reportiori.ge - ვალტერ შურღაია: ეს იყო მკვლელობა, რომელიც მე უკვე ნიუანსების დონეზე მაქვს გამოძიებული და მკვლელებამდე ვარ მისული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:14
პრეს-დაიჯესტი
ვალტერ შურღაია: ეს იყო მკვლელობა, რომელიც მე უკვე ნიუანსების დონეზე მაქვს გამოძიებული და მკვლელებამდე ვარ მისული!
ავტორი:
06 ივნისი, 2015. 17:11



მას შემდეგ, რაც 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დედაქალაქი დატოვა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ვალტერ შურღაია ზუგდიდში გაემგზავრა და 30-ათასკაციან მიტინგზე საქართველოს ეროვნული დამოურჩილებლობის კომიტეტის შექმნა გამოაცხადა, 1993 წლის 31 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როცა ოფიციალური ვერსიის თანახმად, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა მოხდა, მას პრეზიდენტთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.


- ბატონო ვალტერ, თქვენ თვითმკვლელობის ვერსიის გჯერათ თუ მკვლელობის?

 

- არანაირი თვითმკვლელობა! ეს იყო მკვლელობა, რომელიც მე უკვე ნიუანსების დონეზე მაქვს გამოძიებული და მკვლელებამდე ვარ მისული! პრეზიდენტის მომხრეთა ერთი ნაწილი რატომღაც თვლის, რომ მკვლელობის შემსრულებელთა ვინაობას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, დამკვეთების ვინაობა დაზუსტდეს... მე ასე არ ვფიქრობ. ჩემთვის, შემსრულებელი არანაკლები ნაძირალა და მტერია, ვიდრე დამკვეთი! დასამალი უკვე არაა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის მთავარი დამკვეთი იყო ედუარდ შევარდნაძე, რადგან ზვიადი როგორც რუსეთის, ისე დასავლეთის იმპერიულ ინტერესებს შეეჯახა. შესაძლოა, პრეზიდენტის მკვლელი პატარა კაცია, მაგრამ საქართველოს ისტორიაში მისი ვინაობაც აუცილებლად უნდა ჩაიწეროს!


- შეგიძლიათ, მკვლელების ვინაობა დაასახელოთ?

 

- საქმე იმაშია, იურიდიულად დამტკიცების საშუალებას მოკლებული ვარ, ამიტომ მე თუ მკვლელებს დაგისახელებთ, შეიძლება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდე, თუმცა, გარწმუნებთ, რომ მათი ვინაობა ზუსტად ვიცი!


- თქვენი თვალსაზრისი ვარაუდია თუ კონკრეტულ ფაქტობრივ ინფორმაციას ფლობთ?

 

- ეს არის ფაქტები პლუს ლოგიკა! და ამ ფაქტების შესახებ სამეგრელოში სხვებმაც იციან!!!


- ბატონო ვალტერ, ცოცხალი ზვიად გამსახურდია უკანასკნელად როდის ნახეთ?

 

- ზუგდიდში პუტჩისტების შემოსვლამდე 1 დღით ადრე პრეზიდენტმა თავისთან მიხმო. იქვე იყვნენ სამხედროებიც. მან მკითხა: ვალტერ, ხომ ხედავ, რაც ხდება, რას მირჩევ, როგორ მოვიქცეო? სიტყვა-სიტყვით ასე ვუპასუხე: ბატონო ზვიად, არასოდეს მსმენია, ოდესმე აფხაზს სტუმარი გაეყიდოს ან სხვაგვარად გაემეტებინოს, იქნებ აფხაზეთში გადასვლა გეცადათ, სხვა გზა მაინც არ ჩანს-მეთქი. ეს იყო და ეს. ამის შემდეგ პრეზიდენტს დავცილდი და თვალით აღარ მინახავს... როდესაც სამეგრელოს მთებსა და ტყეებში დევნილი დაიარებოდა, მე მას ვეძებდი. მქონდა იმის რესურსი, რომ უხიფათო, მტრისთვის მიუგნებელ ადგილზე გადამეყვანა. დანამდვილებით ვიცი და დამამტკიცებელი საბუთებიც მაქვს, რომ ისიც მეძებდა. ბოლოს მისმა გამოგზავნილმა კაცმა მომაგნო და გადმომცა, პრეზიდენტი 31 დეკემბერს ამა და ამ ადგილზე გიბარებს, საიდანაც მეგზური მის სამყოფლამდე გაგიძღვებაო. ეს იყო სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე...


- სად იმყოფებოდა მაშინ პრეზიდენტი? ვისი საშუალებით დაგიკავშირდათ?

