reportiori.ge - „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:48
სპორტი
„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!
08 ივნისი, 2015. 13:32


თავის დროზე, როცა „ბარსელონა" პეპ გვარდიოლამ დატოვა, მისთვის დიდების დაბრუნება ვერც აწ განსვენებულმა ტიტო ვილანოვამ და ვერც ტატა მარტინომ შეძლო. მერე უკვე ლუის ენრიკეს გუნდში მოყვანას უყურებდა ბევრი სკეპტიკურად და მას „ბარსას" დონის სპეციალისტად არ მიიჩნევდნენ, თუმცა ფაქტი ერთია - „ბარსამ" დიდებული სეზონი ჩაატარა, მოიგო აბსოლუტურად ყველაფერი, სადაც მონაწილეობა მიიღო: ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ყველაზე დიდი მწვერვალიც - ჩემპიონთა ლიგაც დაიპყრო.


„ბარსა" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც „ტრიპლეტი" ორჯერ შეასრულა. ადრე აღნიშნული მიღწევა, ოღონდ მხოლოდ ერთხელ, კატალონიელების გარდა: „სელტიკს" (1967), „აიაქსს" (1972), „პსვ"-ს (1988), „მანჩესტერს" (1999), „ინტერსა" (2010) და „ბაიერნს" (2013) ჰქონიათ. „ბარსელონამ" ევროპის უპრესტიჟულესი ტიტული მეხუთედ მოიგო, თან ისე, რომ ბოლო ორ ფინალში ჰანდიკაპით იმარჯვა. ქართველ გულშემატკივარს კი „ლეო მესის და კომპანიის" ნახვა ჩვენს დედაქალაქში 11 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე შეეძლებათ, სადაც მათი მეტოქე ევროპა ლიგის გამარჯვებული „სევილია" იქნება.


რაც შეეხება ტურინელებს, ისინი მხოლოდ ქებას იმსახურებენ. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ძალიან ცოტას ეჯერა „იუვესი", თან მითუმეტეს მათი ფინალში თამაშის. რად ღირდა მარტო პირლოს ცრემლების ყურება ფინალში, მართალია, მან ლიგა ორჯერ „მილანში" მოიგო, თუმცა ახლა, როცა იგი კარიერის ბოლო წლებს ითვლის, ლიგის თასი ჩინებული დაგვირგინება იქნებოდა მისი კარიერის. თუმცა ყველაზე გულდაწყვეტილი მაინც ჯანლუიჯი ბუფონი იქნება, ამ ლეგენდარული მეკარის კარიერას, სწორედ ჩემპიონთა ლიგის თასის ჩახუტება აკლდა...


რაც შეეხება „ბარსას" და მის მაგიურ ტრიოს: ჩავის, მესის და ინიესტას - ამ გენიალურმა ფეხბურთელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მეოთხედ მოიგეს. აქვე ისიც ვახსენოთ, რომ გამართული შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა გახდა, რომელსაც უნიკალური მიღწევა აქვს: ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალში მას სამი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.


ახლა რაც შეეხება შეხვედრას. მატჩი „ბარსელონასთვის" ცოტა არეულად დაიწყო, თუმცა შეხვედრის დებიუტშივე, მე-4  წუთზე მესიმ გრძელი პასით მოედნის მარცხენა კუთხეში ნეიმარს გადააწოდა, მანაც საჯარიმოში დაფარული პასით ინიესტა მონახა, მანაც თავის მხრივ უფრო ხელსაყრელ პოზიციაზე რაკიტიჩს გადააწოდა, ხორვატმაც ახლოდან აუღებელი დაურტყა ჯიჯის და ანგარიში გახსნა - 1:0. გატანილი გოლის შემდეგ კატალონიელებმა კიდევ უფრო მოუმატეს და ბუფონსც საქმე არ ელეოდა. მეორე გოლის გატანის ჩინებული შანსი ჰქონდა დანი ალვეშს, რომელმაც თითქმის აუღებელი დაურტყა იტალიელ კიპერს, მაგრამ ბუფონმა არანორმალური რეაქცია გამოავლინა და ტურინელებს შანსი დაუტოვა. ალეგრის გუნდმა რომ ვერაფერი დაუპირისპირა პირველ ტაიმში „ბარსელონას", უხეშობით გამოირჩეოდნენ. საწყის ნახევარ საათში „ბებერი ქალბატონის" ფეხბურთელები 13-ჯერ დაჯარიმდნენ, რაც დაგვეთანხმებით, ძალიან ბევრია.


