reportiori.ge - გიორგი ოთხმეზურის სკანდალური ინტერვიუ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:22
ინტერვიუ
გიორგი ოთხმეზურის სკანდალური ინტერვიუ!
ავტორი:
09 ივნისი, 2015. 12:23


დღევანდელი საქართველოს ტერიტორია დაახლოებით იმის ნახევარია, რა საზღვრებშიც ნოე ჟორდანიას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ერთა ლიგამ ცნო... საქართველოს ოთხი სახელმწიფო ესაზღვრება და ძირძველი ქართული პროვინციები ოთხივეს ჩამორიგებული აქვს - ზოგს ბევრი, ზოგს მცირე! ისტორიული საქართველოს მიწა-წყალი გასულ საუკუნეებშიც და ახლაც, ჩვენს ცხვირწინ, თვალსა და ხელს შუა მიისაკუთრეს თურქეთმაც, რუსეთმაც, აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც... ერთადერთი მეზობელი, რომელსაც საქართველოსი არაფერი წაუღია, შავი ზღვა გახლავთ - ევქსინის პონტო...


„ასავალ-დასავალი" გთავაზობთ ახალ რუბრიკას - „რომელმა ქვეყანამ საქართველოს რა ტერიტორია მიითვისა?"


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური მიიჩნევს, რომ საქართველოს მოუშუშებელი ჭრილობა - ტაო-კლარჯეთი, ანუ „ქართველთა სამეფო", რომელიც დაკარგულ პროვინციათაგან უდიდესია, თავისი მნიშვნელობით და კულტურული ძეგლებით, ყველა დანარჩენ ქართულ პროვინციაზე უფრო აღმატებულია...


- ბატონო გიორგი, ტაო-კლარჯეთად წოდებული მიწა-წყლის სახით მაინც რა მნიშვნელობის ტერიტოია დაკარგა საქართველომ?

 

- ტაო-კლარჯეთი ამ მხარეს ჰქვია ძირითადი თემების - ტაოსა და კლარჯეთის გამო, თორემ ეს ბევრად უფრო ვრცელი ტერიტორიის მომცველი არეალია, რომელიც ტაშისკარიდან არზრუმამდე და ჭოროხის ხეობიდან შავ ზღვამდე აღწევს. ტაო-კლარჯეთში შედის ძველთაძველი ქართული თემები - ტაო, კოლა,არტაანი, სამცხე, ჯავახეთი, კარი, შავშეთი, ერუშეთი, ფოცხოვი და ლაზეთი.


- სომეხი მეცნიერები ამტკიცებენ,რომ ტაო-კლარჯეთი არის სომხური მიწა. ამის დასტურად მათ მოჰყავთ ტერმინ „იშხანის" ეტიმოლოგია, რომელიც აშკარად სომხურია...

 

