reportiori.ge - ალექსანდრე გეჯაძე: აღნიშნული მონაცემებით, ჟვანიასა და უსუპოვს შორის სქესობრივი კავშირი არ იკვეთება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 20:47
პრეს-დაიჯესტი
ალექსანდრე გეჯაძე: აღნიშნული მონაცემებით, ჟვანიასა და უსუპოვს შორის სქესობრივი კავშირი არ იკვეთება!
ავტორი:
07 ივნისი, 2015. 14:05



დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის „ვექტორის" ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე ლევან ჩაჩუას მიერ შედგენილ სასამართლო-სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვს შორის „დელიკატურ საკითხებს" ადგილი არ ჰქონია.


- გვამის კვლევის დროს, მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანი ძალადობის შედეგად გარდაიცვალა თუ მიოკარდიუმის ინფარქტით, ექსპერტი ვალდებულია, ყურადღებით დაათვალიეროს და შეისწავლოს გვამის გარეგანი სასქესო ორგანოები - როგორც ქალზე, ისე მამაკაცზე. ასეთ თემებზე ღია საუბარი, ცოტა არ იყოს, უხერხულია, მაგრამ მოგახსენეთ იმას, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ვალდებულებებში შედის. ასე რომ, მამაკაცის შემთხვევაში, ექსპერტი ვალდებულია, აღწეროს სასქესო ასოს  მდგომარეობა, კერძოდ, ფარავს თუ არა ჩუჩა სასქესო ასოს თავს. რაულ უსუპოვის სასამართლო-სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ჩანს, რომ მას მუსულმანური წესით წინადაცვეთა ჰქონდა გაკეთებული და ამიტომ ჩუჩა ასოს თავს არ ფარავდა. ხოლო ზურაბ ჟვანიას შემთხვევაში - ის ქრისტიანი იყო და ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ვიმეორებ, სიკვდილის სახეობის მიუხედავად, ექსპერტი ვალდებულია, ნახოს სათესლე ჯირკვლების მდგომარეობა - ორივე სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში იყო მოთავსებული და აქ რაიმე პათოლოგია, ანომალიას ან დაავადებას ადგილი არ ჰქონია. ექსპერტი ვალდებულია, ყურადღება გაამახვილოს, მამაკაცის სასქესო ასოზე ხომ არ არის რაიმე დაზიანება, სისხლჩაქცევა, ნასკდომი ან წანახი, მაკროსკოპული გამოკვლევის დროს, ხომ არ გამოჩნდა განავლის ნაწილაკები. დასკვნაში აღწერილი არ არის, რომ გვამებზე მსგავსი რამ ყოფილიყო, ექსპერტი ამას აუცილებლად აღწერდა. ხაზგასმით ვამბობ, ექსპერტი ვალდებულია, გარეთა სასქესო ორგანოების გამოკვლევასთან ერთად, დააფიქსიროს უკანა ტანის მდგომარეობა - ანალური, ანუ ანუსის მიდამო, აღწეროს ანატომიური აგებულება, დაადგინოს, არის თუ არა პათოლოგია, ან რაიმე გადახრა. უკანა ტანის გასინჯვის პროცესში რაიმე ინსტრუმენტალურ ჩარევას ან მანიპულაციას ადგილი არა აქვს, ექსპერტი მხოლოდ ხელების დახმარგებით - დუნდულების გადაწევით ათვალიერებს ანალურ მიდამოს, ე.ი. უკანა ტანის შესავალ მიდამოს ორივე გვამის - უსუპოვისა და ჟვანიას გამოკვლევის მონაცემებით, მითიებულია, რომ უკანა ტანის მიდამო სუფთაა. „სუფთას" ქვეშ ექსპერტები გულისხმობენ იმას, რომ არ აღინიშნება რაიმე გამონადენი, არც განავლოვანი არც რაიმე წანაცხები. რომ ყოფილიყო, ექსპერტი ვალდებული იყო, დაეფიქსირებინა წანაცხებიც, განავლის კვალიც. ამას გარდა, უკანა ტანის სისუფთავეში ექსპერტი, არაპირდაპირი მინიშნებით, გულისხმობს იმასაც, უკანა ტანიდან ადგილი ჰქონდა თუ არა სქესობრივ კავშირს -აღნიშნული მონაცემებით, არც უსუპოვის, არც ჟვანიასთან მიმართებაში, მსგავსი რამ არ იკვეთება.


