულ დამნაშავეს, კერძოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსს, კონსტანტინე არჩაიას, რომელიც თავისი თანამშრომლების დახმარებით ეწეოდა იმერეთში მოღვაწე ბიზნესმენებისთვის თანხების გამოძალვას.
ძირითადად რა საქმეების განხილვა მიმდინარეობს? რა უნდა აუხსნას პროკურატურამ მოსახლეობას? რა საქმეების განხილვაზე ეუბნებიან უარს?
„ალიას" ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრა:
- დამპალი არჩაია მართლა დასაჭერია, მაგის წინააღმდეგ საჩივარიც მქონდა შეტანილი ერთერთი ბიზნესმენის დატერორების თაობაზე. მისი ძმა „ნაციონალების" დროს იყო ბათუმის ციხის უფროსი, სადაც მიდიოდა პატიმრების წამება, გაუპატიურება და მთელი უბედურება. მერე გადმოიყვანეს გეგუთში კოლონიის უფროსად. ძმები შემჩნეულები არიან წამლის ჩადებაშიც, ყველაფერზე ხელს მოაწერენ, ოღონდ კი ფული იყოს. ეს არჩაია ბოლოს ავარიაშიც მოყვა, მთელი ქუთაისი გახარებული დარბოდა, რადგან ახალმა ხელისუფლებამ არაფერი უთხრა, ღმერთმა დამართა უბედურებაო. ეგ ძმაკაცობდა აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსთან, თემურ პატარიძესთან, რომელიც ადრე ქუთაისში მუშაობდა. ამათ ბათუმში ერთ პატიოსან კაცს ახალი „მერსედესი" და სახლი წაართვეს, სადაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს. საინტერესოა, ახალი დეპარტამენტი ამ საქმეს არ იძიებს? ეს ყაჩაღები იმდენნი არიან და იმდენი ამაზრზენი საქმე აქვთ ნაკეთები, ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ გამოლევ. გარდა ამისა, კიდევ ერთი რამე ვერ გავიგე - მთავარი პროკურატურა აცხადებს, ჩვენ მიერ 1000 საჩივარგანცხადება იქნა შესწავლილი და სისხლის სამართლის 118 საქმეზეა გამოძიება წარმოებულიო. ახლად შექმნილი საგამოძიებო დეპარტამენტიდან არავინ გამოდის და ხალხს არ უხსნის, რომ ისინი ყველა სახის განცხადებას არ იხილავენ, ადამიანებმა არ იციან, იქ უკანონოდ გამოტანილ განაჩენს ხელს არ ჰკიდებენ.
ამის შესახებ ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ თქვა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება მზადდება და ამის შემდეგ მოხდება უკანონო განაჩენების გადახედვაო. ბუნებრივია, დეპარტამენტს საქმეების დიდი ნაწილი გამოაკლდება, მაგრამ საზოგადოებამ ამის შესახებ არ იცის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა გამოვიდეს დეპარტამენტის წარმომადგენელი და ხალხს აუხსნას, რომ ისინი ყველა ტიპის საქმეებზე არ მუშაობენ. მაგალითად, სანამ ჩვენ ამას გავიგებდით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმაც შეიტანეს განცხადებები, ზოგს განაჩენი ჰქონდა გამოტანილი, ზოგს - არა, დღემდე პასუხი არც ერთზე არ მიგვიღია იმიტომ, რომ სანამ განცხადებებს გადაარჩევენ და სათითაოდ შეისწავლიან, თვეები გადის. თუ განმარტებას გააკეთებენ, თვითონაც გაიიოლებენ საქმეს, ნახევარი საქართველო აღარ მიაწყდება დეპარტამენტს.
- ჩვენ მაინც განვუმარტოთ მოსახლეობას კარგად: ესე იგი, საგამოძიებო დეპარტამენტში იღებენ მხოლოდ ისეთ საქმეებს, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი?
- დიახ, ასეა...
