საქართველოს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე სამართლიანობის აღდგენის შესახებ „რეპორტიორს" ესაუბრება:
„სამართლიანობასთან მიმართებაში ყოველთვის მქონდა ჩემი პოზიცია. კლასიკური გაგებით, სამართლიანობის აღდგენა ძალიან იდეალისტური შეფასებაა. შეიძლება, ვინმეს ჰქონდა ილუზია - რაც „ნაციონალური მოძრაობის" დროს გაფუჭდა, ყველაფერი გამოსწორდებოდა. სამწუხაროდ, გაფუჭებულის გამოსწორება ხანდახან შეუძლებელია. გირგვლიანი მოკლეს და ვეღარ გაცოცხლდება. დროს აქვს თავისი კანონები, რომელსაც ვერ შეცვლი.
სამართლიანობის აღდგენა, ვისაც გვესმის წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს პროცესი მეტ-ნაკლებად დაწყებულია. თუმცა, სრული მოცულობით ამის რეალიზაცია შეუძლებელია. ამიტომ არის კანონმდებლობაში ხანდაზმულობაც, დროის მსვლელობასთან ერთად პირველადი მდგომარეობის აღდგენა ან რთულია, ან შეუძლებელი. 2012 წელს მოხდა პოლიტიკური ძალის ადეკვატური შეფასება, რომელიც უსამართლოდ ექცეოდა საზოგადოებას. ეს იყო სამართლიანი პროცესი. უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა, მნიშვნელოვნად აღმოიფხვრა.
დღეს არავის იჭერენ, არ ათმევენ ქონებას, აღარ არის პოლიტიკური ტერორი, მასმედია თავისუფალია და არცერთ ტელევიზიას არ ემუქრება იმის საფრთხე, რომ ვინმე დაარბევს იმის გამო, რომ მათი სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს. ეს არის უსამართლობის სამართლიანობით შეცვლა. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და ვცდილობთ, სინდისთან და მსოფლმხედველობასთან ვიყოთ მართლები. გამოვასწოროთ ის უსამართლობა, რაც სააკაშვილის დროს მოხდა, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეუძლებლად მიმაჩნია", - აცხადებს ფოფხაძე.