- როგორც ჟვანიას დაცვის წევრები აცხადებდნენ, 9 წლის განმავლობაში თავს იკავებდნენ და არ ახმაურებდნენ ამ საქმესთან დაკავშირებულ „დელიკატურ საკითხებს", რომ შემთხვევის ადგილზე ნახეს პარიკი, ჩანთა და სხვა ნივთები.

 

- შემთხვევის ადგილზე პარიკი იყო თუ არა, ჟვანიას ცხედარი ტანსაცმლის გარეშე აღმოაჩინეთ თუ ტანსაცმლით, ეს უკვე ჩემი შეფასების ფარგლებს სცილდება. გამოძიება გრძელდება, საქმე ჯერ სასამართლომდე არ მისულა. ამ მხრივ, ვეყრდნობი ექსპერტის დასკვნას, სადაც ორივე გვამის შემთხვევაში წერს - „უკანა ტანის მიდამო სუფთა".


- სიკვდილის ხანდაზმულობაზე რა შეგიძლიათ თქვათ? დასკვნის მიხედვით, გვამები პროზექტურაში ჯერ კიდევ თბილი იყო.

 

- სიკვდილის  ხანზადმულობაზე მსჯელობა მარტო სხეულის ტემპერატურის მიხედვით არ შეიძლება. სიკვდილის ხანდაზმულობაზე მსჯელობენ ნაადრევი გვამური მოვლენების ერთიანობის ანალიზის საფუძველზე. კერძოდ, ნაადრევ გვამურ მოვლენებში შედის გვამური ლაქები, გვამური გაშეშება და გვამური გაციება. ამ მონაცემებით, ჟვანიას შემთხვევაში, გვამური გაშეშება გამოხატულია საღეჭ კუნთებში. სიკვდილი ახალი დამდგარია, არა უმეტეს, 3-4 საათის. გვამური გაშეშების პროცესი საღეჭი კუნთებიდან იწყება, შემდეგ ჩადის ქვემოთ, მოიცავს კისრის კუნთებს, ზედა კიდურებს, ბოლოს ქვედა კიდურებით სრულდება. ეს პროცესი 24 საათი მაინც მიმდინარეობს - ზაფხულში უფრო სწრაფად, ზამთარში - შენელებულად, ჟვანიას დასკვნაში ვკითხულობთ: გვამური ლაქები მოწითალო ფერისაა, უხვად გამოხატული, ხელის დაჭერით ადვილად ქრებიან და 30 წამის შემდეგ ფერს აღიდგენენ - ეს პროცესი იმაზე მიუთითებს, რომ გარდაცვალებიდან რამდენიმე საათია გასული, გვამიც თბილია. გარდაცვალებიდან რომ დიდი დრო ყოფილიყო გასული, სხეული ცივი იქნებოდა, შეიძლება, სითბო შეენარჩუნებინა ბუნებრივ ნაკეცებში - იღლიებში.


როცა გვამური ლაქები ხელის დაჭერით არ ფერმკრთალდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ გარდაცვალებიდან საკმაო დროა გასული და გაშეშების პროცესიც დამთავრებულია. დასკვნის მიხედვით, პროზექტურაში დასვენებული ორივე გვამი 3-4 საათის გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო.


- ბატონო ალექსანდრე, თქვენი თანამშრომელია ექსპერტი კახა ერისთავი, რომელიც 9 წლის მანძილზე დუმდა და შემდეგ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას თავზე შემკვრივებული უბანი ჰქონდა. როგორ გგონიათ, კახა ერისთავი შეცდა? ამ თემებზე მასთან არ გისაუბრიათ?

