reportiori.ge - რა გვასწავლა უკრაინასთან თამაშმა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:41
სპორტი
რა გვასწავლა უკრაინასთან თამაშმა?
10 ივნისი, 2015. 17:59


გუშინ, თბილისის დროით 22:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. აღნიშნული შეხვედრა ევრო-2016-ის საკვალიფიკაცი ეტაპის მორიგი რაუნდისთვის მზადებას მოიაზრებდა, რომელშიც უკრაინელები გაცილებით სუსტ ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან, ხოლო „ჯვაროსნები" D ჯგუფის პირველადგილოსან პოლონეთს შეერკინებიან, რომელმაც პირველ წრეში, „დინამო არენაზე" თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ქართველებს 4:0 მოუგო.


არ მინდა, ვინმეს ეგონოს, რომ დაუნახავები ვართ და მხოლოდ ვაკრიტიკებთ, იყო რამდენიმე დადებითი მომენტი გუშინდელ თამაშში, თუმცა ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის სასარგებლოა!


მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიასგან განსხვავებით, ცხადაძე საქართველოს ნაკრებში სრულიად სხვა საფეხბურთო ფილოსოფიას ატარებს, ლაღ და შემტევ თამაშს ითხოვს, რაც გულშემატკივარს გაცილებით ხიბლავს, ვიდრე პრაგმატული ფეხბურთის ყურება, ეს ფეხბურთია და ტაბლო არ უნდა დავივიწყოთ. გასაგებია, რომ ეს ამხანაგური თამაშია და შედეგს თითქმის არანაირი მნიშვნელობა აქვს, თუმცა შემტევ ფეხბურთს 5 მცველით არ თამაშობენ! კიდევ უფრო დიდი პრობლემა ის გახლავთ, რომ გუშინ „ჯვაროსანთა" რიგებში არცერთ საყრდენს არ უთამაშია. კანკავა დისკვალიფიკაციის გამო არ გამოიძახეს, დაუშვილს, ცინცაძესა და მახარაძეს კი სკამზე დარჩენა არგუნეს.


რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა გადაიტანოს 5 მცველითა და საყრდენების გარეშე ბურთი გუნდმა დაცვიდან შეტევაში, თანაც როდესაც მარჯვენა ფლანგზე ლობჟანიძის დონის ფეხბურთელი დგას, რომელმაც იმდენჯერ დაკარგა ბურთი შეტევაში ასვლისას, რომ სათვალავიც კი აგერეოდათ.


აშკარაა, რომ ოქრიაშვილი და ანანიძე სათანადო ფორმაში არ არიან. ლობჟანიძე, კობახიძე და ბაჩანა ცხადაძე ეროვნული ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებენ. ლორიას მეტი გაწონასწორებულობა და სიდინჯე მართებს, ყაზაიშვილი კი, საკუთარ პოზიციაზე არ თამაშობდა და გუნდთან შეუთამაშებლობა ეტყობა. ლაშა დვალი საკმაო ოდენობის შეცდომებს უშვებდა, თუმცა არცერთი მათგანი კატასტროფული არ ყოფილა. ეს ყოველივე მისი ასაკისა და გამოუცდელობის ბრალი უნდა იყოს.


მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ნავალოვსკიმ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. ჭანტურიამ კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ მას მაღალი დონის ფეხბურთის თამაში შეუძლია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს საკუთრ თავზე სამუშაო. საკმაოდ კარგად ჩაერთო შეხვედრაში ალადაშვილი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ლობჟანიძის ადგილს ძირითად შემადგენლობაში.


გაურკვეველია, თუ რას ემსახურებოდა გუშინდელი მატჩი. ცხადაძემ სულ 4 ცვლილება გამოიყენა, თანაც ისე, რომ სერიოზული გადაადგილება არც მომხდარა. რაც შეეხება უკრაინელებს, მათ ჯერ კიდევ მეორე ტაიმის სასტარტო შემადგენლობაში 5 ახალი ფეხბურთელი გამოიყვანეს, 76-ე წუთზე კი ოლეინიკს მისცეს თამაშის საშუალება. ასეთი შეხვედრები ხომ სწორედ ფეხბურთელთა მაქსიმალურად ჩართულობასა და ძალების დემონტრირების საშუალებას უნდა იძლეოდეს? გაუგებარია, რატომ არ მისცა საკუთარი ძალების დამტკიცების საშუალება ცხადაძემ ცინცაძესა და პაპუნაშვილს. ცხადაძის თქმით, ის ხომ მომავალი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ქმნის ბირთვს და ვინ შეიძლება მათზე გამოსადეგნი იყვნენ ამ საქმისთვის?! ეს ახალგაზრდები ხომ ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე მეტად გამოირჩევიან. ცინცაძეს საყრდენის პოზიციაზე ბურთისთვის შეუპოვრად ბრძოლა და კარგი გადაცემების გაკეთება შეუძლია, პაპუნაშვილი კი საოცარი ტექნიკური მახასიათებლებით, ვირტუოზული თამაშის სტილითა და ბრწყინვალე საგოლე ალღოთი გამოირჩევა. ამ უკანასკნელს კი ქართველ ფეხბურთელთა უმრავლესობა მოკლებულია, თუმცა მათ რიგებში არ არის მათე ვაწაძე, რომელსაც ჯერ კიდევ წარსულში არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ საგოლე სიტუაციაში ზუსტად მოქმედების უნარი გააჩნია, გუშინ კი 71-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და 10 წუთში ბრწყინვალე გოლიც გაიტანა. გარდა ამისა, „ორჰუსის" ქართველი ფორვარდი თითქმის ყველა ეპიზოდში საკმაოდ მწვავედ მოქმედებდა მეტოქის ნახევარზე.


ძალიან რთული იქნება ასეთი თამაშით პოლონეთთან გამოსვლა. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია და კონტრშეტევებზე თამაშს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. სწორედ ასეთი თამაშებისთვისაა დაბადებული გოგიტა გოგუა, რომელიც ფლანგზე ყოველთვის შეუპოვრად იბრძვის და მარგი ქმედების კოეფიციენტი თითქმის ყოველთვის მშვენიერი აქვს. სამწუხაროდ, გუშინდელ ტესტ-მატჩში მისი თამაშიც ვერ ვიხილეთ.


რთული სათქმელია, თუ რა ვისწავლეთ გუშინდელ შეხვედრაში. ქართველები რამდენიმე ეპიზოდში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდებში თავდაჯერებულობა და კლასი აკლდათ. დაცვის ხაზი, მცველთა სიმრავლის მიუხედავად, ზედმეტად ბევრ შეცდომას უშვებდა, თუმცა ასეც ხდება, როდესაც მატჩის დიდ ნაწილს ბურთის უკნიდან ამოტანასა და დაცვაში გათამაშებით ატარებ. იმედი ვიქონიოთ, რომ პოლონეთთან დაპირისპირებისას „ჯვაროსნები" მსგავს შეცდომებს არ დაუშვებენ და პროგრამა მინიმუმის მიღწევას მაინც მოახერხებენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016