- დავიწყოთ, იმით, რომ ბიზანტიურ საისტორიო მწერლობაში ტაო-კლარჯეთს ეწოდება „ქართველთა სამეფო" ან „ქართველთა საკურაპალატო" და არა „სომეხთა სამეფო", ან ამის მსგავსი. რაც შეეხება „იშხანს" ,„მიჯნაძორიც" სომხური სიტყვაა, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. ძველი წელთაღრიცხვის მეთორმეტე-მერვე საუკუნეებში ურარტულ და ასურულ ლურსმნულ წარწერებში ამ მიწა-წყლის პატრონად აღიარებულია უძველესი დიაიენი, დიაოხი, ანუ ტაოხები. სწორედ ტაოელები იდგნენ ამ კუთხის ავანგარდში და ეს შემთხვევით არ ყოფილა. ძველი წელთაღრიცხვის მეორე-პირველ საუკუნეებში, როცა გაძლიერებულმა სომხეთის სამეფომ, კერძოდ, ტიგრან მეორემ ტაო-კლარჯეთი დაიპყრო, აქ მოხდა სომეხთა ჩამოსახლება. პირველი საუკუნიდან ქართლის მეფეებმა დაიბრუნეს ეს ტერიტორია და საკუთრივ სომხეთის ხელში ჩასაგდებადაც აქტიურად დაიწყეს ომი; ერთხანს ქართველი უფლისწულიც კი იჯდა სომხეთის ტახტზე. მერვე-მეცხრე საუკუნეების მიჯნაზე „ქართველთა საკურაპალატოს" პარალელურად იქმნება დასავლეთქართული „აფხაზთა სამეფო". ეს სამეფო რომ ქართული იყო, ამას ყველაზე უფრო გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსები ზურაბ ანჩაბაძე და გიორგი ძიძარიაც აღიარებენ. ტაო-კლარჯეთის „ქართველთა სამეფოს" ისტორია დაკავშირებულია ქართლის ერისმთავრის აშოტ კურაპალატის სახელთან, რომელიც არაბებს გამოექცა. ჩამოვიდა სამხრეთ საქართველოში და თავის რეზიდენციად გაიხადა ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული არტანუჯის ციხე. იგი ნელ-ნელა აფართოებს თავის სამფლობელოს და ქსნის ხეობამდეც კი ავრცელებს ძალაუფლებას. ახალგორში, სოფელ ყანჩაეთში, არის მეცხრე საუკუნის კაბენის ეკლესია, სადაც თვის დროზე რუსუდან მეფისაშვილმა და ვახტანგ ცინცაძემ ფრაგმენტულად ამოიკითხეს აშოტ კურაპალატის, მისი მამის - ადარნასესა და აშოტის დის ლატავრას სახელები. შემორჩენილი იყო მათი ფრესკების ნაშთებიც, რომელიც უკვე განადგურებულია და აღარ არსებობს. 826 წელს აშოტ კურაპალატი მოკლეს... ტაო-კლარჯეთის სამეფო თავისი ძლიერების ზენიტს აღწევს დავით მესამე ტაოელის - ერთიანი საქართველოს პირველი მეფის - ბაგრატ მესამე კურაპალატის მამობილის მეფობისას, რომლის დროსაც აშენდა ოშკის ტაძარი და ოთხთა ეკლესია. ოშკის ტაძარი ხელოვნების ისტორიაში აღიარებულია შედევრად და მიჩნეულია, რომ მეათე საუკუნის მეორე ნახევარში მსგავსი მშვენიერება არსად შექმნილა.


- ბატონო გიორგი, ოშკის გარდა, ტაო-კლარჯეთი გამორჩეულია სხვა ეკლესია-მონასტრებითაც...

 

- როგორც კი ჯავახეთიდან გახვალთ, ბანა შემოგხვდებათ. გერმანელი მოგზაური კოხი წერს, რომ ბანას მსგავსი მშვენიერება მას მთელი ბიზანტიის იმპერიის მასშტაბით არსად უნახავს! ბანაში საეპისკოპოსო ცენტრი იყო და ტაძარი გახლდათ მრგვალი ფორმის. მეშვიდე საუკუნეში ააგეს იშხანი, რომელიც დაინგრა და მერე გრიგოლ ხანძთელის დისწულმა აღაშენა იგი, რაც შეეხება ბანას, იგი ადარნასე მეორე ბაგრატიონმა აღაშენა, რომელმაც 888 წელს პირველმა მიიღო „ქართველთა მეფის" ტიტული. გარდა ამ ძეგლებისა, ტაო-კლარჯეთი მოფენილია უამრავი ეკლესია-მონასტრით - შატბერდი, ხახული, პარხალი, დოლისყანა... რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც 1917 წელს იმოგზაურა ტაო-კლარჯეთში, საგანგებოდ აღნიშნავს, რომ გზად მას ხვდებოდა უამრავი დანგრეული ეკლესია. მოგვიანებით ტაო-კლარჯეთი სამცხის ათაბაგებს - ჯაყელებს ემორჩილებოდა და მათ საგანმგებლოში შედიოდა. ისინი სულ ბოლოს ჭანეთსაც კი აკონტროლებდნენ... ტაო-კლარჯეთისთვის ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოსთვის, დამღუპველი აღმოჩნდა 1453 წელი, როცა ბიზანტიის იმპერია დაეცა და ოსმალეთმა აქტიურად დაიწყო მისი ანექსია-ოკუპაცია. 1595 წელს ოსმალებმა შეადგინეს გურჯისტანის დიდი ვილაიეთის დავთარი, სადაც ოკუპირებული ტაო-კლარჯეთის სოფლები და მთელი მოსახლეობა თავიანთ სარჩო-საბადებელთან ერთად აღწერეს. ათას ასზე მეტი ქართული სოფელი მიიტაცეს თურქებმა, თუმცა, ხანძთის მონასტერი მეთხუთმეტე საუკუნეშიც კი მოქმედი იყო და ამის დამადასტურებელი წარწერები არსებობს.