 

- კახა ერისთავი მაშინ ეროვნულ ბიუროში ექსპერტად მუშაობდა, შემთხვევის ადგილზე სწორედ ის იყო მისული. დიახ, ჩემთანაც მუშაობს, კერძო სტრუქტურა ვართ და, როცა ექსპერტიზა გვჭირდება, მასთან ერთად, სხვებსაც ვიწვევთ. გამოცდილი სპეციალისტია, 30 წლის მუშაობის სტაჟი აქვს, კარგად არჩევს შემკვრივებულ ადგილს, დაზიანებას - რა შეიძლება დაზიანებად ჩაითვალოს და რა - არა. ხშირია, როცა გვამური ლაქები სხეულზე არსებულ ლაქებთან და სისხლნაჟღენთებთან ეშლებათ. კახა ამ მხრივ გამოცდილია და ჟვანიას თავზე შემკვრივებული უბანი ჰქონდა თუ არა, პასუხისმგებელი უნდა იყოს! ალბათ, არის კიდეც. ერთი რამ ზუსტად ვიცი - ექსპერტი, რომელიც  სასამართლო პროცესზე გამოდის და ჩყვენებას აძლევს, თავისი ჩვენების პასუხისმგებელია, მითუმეტეს, რომ ნებისმიერმა ექსპერტმა იცის, რომ ცრუ ჩვენებისთვის პასუხს აგებს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.


- დღეს რა აზრის ხართ ჟვანიასა და უსუპოვის გვამების გვარცელებულ ფოტოებზე, თვლით, რომ კონკრეტულ ადგილებზე დაზიანებებია? - ჟვანიასთან თავის არეში, უსუპოვთან - მკერდზე?

 

- ჟვანიას თავზე არსებული უბანი გარკვეული ტრავმული ცვლილებების შთაბეჭდილებას ტოვებს,  როგორც ვიცი, სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებამ ამ ვიდეომასალაზე ექსპერტიზა ჩაატარა, მაგრამ კატეგორიულად დასკვნა ვერ დადო, თუმცა, მინიშნებებზე საუბარი იყო, რაც შეეხება უსუპოვს - ვიდეო და ფოტომასალაზე მკერდზე მკვეთრად ჩანს შემოსაზღვრული წერტილოვანი უბნები, ეს ნაჩხვლეტია თუ სხვა რამ, ძნელი სათქმელია.


- პათოლოგანატომების ჩვენების მიხედვით, ჟვანიას თავის ტვინის მაგარ გარსში (მაკროსკოპულად) სისხლჩაქცევა, სისხლსავსეობა, სტაზი და ჰემორაგიული უბანი ჰქონდა...

 

- სისხლჩაქცევა ტრავმაა, რომელიც სისხლძარღვის დაზიანების შედეგად ჩნდება. სიკვდილის შემდეგ ის არ ვითარდება, ხოლო ჰემორაგიული სტაზი შეიძლება სიკვდილის შემდგომ განვითარდეს. სტაზი სისხლის შეგუბებაა, ერთ ადგილზე გროვდება და გვამური მოვლენაა. ექსპერტი ვალდებულია, გაარჩიოს, დაზიანება სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდგომი. როცა დარტყმა სიკვდილის შემდგომ ხდება, სისხლძარღვებში სისხლი აღარ მოძრაობს, ამიტომ სისხლის გამოჟონვას ადგილი არ ექნება. დაე, მოსამართლემ მოისმინოს ყველას ჩვენება, მათ შორის, პათოლოგანატომების, კახა ერისთავის და, შინაგანი რწმენის საფუძველზე, დასკვნა გააკეთოს.


- ბატონო ალექსანდრე, დასკვნის მიხედვით, ჟვანიასთვის ტუჩზე დაზიანება როდის უნდა მიეყენებინათ? დაცვის ერთ-ერთი წევრი ამტკიცებს, რომ დაზიანება ხელოვნური სუნთქვის ჩატარების შედეგად განვითარდა.

