reportiori.ge - რა ელის ზედამხედველობის სამსახურს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:15
პრეს-დაიჯესტი
რა ელის ზედამხედველობის სამსახურს?
ავტორი:
05 ივნისი, 2015. 13:02


ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან და ამ მიმართულებით პარლამენტში ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ავტორები, თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე 4 ივნისს სასტუმრო „რადისონში" საბანკო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო და, ასევე,   მონაწილეობდნენ ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები - ნოდარ ხადური და ნოდარ ჯავახიშვილი. შეხვედრის დაწყების წინ გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეებს შორის მორიგების რესურსი არსებობს.


„შეხვედრა ჩვენი თხოვნით ტარდება. მიზანი არის ის, რომ კომპრომისს მივაღწიოთ. ბიზნესის მხრიდან ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ფორმაზე".


გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მისაღებია მოდელი, სადაც კომერციული საბანკო სექტორი თავს კომფორტულად იგრძნობს. ისე, საბანკო სექტორი თავს კომფორტულად გრძნობდა, დღესაც გრძნობს და მომავალშიც იგრძნობს, მაგრამ გატყავებული ხალხის კომფორტზე ვინმე ფიქრობს? შეხვედრის დაწყების წინ კომენტარი გააკეთა პროექტის ერთერთმა ავტორმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, თამაზ მეჭიაურმა. მისი თქმით, საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით პარლამენტში გატანამდე ისინი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებდნენ, თუმცა ომბუდსმენის თხოვნით ეს დაჩქარდა, ხოლო ბანკების ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს აღარ გამოეყოფა.


რატომ მიდიან დათმობაზე? რა მოდელზე თანხმდებიან ბანკებთან?


„ალიას" თამაზ მეჭიაური ესაუბრა:

 

- ბატონო თამაზ, ვერ გავიგე, რას ჰქვია, აღარ გამოეყოფა, ამდენი ხანი ომი ამის გამო მიდიოდა და ესეც დათმეთ?


- არა, მთავარი პრინციპი მაინც შენარჩუნებულია, ზედამხედველობის სამსახური დარჩება ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ, მაგრამ მიენიჭება უფრო მეტი დამოუკიდებლობა.


- თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, რას ნიშნავს უფრო მეტი დამოუკიდებლობა?


- თუ ამ სამსახურის ხელმძღვანელსა და საბჭოს ნიშნავს ქადაგიძე, ამიერიდან დაამტკიცებს პარლამენტი.


- ესე იგი, ამ ფორმაზე ბანკების წარმომადგენლები თანახმანი არიან?


- ზოგი წინააღმდეგია, ზოგი უფრო კონსტრუქციულია, საბოლოო ჯამში, მაინც დადებითი პოზიციები დაფიქსირდა.


- გვახარია ამბობს, ყველაფერი ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ბანკებმა კომფორტულად იგრძნონ თავიო. კი, მაგრამ ცოტა ხალხის კომფორტზეც რომ იფიქროთ, არ შეიძლება?


- ხალხიც უნდა იყოს კომფორტულ მდგომარეობაში და დაცული ყველას უფლება. ბანკებისთვისაც ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მოსახლეობა. ჩვენთვის პრინციპული საკითხია, რომ ბანკების ზედამხედველობის სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი, თუ ბანკების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათი ინტერესები დაზიანდება, მაშინ წარმოადგინონ წინადადებები, რაში გამოიხატება ეს. თუ რამე დამაჯერებელი წარმოადგინეს, მეორე მოსმენის დროს გავითვალისწინებთ. ჩვენ არ ვეხებით კერძო ბიზნესს, ყველაფერი უნდა მოხდეს კანონიერების ფარგლებში.


- დღეს „ნაციონალები" აყვირდნენ, მოგების გადასახადი გააუქმეთო. ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ამბობს, ეს საქმე არ გამოვა, ბიუჯეტს 900 მილიონი ლარი დააკლდება, ჩვენ ესტონური მოდელი გვაქვს, რომელსაც შემოდგომაზე წარმოგიდგენთო. რა მოდელზეა ლაპარაკი, ამის შესახებ იცით რამე?


- კი, ამაზე მიდის მუშაობა მთავრობაში, მაგრამ ჯერ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. დაახლოებით ვიცი, მოხდება რეინვესტირება, ყველა გადასახადის შემცირება თუ გაუქმება უნდა მოხდეს განსჯისა და დაფიქრების შემდეგ, ეს არ უნდა იყოს პოპულისტური. ყველაფერი რომ გავაუქმოთ და მხოლოდ ვალდებულებები დავიტოვოთ, ასეც არ გამოვა.


- ანუ შესაძლებელია, რომ მოგების გადასახადი შემცირდეს?


- ჯერ არ ვიცი, ყველაფერი დასათვლელია, გასაანალიზებელია, შემცირება რა ეფექტს მოიტანს გრძელვადიან პერსპექტივაში.


- ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა თქვენი „ალიასთან" ნათქვამი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე დასაჭერი იყო, უნდა დაეპატიმრებინათ, მაგრამ სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მთხოვა და შევეშვიო.


- კი, პირველად მე გითხარით, რომ ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან სთხოვეს-მეთქი. მე ამას არ ვიტყოდი, თავად ივანიშვილისგან რომ არ მქონოდა გაგონილი.


- „რადისონში" შეხვედრა რატომ იყო დახურული, საიდუმლო საკითხებზეც ისაუბრეთ?


- მე საერთოდ ასეთი შეხვედრის გამართვას ვაპირებდი პარლამენტში და თან პირდაპირი ეთერით, მაგრამ რაკი სამუშაო შეხვედრა იყო, ასე ჩათვალეს საჭიროდ, ზედმეტ აჟიოტაჟს მოერიდნენ. ამას უახლოეს დღეებში მოჰყვება საკომიტეტო მოსმენა და ყველაფერს ნახავთ ტელევიზიით.

 

 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016