ახლა რა საქმეებიც გამოაცხადეს გახსნილად, აქ სიტუაცია გაჩერდა საპროცესო შეთანხმებაზე, თან ეს შეთანხმებები სულ სხვა საქმეებზე მოხდა. დავუშვათ, ადამიანს ჩაუდეს ნარკოტიკი, დააპატიმრეს და გაუშვეს ციხეში. ახლა მიმართა პროკურატურას, მაგრამ დეპარტამენტი ეუბნება, ეგ არ არის ჩემი საქმე, განაჩენია გამოტანილი სასამართლოს მიერო. ქონების დაბრუნების პროცესი დაიწყო, მაგრამ თუ ერთმანეთისგან საქმეები არ გაიმიჯნა, დრო დაიკარგება.
ჩვენში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე წერს საჩივარს... აგერ, მძღოლმა „მარშრუტკაში" ცუდად შემომხედა? უნდა ვიჩივლო პროკურატურაში. მოვიდა ეს კბილაშვილი მთავარ პროკურორად, ვერ გავიგე, რა ჯანდაბა უნდოდა იქ, გამოაცხადა, შემოიტანეთ განცხადებებიო და შევიდა 30 ათასი განცხადება. გაგიჟდა ეს ხალხი, ლამის ნახევარი საქართველო დარბის, სად რა შეიტანოს, აღარ იცის. იწყებენ პრემიერმინისტრის კანცელარიიდან და ამთავრებენ სამინისტროებით. მაგალითად, მე თითქმის ყოველდღე ვრეკავ საგამოძიებო დეპარტამენტში, იქ ერთი მდივანი გოგო ჰყავთ, ვეკითხები, იხილავენ თუ არა ამა და ამ საქმეს? პასუხი: აუ, ბატონო შალვა, ხვალ გეტყვით, ზეგ გეტყვით, ვერ ვპოულობ. ხალხო, რა იყო, რატომ იტანჯავთ თავს, ხომ შეიძლება, განმარტებები გააკეთოთ? მაგალითად, კაცი აწამეს ციხეში, ასეთ საქმეებს იხილავს დეპარტამენტი?
- კი, იხილავს, აგერ, განცხადებაში წერია: „დეპარტამენტი ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე".
- ეს გავიგე, მაგრამ ადამიანები რომ მიდიან და ეუბნებიან, არა, ამ საქმეზე უკვე განაჩენია გამოტანილიო? ესენი ჯერჯერობით აქცენტს აკეთებენ ქონებაზე, რომელიც არის სახელმწიფო ბალანსზე. აქაც განმარტებებია გასაკეთებელი, ახლა როგორ აპირებენ, არჩაიას ქონებას უნდა გაუკეთონ კონფისკაცია თუ ზარალი ბიუჯეტიდან უნდა ანაზღაურდეს? წართმეული ქონება, ანუ მანქანები ხელუხლებელია? გარდა ამისა, აქ თანხებზეცაა ლაპარაკი, ამას გაქცეული არჩაია აანაზღაურებს თუ ჩვენი ჯიბიდან უნდა წავიდეს ფული?
ამის შემდეგ ჩვენ ვნახავთ ისეთ საქმეებსაც, სადაც ქონება გადაყიდულია და წინა პლანზე იწევს მართლა კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესები. მაგალითად, ადეიშვილებმა და არჩაიებმა ვიღაცას წაართვეს მანქანა, გადააფორმეს ახლობელზე, რომელმაც შემდეგ მე მომყიდა, აზრზე არ ვარ, წართმეულია თუ მოპარული, გავიფორმე კანონიერად, ახლა რა ვქნა?
- ასეთ დროს რა ხდება?
- რა ხდება და კეთილსინდისიერ მყიდველს ვერ შეეხები, უნდა დაუტოვო ქონება და კონფისკაცია გაუკეთო არჩაიებისა თუ სხვა ყაჩაღების ქონებას. თუ ისინი გაქცეულები არიან და საქართველოში ქონება აღარ გააჩნიათ, მაშინ უნდა აანაზღაურო ბიუჯეტიდან.