 

- აღწერის მიხედვით, ეს იყო სიცოცხლისდროინდელი დაზიანება (ან სიკვდილამდე ძალზე ახლო პერიოდში). სხვა შემთხვევაში, ასეთი დაზიანება ვერ განვითარდებოდა. ზემოთ გითხარით, რომ გვამური გაშეშება პირველად საღეჭ კუნთებში იწყება. ამიტომ გარდაცვალების მერე ჟვანიას გვამზე ეს დაზიანება არ განვითარდებოდა. სურათი ასეთია.:


ქვედა ტუჩზე, მარცხნივ, ფიქსირებული აქვს მოწითალო ფერის მქონე ნაჭდევი. ტუჩის ლორწოვანზე სისხლჩაქცევაა, ანუ ტუჩის გარე ზედაპირზე არსებული ნაჭდევის შესაბამისად, შიდა ზედაპირზე სისხლჩაქცევა. ეს არის ერთი მთლიანი კომპლექსი. დაზიანება განვითარებულია წვრილი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგადლ - ან ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, ან ტუჩის მიდამო მიარტყა - ხშირად ხდება, როდესაც ადამიანი გარედან დაზიანებას იღებს, ლორწოვანის შიგნით კბილები დამატებით დაზიანებას აყენებენ.


რაც შეეხება ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას, ძნელი სათქმელია, დაცვის წევრი როგორი პროფესიონალი იყო. იქნებ რაღაც მკვრივი საგნით ცდილობდა პირის გაღებას. ფაქტია, რომ ჟვანიას ტუჩზე გარედან ნაჭდევი ჰქონდა, ლორწოვანზე ნასკდომიც და სისხლჩაქცევაც.


- ჟვანიას საქმეში ექსპერტად არავის მიუწვევიხართ?

 

- არავის მოუმართავს. ჩვენ ჩავატარეთ 26 მაისს დაღუპულების - სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის ექსჰუმაცია, ასევე სერგო თეთრაძის ექსჰუმაციაც. დავდეთ დასკვნა, რომ თეთრაძე გულით კი არ გარდაიცვალა, ტრავმა ჰქონდა. ასათიანისა და კვინტრაძის შემთხვევაში ბევრი კითხვის ნიშანი დავსვით გამოძიების არასრულყოფილად ჩატარების მიმართ, გვამები შემთხვევის ადგილზე არ იყო დათვალიერებული, არ დევს მასალები, როგორ უნდა მომხდარიყო სადენთან მათი კონტაქტი, არც ტანსაცმელია გამოკვლეული, დადებულია მხოლოდ კანის ჰისპოლოგიური კვლევის შედეგები, რომ ადგილი ჰქონდა ელექტრონიშნის არსებობას. პრეპარატი განადგურებულია, ანუ ექსჰუმაციის დროს გვამებიდან აღებული მასალების შესწავლისა და გადამოწმების საშუალება არ არსებობს. პასუხი ასეთი მოგვცეს - ჩვენ ყველაფერს ვანადგურებთ, ანუ ყველაფერს აქრობენ, რომ კვალი არ დარჩეს და განმეორებითი ექსპერტიზის დროს ვერ მოხდეს წინა ექსპერტიზის დასკვნის შეფასება.


ჩვენი გაკეთებულია სულხან მოლაშვილისა და აფრასიძეების ექსპერტიზაც.


- არც ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ბიომასალა იქნება შენახული?

 

- ვერ გეტყვით, წესით, 2 წელიწადში ანადგურებდნენ.


- 10 წლის შემდეგ გვამების ექსჰუმაციამ რა ინფორმაცია შეიძლება მისცეს გამოძიებას?

