reportiori.ge - როცა არ ივიწყებენ...…
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:55
საზოგადოება
როცა არ ივიწყებენ...…
10 ივნისი, 2015. 15:03


საქართველოთი ვინ არ დამწვარა

ან ვინ არ სტირის საქართველოზე,

ბევრის სიცოცხლე მან გაამწარა

და ბევრიც დავრჩით სასაფლაოზე, - წერდა ტიციან ტაბიძე.


ბოლოს ყველანი იქ დავრჩებით, სასაფლაოზე, მაგრამ აქ, ამქვეყნად დატოვო შენი კვალი, სახელი შენი და არდავიწყება ნაღვაწის არის მთავარი.


მედეა მეზვრიშვილი, რომელიც გასული კვირის სამშაბათს გაიხსენეს თელავში, იყო ის ადამიანი, რომლის სახელი, როგორც ჩანს, თაობებს შემორჩება.


საბჭოთა დროის ფუნქციონერი? დიახ, იყო. დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების მაღალმოხელე? ესეც იყო. მაგრამ ყველა დროში, მათ შორის, გარდამავალ ეპოქაში, ძნელბედობის ჟამს, როცა მოსახლეობის უმრავლესობა საკუთარი თავის გადარჩენით იყო დაკავებული, კონფორმისტობის აბჯარს ისხამდა, გატრუნული იყო და მესიის მოსვლას ელოდებოდა, ქალბატონი მედეა, რომელსაც ხალხი მედიკოს უწოდებდა, მებრძოლ პატრიოტად რჩებოდა.


ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.


მედეა მეზვრიშვილი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ხმა ამოიღო საქართველოში „მხედრიონის" პარპაშის წინააღმდეგ, როცა ხალხის  რბევა და აწიოკება, ყაჩაღობა, ქურდობა და ძარცვა-გლეჯა ქვეყნის ცხოვრების ნორმად იყო დამკვიდრებული.


ავტომატიანი ბანდიტები დათარეშობდნენ საქართველოში.


მედიკომ არა მარტო ხმა ამოიღო საჯაროდ, საქვეყნოდ განაცხადა, არამედ აიყოლია ხალხი, იბრძოლა, როგორც რიგითმა ჯარისკაცმა.


გასუფთავდა.


ლიდერის თვისებებით იყო აღჭურვილი - ინიციატორიც და დაწყებული საქმის ბოლომდე მიმყვანიც. მისი მოღვაწეობა სწორედ ამით იყო გამორჩეული: გარეჯობის სახალხო დღესასწაულის ორგანიზება იქნებოდა ეს თუ უდაბნოს გასარწყავება, სოფელ უდაბნოს რუკაზე გაჩენა თუ თელავის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა, ერეკლე მეორის ძეგლის დადგმა თელავში თუ მისი გახმაურებული ფრაზა „ჩვენ ჩვენი მკვდარი გვატირეთ", ყრილობის ტრიბუნიდან რომ წარმოთქვა.


უნიკალური ორგანიზატორი იყო. ბევრის მანიშნებელია თელავის გუბერნატორის, ცხონებული გია არსენიშვილის ნახევრად ხუმრობით ნათქვამი  ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელთა ოფიციალურ სხდომებსა თუ პირად საუბრებში:


- საერთო ამოცანები მე გაგაცანით, რა უნდა გააკეთოთ და როგორ, მედიკოსთან შედით, ის გეტყვით.


ისიც ეუბნებოდა, ეხმარებოდა და საქმესაც თავი ედგმებოდა.


ამ ყველაფერზე და უფრო მეტზეც ილაპარაკეს იმ დღეს თელავში, შეკრებაზე, რომელიც თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართა, დამსწრეთა სიმრავლით და გამომსვლელთა სიტყვების გულწრფელობით გამოირჩეოდა.


უპირველესად კი ის გაიხსენეს, როგორ მიჰქონდა გულთან ახლოს ნებისმიერი მოქალაქის თხოვნა და გასაჭირი. თავს გადადებდა და მოუგვარებდა პრობლემას - პირადი იქნებოდა თუ საზოგადო სატკივარი. ერთმა სიტყვით გამოსულმა გაიხსენა, მეზვრიშვილის მისაღებში აღშფოთებული და აბობოქრებული ხალხი რომ ნახა, მომჩივნები. შევიდნენ მედიკოსთან და მისი კაბინეტიდან სულ „შენი ჭირიმეთი" და „შენ გენაცვალეთი" გამოვიდნენ.


ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა იცოდა...


მერე როგორი თამადა იყო!..


მთელი თავისი სიცოცხლე საქართველოს მიუძღვნა და შეალია.


ამიტომაც ახსოვთ და არც დაივიწყებენ.


ბარემ სიტყვით გამომსვლელებსაც დაგისახელებთ: საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე, მედეა მეზვრიშვილის უახლოესი მეგობარი ნელი გურგენიძე, კახეთის მხარეში პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი ბიძინა სონღულაშვილი, საქართველოს სახალხო მხატვარი, მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილი, ყოფილი პარლამენტარი დალი აბაშიძე, ჟურნალისტი მერი ზაალიშვილი, მსახიობი, თეატრმცოდნე ფიქრია ყუშიტაშვილი და სხვები.


მდიდარი სპექტრია.


დაბოლოს, მედეა მეზვრიშვილის 85 წლის საიუბილეო ხსოვნის საღამოს თავი დაადგეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016