 

- როცა ეს შემატყობინეს, მაშინ არ ვიცოდი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო. მერე, როცა ინფორმაციები გავაანალიზე, მივხვდი, რომ ამ დროს ჯიხაშკარში, ჯონსონ კვარაცხელიას სახლში იქნებოდა, რომელიც სულ რაღაც, კილომეტრნახევრით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მივედი. სამწუხაროდ, ახლა ვერ ვიხსენებ, ვინ შემატყობინა, რომ პრეზიდენტს ჩემი ნახვა სურდა. ვინძლო, ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, იგი თავად გამოგეხმაურებათ...


პრეზიდენტთან შესახვედრად საგანგებოდ მოვემზადე. ფოთში დაღუპული ჩვენი მეომრის ჯემალ შამათავას დედამ თბილი ტანსაცმელი მომიტანა გადასაცემად. მათ შორის, ევროპული კოსტიუმი, რომლის ჯიბეშიც ჯემალის სურათი იდო...


- მიხვედით დათქმულ ადგილზე?

 

- რა თქმა უნდა, მივედი, თან მახლდა ჩემი ერთგული თანამებრძოლი. იმ სახლში ჯერ გუჯუჯი ებრალიძე მოვიდა. იგი მცირე ხანს დარჩა და წავიდა. იქვე ვნახე ტრაქტორი. მოგვიანებით გავიგე, პრეზიდენტი სწორედ ამ წითელი ტრაქტორით გადაუსვენებიათ. ბოლოს მოვიდა რობიზონ მარგველანი. მან მითხრა - პრეზიდენტი ავად არის და შენს მიღებას ვერ შეძლებს, რის გამო ბოდიშს გიხდისო... არც უფლება მქონდა, არც საფუძველი, პრეტენზიები წამეყენებინა ან ნათქვამში ეჭვი შემეტანა. რა გაეწყობოდა, მიტანილი ტანსაცმელი პრეზიდენტისთვის გადასაცემად დავუტოვე და წამოვედი, მერეღა ვიგებ, რომ იმ მომენტში ბატონი ზვიადი უკვე აღარაა ცოცხალი! აქედან გამომდინარე, მარგველანთან ბუნებრივი შეკითხვა მაქვს: რად გამომართვა და რად წაიღო ტანსაცმელი, თუკი პრეზიდენტის სიკვდილის შესახებ იცოდა?! აქ ჯერჯერობით არ ვეხები საკითხს, პრეზიდენტმა თავი მოიკლა თუ მოკლეს... ისიც არ ვიცი, ჩემი მიტანილი კოსტიუმი ჩააცვეს მიცვალებულს თუ არა. თუ ეს კოსტიუმი ჩააცვეს, შეკითხვა  თავისთავად იხსნება, თუ არა, უამრავი სხვა შეკითხვა იბადება!


- ამ შეხვედრიდან რაიმე საეჭვო ნიუანსი ხომ არ გახსენდებათ?

 

- დიახ, არის ასეთი დეტალი: შეხვედრის ადგილზე სახელდახელო სუფრა გაიშალა. რობიზონთან ჩემი საუბარი ამ სუფრასთან შედგა. მასპინძელმა ხორცი მოგვართვა, თუმცა, რობიზონმა კერძი განზე გასწია. ეს ცუდად მენიშნა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, ვიფიქრე, შესაძლოა, მარხვას იცავს-მეთქი. მითუმეტეს, რობიზონს არანაირად არ დასტყობია, რომ იმ მომენტში პრეზიდენტი ცოცხალი აღარ იყო. პირიქით, სუფრასთან რამდენჯერმე გაიხუმრა კიდეც.


 - ბატონო ვალტერ, თქვენ როდის შეიტყვეთ პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ?

 

- მე 1994 წლის 1 თუ 2 იანვარს გავიგე ეს საზარელი ამბავი. ზუგდიდში პუტჩისტები პრეზიდენტის სიკვდილს ზეიმობდნენ... უზენაესი საბჭოს დეპუტატები ზაურ ქობალიასთან მივიდნენ და უთხრეს, ბატონი ზვიადი აღარ არის, თავი მოიკლაო. ზაურისგან გავიგე პრეზიდენტის სიკვდილის შესახებ, მაგრამ მაშინ არ დავიჯერე, კაცმა შეხვედრა დამინიშნა და თავს როგორ მოიკლავდა ან მე თვითმკვლელობის მოწმედ ხომ არ დამიბარებდა?! მას შემდეგ ამ ბურუსით მოცული საქმის გამოძიება ჩემი ცხოვრების მთავარ მიზნად დავისახე. ჩემი ძალებით დავადგინე, რომ პრეზიდენტი მოკლულია!


პირდაპირ გეუბნებით, ამ საქმეში გამოსაძიებელი აღარაფერი დარჩა. ინფორმაციათა ერთობლიობით, ყველაფერი ისედაც ნათელია და მხოლოდ დასკვნის იურიდიულად ჩამოყალიბებაა საჭირო. ხელისუფლების ნება რომ იყოს, გარწმუნებთ, მკვლელობა მინიმალურ დროში გახსნილად გამოცხადდება!

 

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016