აღმოსავლეთ პარტნიორობის არსებობის მანძილზე, ზუსტად ორი წლის შუალედში, ჩვენ ორი სხვადასხვა ხასიათის სამიტის მომსწრენი გავხდით - აღმოსავლეთ პარტნიორობის 2013 წლის ნოემბრის ვილნიუსის სამიტისა, რომელსაც „სწრაფ შედეგებზე ორიენტირებული" უწოდეს, და 2015 წლის მაისის რიგის სამიტის, რომელსაც „ტემპის შემანელებელი" შეიძლება ეწოდოს. ვილნიუსში სულისკვეთება იყო რევოლუციური, ეს იყო ერთ-ერთი იმ მოვლენათაგანი, რომლის მიმდინარეობისას ხალხი დარმუნებულია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს: ეს შეიძლება არ იყოს ბერლინის კედლის დანგრევის ტოლფასი მოვლენა, მაგრამ ის, რასაც შესაძლოა ვუწოდოთ კაცობრიობის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება რიგის სამიტს, მასზე ვერ მოხერხდა ყველა ლიდერის წარმოჩენა იმ ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან, რომლებიც ევროპასთან „კიდევ უფრო მეტად დაახლოების" გზას დაადგნენ და შედეგიც ბევრად მოკრძალებული აღმოჩნდა.
გულახდილად რომ ვთქვათ, წინასწარვე ვვარაუდობდით, რომ რიგა ვილნიუსისგან განსხვავებული იქნებოდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, რომელმაც აღიარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების „უფლება" ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იქვე თავისი ამოცანა განსაზღვრა „ამ მოლოდინების მართვის საკითხში". რიგაში გერმანიის კანცლერმა მერკელმა მეტად კატეგორიულად განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ ყოფილა პოლიტიკური ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ და ის არც გაფართოების ინსტრუმენტს წარმოადგენს. ევროპაში რევოლუციური გარდატეხებისა და სწრაფი ტრანზიციის ეპოქა დასრულდა. ევროპა ახლა ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ, რათა მცირე კუმულაციური ეფექტით მიაღწიოს სასურველ შედეგს. დაახლოების ამგვარი პოლიტიკა მოიცავს როგორც კანონის უზენაესობის სტანდარტებს, ასევე ბიომეტრიული სასაზღვრო კონტროლის მექანიზმებს.
ბელარუსის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ყველა სახელმწიფოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. ოკუპირებული ტერიტორიები ხშირად მოიაზრება, როგორც კერძო ოლიგარქიული სამფლობელოები, ან კრიმინალური გავლენის სფერო, სადაც ადვილად ხდება იძულების ინსტრუმენტების სუბსიდირება. ამ ტერიტორიებზე ცხოვრება არც ისე ადვილია, რადგან უმეტესწილად გათვალისწინებული არ არის ცხოვრების, სწავლის და მუშაობის პირობები. ეს ტერიტორიები, მუდმივი ვაჭრობის საგანი, რუსეთის მხრიდან, მის მიერვე შექმნილი ზეწოლის მექანიზმია, იმ ილუზიური გათვლებით, რომ მომავალში, როდესაც გარემოებები შეიცვლება, შესაძლებელია მოხდეს შეთანხმების მიღწევა. იმ დრომდე კი, რუსეთი წარმოადგენს არსებობის ერთადერთ კონტექსტს ამ არაღიარებული და დამოუკიდებლობისგან ძალიან შორს მყოფი წარმონაქმნებისთვის.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთვის გასათვალისწინებელია არსებული რეალობა რუსეთის როლთან დაკავშირებით, რომელიც კვლავ თავის ამოცანას შეასრულებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობად" წოდებული სამყარო ჯერ კიდევ რუსულ კოსმიურ სივრცეშია. ამ სამყაროში ხალხი საუბრობს რუსულად, უყურებს რუსულ ტელევიზიას, ჰყავს ნათესავები რუსეთში და ხშირად დამოკიდებული არიან რუსეთიდან მიღებულ ფინანსურ გადმორიცხვებზე, რეგიონში უყვართ და აფასებენ რუსულ კულტურასა და სამზარეულოს და შესაძლოა ევროვიზიის კონკურსზეც სწორედ რუსეთს მისცენ ხმა.