მეორე ტაიმიც „ბარსას" შეტევებით დაიწყო და 2:0-ს ცოტა დააკლდა, სამაგიეროდ კი 1:1 გახდა 55-ე წუთზე. მარკიზიომ ორიგინალურად, ქუსლით გააყოლა ბურთი ლიხშტაინერს, რომელმაც ტევესი მოძებნა, არგენტინელის დარტყმას ტერ-შტეგენის კარგი რეაქცია კი მოჰყვა, მაგრამ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და იქვე მყოფმა ალვარო მორატამ გაათანაბრა. მორატა - ახალგაზრდა ფორვარდი, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგის ეს სეზონი განსაკუთრებული იყო, სწორედ მისი გოლების წყალობით გამოთიშეს ტურინელებმა მადრიდის „რეალი".


გატანილმა გოლმა „იუვეს" შემართება და საკუთარი ძალების რწმენა შემატა, „ბარსელონა" კი „იუვეს" ასეთ ათამაშებას არ ელოდა და ცოტა ხანს გონს ვერ მოდიოდნენ. ტურინელთა ასეთ გათამამებას მეორე ცუდი მხარეც ჰქონდა სახელად მესი. შეტევაში წასულ ტურინელებს „ბარსელონას" კონტრშეტევა გამოეპარათ. 68-ე წუთზე შეტევა მესიმ წამოიწყო, ცენტრიდან საჯარიმოში მიმავალმა ბარძალი ჩამოიშორა, დაარტყა, ბუფონმა კი მოიგერია, მაგრამ ბურთი ვერ შეიმაგრა და ხელიდან გაუარდა და იქვე ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ლუის სუარესს მიუვიდა, მანაც არ დააყოვნა და ანგარიში ისევ „ბარსას" სასრგებლოდ შეიცვალა - 2:1.


დარჩენილ დროში ერთი რაც ჩანდა, „იუვე" კბილებით იბრძოდა, რამდენიმეჯერ სახიფათოდაც  შეუტიეს, თუმცა კატალონიელები უფრო დამაჯერებლები იყვნენ. შეხვედრა კი ნეიმარმა დაასრულა: კონტრშეტევისას მინდორზე იმწუთას შესულ პედროს გადააწოდა ბურთი, შემდეგ პედრომ ისევ ნეიმარს დაუბრუნა და ბრაზილიელმაც ცაციით შორეულ კუთხეში გაუტანა ბუფონს - 3:1 და თასს „ბარსელონა" დაეპატრონა. ნეიმარი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მეოთხედფინალში, ნახევარფინალში და ფინალშიც, შეძლო გოლის გატანა.

 

მთლიანობაში კი, მშვენიერი ფინალი ვიხილეთ, რისთვისაც დიდი მადლობა ორივე გუნდს.


„იუვენტუსი" - „ბარსელონა" 1:3 (0:1)

 

სტადიონი: „ოლიმპიაშტადიონი"

 

„იუვენტუსი": ბუფონი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, ევრა (კომანი 89), პირლო, პოგბა, მარკიზიო, ვიდალი (პერეირა 79), ტევესი, მორატა (ლორენტე 85)


მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

 

ბარსელონა: ტერ-შტეგენი, დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (მატიო 90+1), ინიესტა (ჩავი 77), მესი, ნეიმარი, სუარესი (პედრო 90+6)


მწვრთნელი: ლუის ენრიკე

 

გოლები: 0:1 რაკიტიჩი (4), 1:1 მორატა (55), 1:2 სუარესი (68), 1:3 ნეიმარი (90+7)


გაფრთხილება: ვიდალი (11), პოგბა (41), სუარესი (70)


მსაჯი: ჯუნეიტ ჩაკირი


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016