- ბატონო გიორგი, როდიდან წავიდა ტაო-კლარჯეთის საქმე განსაკუთრებით ცუდად?

 

- ეს თარიღია, 1626 წელი, მანუჩარ ჯაყელი, რომელიც გიორგი სააკაძის მხარდამხარ იბრძოდა მარაბდაში, ქრისტიანი გახლდათ. ოსმალეთის სულთანი იმდენად შეშინებული იყო მანუჩარისა და გიორგის კავშირით, მანუჩარს ათაბაგობა უბოძა და რჯულის შეცვლა არ მოსთხოვა. უკან დაბრუნებული მანუჩარი ბიძამისმა ბექა ჯაყელმა თავისთან მიიპატიჟა, მოწამლა და თავად გახდა ათაბაგი. იგი გამაჰმადიანდა და იწოდა საფარ ფაშად. აი, სწორედ 1626 წლიდან იწყება უმძიმესი პერიოდი ტაო-კლარჯეთის ისტორიაში, როცა ახალციხის საფაშოს გამაჰმადიანებული ქართველები - ჯაყელები მართავენ, არ დაივიწყოთ ისიც, რომ მთელი ოსმალეთის იმპერიაში ახალციხის საფაშო იყო ერთადერი გამონაკლისი, სადაც ფაშობა მემკვიდრეობით გადადიოდა. სხვა ფაშებს სულთანი  ბარათით ნიშნავდა ან ხსნიდა წელიწადში ერთჯერ ან ორჯერ. ეს განპირობებული იყო ახალციხის საფაშოს განსაკუთრებული მდებარეობით, რომელშიც ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი გახლდათ გაერთიანებული. საერთოდ კი, თურქების მიერ მიტაცებული ტაო-კლარჯეთი დანაწილდა ოთხ ვილაიეთად - ჩილდირის, ყარსის, არზრუმისა და ტრაპიზონის ვილაიეთებად. ვილაიეთები თავის მხრივ იყოფოდა სანჯაყებად. ბუნებრივ-გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისითაც ტაო-კლარჯეთი არის საქართველოს გამორჩეული მხარე, ამიტომაც არ გვადგმევინებდნენ იქ ფეხს თურქები. 1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა ანატოლიაში რუსის ჯარი შევიდა, ექვთიმე თაყაიშვილმა ვარძიის მიტროპოლიტთან ერთად იმოგზაურა თურქეთის საქართველოში და აღწერა იქაურობა. მას შემდეგ იქ ქართველს ფეხი არ დაუდგამს, გამონაკლისი იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ჯობაძე, რომელმა მეოცე საუკუნის 60-იან წლებში იმოგზაურა, დამალა თავისი წარმომავლობა და მიუთითა მხოლოდ ამერიკის მოქალაქეობა. სტალინი გეგმავდა ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას, სწორედ ამას ემსახურებოდა 1944 წელს ახალციხიდან და მისი შემოგარენიდან მაჰმადიანი მოსახლეობის გასახლება, მაგრამ ყველაფერი ჩაშალა 1945 წლის აგვისტოში, იაპონიაში ჩამოგდებულმა ატომურმა ბომბებმა.

 

- მაინც რა ტერიტორიას მოიცავდა და რამდენად დიდია ტაო-კლარჯეთი?

 

- ექვთიმე თაყაიშვილი პირდაპირ წერს - თურქეთის მიერ 1921 წელს საქართველოსგან მიტაცებული მიწა-წყლის საერთო სივრცე არის 13 ათას 72 კვადრატული კილომეტრი, ხოლო მოსახლეობა 250 ათასს აღემატებაო! შეიძლება, გადაუჭარბებლად ითქვას, რომ თურქეთის სახელმწიფოს ტაო-კლარჯეთის სახით მითვისებული აქვს დაახლოებით იმდენი ტერიტორია, რამდენსაც შეადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე დარჩენილი საქართველო!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016