- ესე იგი, ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერი მყიდველიც კმაყოფილი რჩება და დაზარალებულიც, წაგებულ მდგომარეობაში ვრჩებით ისევ ჩვენ?
- ეგრეა, რამდენი ავაზაკი და მამაძაღლი ჩაიდენს დანაშაულს, ზარალი ძირითადად მიდის ჩვენი ჯიბიდან. შეხედა ადამიანმა, აუქციონზე იყიდება ქონება, მივიდა, შეიძინა, იმან რა დააშავა? ახლა არჩაია უნდა დაიჭირონ, დაადონ ყადაღა მის ყველა სახის ქონებას. მის ნათესავებს რომ ერთი საერთო „ტრუსიკი" ეცვათ და ახლა დიდძალი ქონების პატრონები არიან, ესეც უნდა დააყადაღონ. ორივე ძმა გაღლეტილი მოვიდა პოლიციაში და გახდნენ მილიონერები. ქუთაისში ცხოვრობენ, მთელ მაგათ ჯიშსა და ჯილაგს ვიცნობ, „კალოშებიანი" მუშები გახდნენ მილიონერები, ყველაფერი უნდა გამოიძიონ, დააყადაღონ და შეავსონ ბიუჯეტი. ამ
ქვეყანაში ძალიან ბევრი „არჩაიაა". შენ რა გგონია, ამნაირი ხალხი ცოტაა დღევანდელ სახელმწიფო სამსახურებში? კარგად გადახედონ, მაინცდამაინც „ნაციონალების" პერიოდში უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული? მე პირადად არ მაინტერესებს, რომელი პარტიის წევრია და რომელ ხელისუფლებაში აქვს ჩადგმული ფეხი.
ახლა „ნაციონალები" აყვირდნენ, ეს პოლიტიკური დევნააო. სად არის პოლიტიკური დევნა? არჩაიას ძმა ამ ხელისუფლების პირობებშიც მუშაობდა ციხის უფროსად, მერე სადღაც გადაიყვანეს, ეჭვი მაქვს, ისევ რომელიმე თანამდებობაზეა. რომელი პოლიტიკოსები ეგენი მყვანან, დევნა რომ დაუწყონ?
- როგორ ფიქრობ, ამას მოჰყვება უფრო რეზონანსული საქმეების გახსნა თუ უფრო ფასადურ პიარს უნდა ველოდოთ?
- მე ვფიქრობ, რომ პროკურატურა ამ საქმეებში უფრო ღრმად უნდა შევიდეს. სიმართლე გითხრა, სულ არ მაინტერესებს ხმაურიანი დაპატიმრებები... ნება იბოძონ, ქონება დააბრუნონ, თუ არ დააბრუნებენ, ჩამოერთვათ კონფისკაციის სახით, აეკრძალოთ თანამდებობებზე მუშაობა ან გარკვეული წლების განმავლობაში, ან კიდევ მთელი სიცოცხლის განმავლობაში და მიეცეთ პირობითი სასჯელი. როგორი გაღლეტილიც მივიდა არჩაია პოლიციაში სამუშაოდ, ისეთივე გაღლეტილი უნდა დატოვონ. მაგისი ჯიშისთვის სამაგალითო უნდა გახდეს და ფულის კეთებას ვეღარავინ გაბედავს.
სანამ იგივეს არ გაუკეთებენ მიხეილ სააკაშვილს, მანამ გვეყოლება ავანტიურისტი, რომელსაც ექნება უკან შემოძრომის სურვილი. ეს უცხოელებიც გამოდიან და ლაპარაკობენ: აი, იცით, რაა? პოლიტიკური დევნა არ იყოსო. წაიყვანონ, თუ უნდათ, ამერიკის რომელიმე შტატის გუბერნატორად დანიშნონ სააკაშვილი, ღმერთმა მოახმაროთ ასეთი იდიოტები.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"