 

 - ლაპარაკია იმაზე, დაადგინონ, ჟვანიასა და უსუპოვს მექანიკური დაზიანება ხომ არ ჰქონდათ და მათ ორგანიზმში იყო თუ არა CO. როგორც ვიცი, პროკურატურა რამდენიმე საექსპერტო დაწესებულებასთან აწარმოებს, მოლაპარაკებას, არკვევს, ხომ არ არსებობს ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევის მეთოდი, რომელსაც ზუსტი პასუხის დადება შეუძლია. 10 წელი გავიდა, რბილი ქსოვილი განადგურებული იქნება, ჩონჩხის ძვლები კი შენარჩუნებული უნდა იყოს. ამჟამად გამოძიებას რა რესურსი აქვს, არ ვიცი.


- ბატონო ალექსანდრე, 2005 წელს რატომ არ ჩაგრთეს პრემიერ-მინისტრის გვამის ექსპერტიზაში?

 

- მაშინ ცოცხალ პირთა ექსპერტიზების კუთხით ვმუშაობდი (თუმცა, 20 წელი გვამებსაც ვიკვლევდი), ლევან ჩაჩუა გვამების გამოკვლევის კუთხით მუშაობდა. სწორედ მაშინ, 2005 წელს, შევქმენი ექსპერტიზის ცენტრი „ვექტორი", ჩვენი არაერთი დასკვნა წასულია სტრასბურგში. თუ სასამართლოსა და გამოძიებას დავჭირდებით, ჩავერთვებით და ჩვენს დასკვნას დავდებთ!


 

ამონარიდები ლევან ჩაჩუას მიერ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამებზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო დასკვნიდან

 

ზურაბ ჟვანიას გვამის გამოკვლევის მონაცემები:

 

გარეგნული დათვალიერება: სასექციო მაგიდაზე ასვენია საშუალო ასაკის მამრობითი სქესის გვამი, სწორი აგებულების, ნორმალური ფიზიკური განვითარების, შედარებით ჭარბი კვების, სიგრძით 180 სმ. გვამს აცვია თეთრი ფერის გრძელსახელოიანი მამაკაცის პერანგი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, რომელზედაც უკეთია ტყავის ქამარი, შავი ფერის თასმებით შესაკრავი ფეხსაცმელი, შავი ფერის მამაკაცის დაბალყელიანი წინდები  და მუქი ნაცრისფერი მამაკაცის ტრუსი. გვამთან ერთად მორგში მოტანილია თეთრი, ლურჯი და წითელი ირიბზოლებიანი ჰალსტუხი. გვამი შედარებით თბილია, გვამური გაშეშება კარგადაა გამოხატული საღეჭ კუნთებში და შედარებით უფრო სუსტად სხეულის ზედა ჯგუფის კუნთებში. მოწითალო ფერის უხვი გვამური ლაქები განლაგებულია სხეულის უკანა და უკანა-გვერდით ზედაპირებზე. ისინი ხელის დაჭერით ადვილად ქრებიან და 20-30 წამის შემდეგ აღიდგენენ პირვანდელ ფერს. თავზე თმა მოშავო ფერის. შუბლისა და თხემის მიდამოში მნიშვნელოვნად შეთხელებული. თვალის ნაპრალები დახურული. გუგები მრგვალი, თანაბრად გაფართოებული. სახისა და ცხვირის ძვლებში ხელით გასინჯვით რაიმე პათოლოგიური მოძრაობა არ შეიგრძნობა. ცხვირ-პირისა და გარეთა სასმენი მილების ხვრელები სუფთა. პირი დახურულია. ენა მოთავსებულია კბილთა რკალის უკან. კბილები რაიმე ტრავმული დაზიანების გარეშე. კისერი ცილინდრული ფორმის, სიმეტრიული. ხელის გასინჯვით პათოლოგიური მოძრაობა არ აღინიშნება. გულმკერდი კონსისებური ფორმის, სიმეტრიული. მუცელი ოვალური ფორმის, სიმეტრიული. მდებარეობს გულმკერდის დონეზე ოდნავ მაღლა. კიდურების ძვლები ხელით გასინჯვით მთელია. გარეთა სასქესო ორგანოები ჩვეულებრივად განვითარებული. ჩუჩა მოძრავია და თავისუფლად გადადის ასოს თავზე. სათესლე პარკი შეჭმუხნილია. მასში ხელის შეხებით შეიგრძნობა ჩვეულებრივი ზომისა და კონსისტენციის ორი ცალი სათესლე ჯირკვალი. უკანა ტანის მიდამო სუფთა. გვამზე გარეგნულად აღინიშნება შემდეგი დაზიანებანი: ქვედა ტუჩზე მარცხნივ აღინიშნება სიგრძივად განლაგებული, კანის დონეზე რამდენადმე დაბლა მდებარე, მოწითალო ფერის მქონე ნაჭდევი, ზომით 0,7X0,1-0,2 სმ. მის შესაბამისად ქვედა ტუჩის შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღინიშნება სუსტი ინტენსივობის მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა, ზომით 1X0,2-0,3 სმ, და ამ ფონზე სიგრძივად მდებარე ლორწოვანის ზედაპირული ნასკდომი, ზომით 0,5X0,1 სმ. მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედში  აღინიშნება მოთეთრო ფერის, მომკვრივო კონსისტენციის, ხაზოვანი ფორმის, ოპერაციის შემდგომი ნაწიბური, რომელიც გადადის მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამოზე. გვამზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე სხვა ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება.


