reportiori.ge - „არსენალის მთის“ მოგზაურობის ისტორია საქართველოდან საქართველომდე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„არსენალის მთის“ მოგზაურობის ისტორია საქართველოდან საქართველომდე
ავტორი:
09 ივნისი, 2015. 11:54


ნიკო ფიროსმანის ნამუშევარმა „არსენალის მთა ღამით" მოგზაურობა ჯერ კიდევ ფიროსმანის სიცოცხლეში დაიწყო და საქართველოს 2015 წელს დაუბრუნდა. „კრისტის" აუქციონზე გატანილმა ნიკო ფიროსმანის ნამუშევარმა „არსენალის მთა ღამით" საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგს გაახსენდა, რომ არსებობს მხატვარი ფიროსმანი და მისი შემოქმედება კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, ზოგმა გამოთქვა აზრი, რომ ფიროსმანი უცხოეთში უნდა დარჩენილიყო თუ გვინდოდა რომ ჩვენი კულტურა მსოფლიოს ეხილა. ამის პარალელურად ნიაზ დიასამიძის ხელმძღანელობით შეიქმნა მოძრაობა, რომელიც ნახატის შესყიდვასა და საქართველოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად. თუმცა საბოლოოდ ნამუშევარი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მილიონნახევარ დოლარად შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა.


პირველად „არსენალის მთა ღამით", ნიკალას სხვა სურათებთან ერთად, მხატვარმა ზიგმუნდ ვალიშევსკიმ აღმოაჩინა თბილისის ვაგზლის ახლოს მდებარე ნიკო ბაიაძის ღვინის სარდაფში. ნიკო ფიროსმანმა ტილო 1907-1908 წლებში დახატა. დაახლოებით 1914-15 წლებში ნიკო ბაიაძემ სარდაფი დაკეტა და ნახატთან ერთად გაქრა. სურათები დაკარგულად მიიჩნიეს, თუმცა 1920 წელს პოეტმა კოლაე ჩერნიავსკიმ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა საბურთალოზე, ბაიაძის ღვინის ახალ სარდაფში. სურათი რამდენიმე თურქულ ლირად კირილე ზდანევიჩმა შეიძინა და „არსენალის მთამ" ნიკო ბაიაძის სარდაფიდან ზდანევიჩების სახლში გადაინაცვლა. იმ დროს ზდანევიჩები მოსკოვში ცხოვრობდნენ. იმ პერიოდში რუსეთში იმყოფებოდა ფრანგი მწერალი ლუი არაგონი, რომელიც კომუნისტი გახლდათ. ამიტომ კომუნისტურმა პარტიამ პატივისცემის ნიშნად ლუი არაგონს, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით" გადასცა. საჩუქრის იდეა ლილი ბრიკის ეკუთვნოდა, რომელიც ლუი არაგონის მეუღლის, ელზა ტრიოლეს და იყო. ლილი ბრიკიმ ნახატი კირილე ზდანევიჩისგან შეიძინა და ლუი არაგონს აჩუქა.


საქართველოს კომპარტიის ცეკას ბიუროს დადგენილებით, ფიროსმანის მხატვრული მემკვიდრეობა დაცული იყო და მისი ქვეყნის გარეთ გატანა არ შეიძლებოდა, ამიტომ ლუი არაგონმა და მისმა მეუღლემ ნახატი დროებით ლილი ბრიკის ოჯახში დატოვეს და მოგვიანებით, ბრეჟნევთან მოლაპარაკების შემდეგ, პარიზში გაიტანეს. ნახატი უკანასკნელად გამოჩნდა რეზო თაბუკაშვილის ფილმში „ფურცლები ფრანგული დღიურიდან", რომელშიც „არსენალის მთაზეა" საუბარი. კადრში ლუი არაგონის უკან კარგად ჩანს ბუხარზე შემოდებული ფიროსმანის „არსენალის მთა". ლუი არაგონის გარდაცვალების შემდეგ ნახატის კვალი კვლავ გაქრა.


დაკარგული ნამუშევრის ძებნა ჟურნალისტმა ნელი კობიაშვილმა დაიწყო. ის ოცი წლის განმავლობაში მიჰყვებოდა ნახატის კვალს და 2003 წელს არაგონის ერთ-ერთ აგარაკზე აღმოაჩინა.


„ჩვენ დავიწყეთ ძებნა, დავუკავშირდით ლილი ბრიკის მემკვიდრეებს და გავიგეთ, რომ ლუი არაგონმა მემკვიდრეობის ნახევარი საფრანგეთის მთავრობას დაუტოვა, ნახევარი კი თავის მეგობარს, ირანული წარმოშობის ფრანგ პოეტს, ჟან რისტას. დავუკავშირდით ამ კაცს. თავიდან არ გვთანხმდებოდა, მაგრამ შემდეგ ავუხსენით, რომ ჟურნალისტები ვიყავით, გადაღება გვინდოდა და ჩვენთვის ისტორიული მნიშვნელობის იყო ფიროსმანის ეს ნახატი. შევთანხმდით, რომ ნახატს 300 000 დოლარად შევისყიდდით. ჩამოვედი საქართველოში, გავაკეთე პრეზენტაციები, დავუკავშირდი იმდროინდელ მთავრობას. მხოლოდ ფასი იკითხეს და შემდეგ აღარ დაინტერესებულან", - გვიყვება ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი.


საქართველომ ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით" ვერ დაიბრუნა, ჟან რისტამ ნახატი ებრაული წარმოშობის რუს კოლექციონერს მიჰყიდა. ამის შემდეგ ის სამჯერ გაიყიდა: პირველად, 2007 წელს „სოტბის" აუქციონზე - 1,6 მილიონ აშშ დოლარად, 2010 წელს კი „მაკდუგალის" აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად. „კრისტის" აუქციონის ვებ-გვერდზე „არსენალის მთა" რუსული მხატვრობის სექციაში განათავსეს და საწყის ფასად 800 000 ფუნტი მიუთითეს, თუმცა აუქციონის დღეს ნიკალას ნახატის საწყის ღირებულებად მხოლოდ 550 000 ფუნტი დასახელდა.


ფიროსმანის „არსენალის მთა" მრავალწლიანი მოგზაურობიდან ისევ საქართველოს დაუბრუნდება და ხელოვნების მუზეუმში განთავსდება. ჯერ უცნობია, როდის ჩამოვა ნამუშევარი საქართველოში და როდის შეეძლება საზოგადოებას მისი ნახვა.


გარდა „არსენალის მთისა" საერთაშორისო აუქციონებში ფიროსმანის სხვა ნამუშევრებსაც მიუღია მონაწილეობა. ლონდონის „სოტბის", „კრისტის", „ბორხამის", „მაგდუგალის" ცნობილ აუქციონებზე სხვადასხვა დროს გაყიდეს: 2011 წლის 28 ნოემბერს, 1,1 მილიონ ფუნტ სტერლინგად, „მწყურვალე ირემი მდინარესთან", 2011 წლის 8 ივნისს კი, 1,5 მილიონ აშშ დოლარად, ნამუშევარი „მეცხვარე".

 

სალომე ჩადუნელი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016