reportiori.ge - ხვალ, თეატრის და კინოს მუზეუმში ზეინაბ ბოცვაძის ბარელიეფი იხსნება - ჟურნალისტი ვახტანგ (კოკოშა) კობაიძე იხსენებს ზეიკო ბოცვაძეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:43
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ხვალ, თეატრის და კინოს მუზეუმში ზეინაბ ბოცვაძის ბარელიეფი იხსნება - ჟურნალისტი ვახტანგ (კოკოშა) კობაიძე იხსენებს ზეიკო ბოცვაძეს
06 ივნისი, 2015. 10:21


ზეინაბ ბოცვაძე, ჩვენი ზეიკო. მასთან გატარებული თითოეული დღე დღესასწაულად შემორჩა მის სამეგობროს. როდის მოვხვდი პირველად „ბუნკერში" და როდის ჩავეწერე მის განუყრელ მეგობრებში, ნამდვილად არ მახსოვს. ვიცი, რომ ეს, დაახლოებით, 40 წლის წინ იყო. „ბუნკერს" ზეიკო თავის სახლს უწოდებდა. ეს იყო მისი მეგობრების თავშეყრის ადგილი. ზეიკო ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო, ჩვენი ჭირის და ლხინის გამზიარებელი. მრჩეველი და მოსამართლე, ჭკუის დამრიგებელიც. საკუთარ ტკივილს და გულისწუხილს არავის მოახვევდა. ყოველთვის მომღიმარი, თავის ვარამს უჩუმრად ატარებდა. არადა, მისი სატკივარი და განცდილი, ყველას გვეყოფოდა...


რა გინდ გასაკვირი იყოს, მასზე დიდი და ახლო მეგობარი ბევრი არ მყოლია. ზეიკო ჩემი რესპონდენტი არასდროს ყოფილა. არ ვიცი რატომ?! ამაზე არასდროს მიფიქრია. ახლაც მიკვირს. ალბათ, ძალიან ახლობელი რომ იყო, იმიტომ. „ჩიტკორესპონდენტი" შემარქვა. ეს სახელი ძალიან მოსწონდა. ბედნიერი იყო: რა კარგად მოვიფიქრეო!


ზეიკოს დას, ცისო ბოცვაძეს ზეიკოზე ადრე ვიცნობდი. ინგლისური ენის სპეციალისტსა და ჩემი ჯგუფის კურატორს, უნივერსიტეტში ჩემს დიდ ქომაგსა და მფარველს დღესაც დიდ პატივს ვცემ. რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როცა ზეიკოსთან მოვხვდი და იქ ცისო დამხვდა, ეს ერთმანეთისგან ხასიათით და გარეგნობით განსხვავებული ორი ქალბატონი, დები აღმოჩნდნენ. ჩემი და ცისოს მეგობრობა, ამის შემდეგ უფრო გამტკიცდა და დღესაც გრძელდება.


ზეიკოს ნიჭიერებაზე, მის სცენურ და კინომოღვაწეობაზე, ბევრი დაწერილა. ბევრიც დაიწერება. ეს კრიტიკოსებისთვის მიმინდვია - მათი საქმეა. მე მხოლოდ, ჩვენი ურთიერთობის რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ, არადა გასახსენებელი საკმაოდ მაქვს.

 

 

 

ზეიკოსთან ერთად, ორჯერ მომიხდა გასტროლებზე ყოფნა. მაშინ თეატრმა „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის" წაიღო. ეს იყო ლვოვსა და ლენინგრადში - ახლანდელ სანკტ-პეტერბურგში. ზეიკოს არასდროს აკლდა თაყვანისმცემლები - მისი ნიჭით, პიროვნებით თუ შინაგანი ბუნებით მოხიბლულები. ასე იყო ლვოვშიც. სპექტაკლის შემდეგ მოდიოდნენ, მოჰქონდათ ყვავილები, სთხოვდნენ ავტოგრაფებს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მხატვარ-კერამიკოსი საშა, მისი მეუღლე ლუდა და ექიმი ნატაშა, სახელები დამამახსოვრდა, გვარები კი, სამწუხაროდ, არა. კარგი ხალხი იყო.. ზეიკომ ისე დაიმეგობრა, რომ შემდეგში რამდენჯერმე თბილისშიც ისტუმრა. თავისთან აცხოვრებდა. ასეთი იყო, სულნათელი... ლვოვშიც არ ისვენებდა, თავისუფალ დროს პიკნიკებს აწყობდა, ყველაფერს თვითონ ამზადებდა. სალათებს, სხვადასხვა ნუგბარს, უნდოდა, აქაც მასპინძელი ყოფილიყო. სხვაგვარად არ შეეძლო.