გარეგნული დათვალიერება: სასექციო მაგიდაზე ასვენია ახალგაზრდა, მამრობითი სქესის გვამი, სწორი აგებულების, ნორმალური ფიზიკური განვითარების დამაკმაყოფილებელი კვების, სიგრძით 182 სმ. გვამს აცვია: თეთრი ფერის მამაკაცის გრძელსახელოიანი პერანგი, ლურჯი და ყავისფერი წვრილი ზოლებით. ნაცრისფერი გრძელსახელოიანი სვიტერი. შავი ფერის შარვალი, შავი ფერის ტყავის ქამრით. შავი ფერის მამაკაცის დაბალყელიანი წინდები და მამაკაცის ნაცრისფერი ტრუსი. მარცხენა სხივ-მაჯის სახსარზე უკეთია ვერცხლისფერსამაჯურიანი საათი. გვამი შედარებით თბილია, გვამური გაშეშება კარგადაა გამოხატული საღეჭ კუნთებში და შედარებით უფრო სუსტად სხეულის ზედა ჯგუფის კუნთებში. მოწითალო ფერის უხვი გვამური ლაქები განლაგებულია სხეულის უკანა და უკანა-გვერდით ზედაპირებზე. ისინი ხელის დაჭერით ადვილად ქრებიან და 20-30 წამის შემდეგ აღიდგენენ პირვანდელ ფერს. თავზე თმა ღია წაბლისფერი მოწითალო ელფერით, ხშირი. თვალის ნაპრალები დახურული. გუგები მრგვალი, თანაბრად გაფართოებული, სახისა და ცხვირის ძვლებში ხელით გასინჯვით რაიმე პათოლოგიური მოძრაობა არ შეიგრძნობა. ცხვირ-პირისა და გარეთა სასმენი მილების ხვრელები სუფთა. პირი დახურულია, ენა მოთავსებულია კბილთა რკალის უკან. კბილები რაიმე ტრავმული დაზიანების გარეშე. კისერი ცილინდრული ფორმის სიმეტრიული. ხელით გასინჯვით პათოლოგიური მოძრაობა არ აღენიშნება. გულ-მკერდი კონუსისებური ფორმის, სიმეტრიული, მუცელი ოვალური ფორმის, სიმეტრიული. მდებარეობს გულმკერდის დონეზე დაბლა. კიდურების ძვლები ხელით გასინჯვით მთელია. გარეთა სასქესო ორგანოები ჩვეულებრივად განვითარებული. ჩუჩა არ ფარავს ასოს თავს. სათესლე პარკი შეჭმუხნილია. მასში ხელის შეხებით შეიგრძნობა ჩვეულებრივი ზომისა და კონსისტენციის ორი ცალი სათესლე ჯირკვალი. უკანა ტანის მიდამო სუფთა. გვამზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღინიშნება.


მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016