ლენინგრადში ნოემბრის თვეში ვიყავით. გასტროლები ანშლაგით მიდიოდა. სპექტაკლების დაწყებამდე თავისუფალი დრო მქონდა... ცივი, წვიმიანი ამინდები იყო. როცა სპექტაკლი არ ჰქონდა ზეიკოს, სახლში რა გააჩერებდა. მაღაზიებში დავყავდი, მეგობრებისთვის საჩუქრებს არჩევდა, თან არც თავისი სამზარეულო ავიწყდებოდა. სამრეწველო მაღაზიებში ჯამ-ჭურჭელს, ათას წვრილმანს ნახულობდა. „თბილისში რომ მოხვალთ, ხომ გინდათ ლამაზად გაწყობილი სუფრა დაგახვედროთ, ჰოდა, უნდა გამომყვე, შენც ხომ „ბუნკერის" წევრი ხარ?" - ასე დამამუნათებდა და მეც მორჩილად დავყვებოდი. ერთხელ ვეღარ წავყევი, მთელი დღე გადაღებები მქონდა. საღამოს გვიან დავბრუნდი. ნომერში დამირეკა: „ამობრძანდი ჩემთან!" ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ისეთი ტონით მითხრა, სასწრაფოდ ავედი. ბედნიერი სახე ჰქონდა, წარბაწეული იღიმებოდა. „ნახე, რას მივაგენი?!" მაგიდაზე მოზრდილი მუყაოს ყუთი იდო. გავხსენი. ახალი კარტოფილი გიყვარს, არა? იმის საწმენდია!" - მითხრა ამაყად. ჩემს რეაქციას აღარ დაელოდა... „ვიცი ფული აღარ გაქვს, გინდაც გქონდეს, არ გაიმეტებდი, მეორე, აი, იქ დევს, დეიდა თამარისთვისაც ვიყიდე, გაუფრთხილდი დედის ხელებს!" ორივე შენი სათრევია, ახლა დაჯექი და ვივახშმოთ, დავიღალე ლოდინით. უხმოდ დავჯექი, სპექტაკლიდან მოსული მსახიობებიც შემოგვემატნენ(ვინც შემოსვლას იმსახურებდა) დაშენაძენი „დავასველეთ"... ასე იყო, ყოველი „ძვირფასი" ნივთის შეძენის შემდეგ... მთელი გასტროლის განმავლობაში...

 

 

თბილისში წამოსვლის დროც დადგა.დილით თბილისში მოვფრინავთ. ზეიკომ მიხმო:


- ფული დაგრჩა? რამდენი გაქვს?


 - 15 მანეთი.


 - მეც. 3-3 მანეთი გადავინახოთ, სახლში ტაქსით, რომ წავიდეთ. ახლა კი მე, შენ და ნანული... დავსხდეთ. აი, ეს წაიღე და ყველაფერი შიგ ჩაალაგე. დღეს ზედმეტი ხალხი არ მინდა!". ჩექმების დიდი ყუთი მომცა. ჩავედი რესტორანში, რაც საჭირო იყო ყველაფერი ვიყიდე. ლიფტში „კავკასიური ცარცის წრის" მონაწილენი შემომიერთდნენ. გასტროლი ამ სპექტაკლით დაიხურა... ჯემალ ღაღანიძემ მკითხა - „ვაჰ, კოკოშ, ჩექმა გიყიდია, აი!" - „ჰო, დედაჩემს ვუყიდე, მინდა ზეიკოს ვაჩვენო, შემიფასოს!"  ის იყო პირველი ჭიქა ავწიეთ და ყველა შემოლაგდა, ვინც კი ლიფტში შემხვდა... ზეიკოს გაეცინა, „თქვენ რა, „სუნით" მოხვედით?" „თუმცა, კოკოშა, ბოლო დღემდე ფულს რომ არ შეინახავდა და დედამისს ჩექმას არ უყიდიდა, ამას რა დიდი მიხვედრა უნდოდა", - ატყდა სიცილ-ხარხარი. სიმყუდროვე ბოლო დღესაც არ გამოგვივიდა. გული კი იმით დავიმშვიდეთ, რომ ჩვენს მწირ სუფრას, ყველამ რაღაც შემოამატა.


თბილისში, რომ დავბრუნდით, ზეიკოსთან ტრადიციული სუფრა გაიშალა, დარიგდა საჩუქრები და სუვენირები... „გეგონა დამავიწყდი?" მითხრა ზეიკომ, თითქოს ლენინგრადში ერთად არ ვყოფილიყავით. სათითის ხელა მაღვიძარა საათი გამომიწოდა. ნეტავ მაცოდინა სად რას მიაგნებდა ხოლმე, უყურადღებოდ რომ არავინ დარჩენოდა.

 


ზეიკოზე მოსაგონარს რა გამოლევს. დარჩა მხოლოდ ხსოვნა და მუდმივი ტკივილი. ტკივილი ზეიკოს არყოფნისა. ყველას დაგვაკლდა... დარჩა სული, უკვდავი, სული, მაღალი სული. დღეს ეს სულია ზეიკო ბოცვაძე...


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016