სახელმწიფოებს, რომლებმაც პრო-ევროატლანტიკური კურსი აირჩიეს, რეალურად არ სურთ რუსეთთან დაპირისპირება; მათ სურთ დაამტკიცონ, რომ ისინი არ არიან „პოსტსაბჭოთა"- ყოფილი რესპუბლიკები და ამჟამად სატელიტ ქვეყნებად კი არ მოიაზრებიან, არამედ სუვერენულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ. მათ არ სურთ სატელიტებად ყოფნა ახლო, საშუალო თუ დიდ დისტანციებზე. ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ რუსეთთან ერთად, მაგრამ არა რუსეთში.
ევროპას სხვა არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ ჩართული იყოს რეგიონში მინიმალური ამბიციებით. თუ მოვახდენთ დომინიკ მუასის გამონათქვამის პერიფრაზირებას, უნდა მოხდეს კავკასიის ევროპეიზაცია, რომ არ შეიქმნას კავკასიური ევროპის საფრთხე. ამჟამად თბილისიდან ჩინეთამდე მატარებლით მგზავრობას ცხრა დღე სჭირდება, რაც, სულ მცირე, სამი კვირით ნაკლებია, რასაც სატვირთო გემი ან სატვირთო მატარებელი მოუნდება რუსეთის საზღვაო პორტებამდე. ენერგეტიკული ნაკადები შუა აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდან, სავარაუდოდ, თბილისის გავლით ჩინეთისკენ წარიმართება. ერთი მხრივ, ჩვენ გამტარი ზოლი ვართ სასურველი ხალხის, სასაქონლო პროდუქციისა და სავაჭრო კაპიტალისთვის, თუმცა ამას თან ახლავს უარყოფითი ფაქტორებიც: ტრეფიკინგი, ჯიჰადისტები, ბიოლოგიური და ბირთვული ნივთიერებები, იარაღი და ნარკოტიკები. რაც უფრო წარმატებულები ვიქნებით, ეს მით უკეთესი იქნება როგორც ევროპის, ისე მთელი მსოფლიოსთვისაც.
ჩვენ თავად უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი სახელმწიფო გვინდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტმა გვიჩვენა, რომ ევროპა მზადაა დახმარება გაგვიწიოს ტექნიკურ საკითხებში, ბაზრის ხელმისაწვდომობასა და ინვესტიციების მოზიდვაში. ის ფაქტი, რომ ვალდებულებათა შესრულება განპირობებული იქნება ნორმატიული ბაზის დაახლოებით, ზოგიერთ ჩვენგანში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. მაგრამ საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ორი ძირეული არჩევანი გვაქვს. ჩვენ შეიძლება გადავიქცეთ პატარა კუნძულად, საკუთარი ინტერესებით, რომელიც საკუთარ თავს და სახელისუფლებო სტრუქტურებს იცავს ცვლილებებისგან, ან შეგვიძლია მივიღოთ და გავატაროთ ცვლილებები და მათი საშუალებით ხელი შევუწყოთ ინოვაციებს, ახალ შესაძლებლობებს, განვითარებას, სოციალურ ერთობას და ამით უზრუნველვყოთ მშვიდობა და სტაბილურობა.
როდესაც ევროპულ კურსზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი საბოლოო მიზანი მხოლოდ ევროკავშირის წევრობა არ არის. ავსტრია, შვედეთი და ფინეთი მრავალი წლის მანძილზე არ იყვნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მხოლოდ ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შეუერთდნენ მას. შვეიცარია და ნორვეგია არასოდეს ყოფილა ევროკავშირის წევრი. არც ერთი ეს სახელმწიფო დღემდე არ გაწევრიანებულა ნატოში. მაგრამ ისინი არანაკლებად ევროპელები არიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ავსტრია, რომელმაც მთელი გზა გამოიარა ქვეყანაში რუსეთის ჯარის ყოფნიდან ნეიტრალურ სახელმწიფომდე და შემდეგ ევროკავშირის წევრობამდე. მაგრამ ეს იყო პროცესის დასასრული, და არა მისი საწყისი ეტაპი. ამ სახელმწიფოთა გზა იყო ეტაპობრივი სვლა წარმატებისკენ. ამისთვის საქართველომ, უპირველეს ყოვლისა, ძლიერი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისთვის უნდა იზრუნოს.
შარშან, სექტემბერში, ნატოს უელსის სამიტზე ცხადი გახდა, რომ შეთავაზებული იქნება ტექნიკური მხარდაჭერა, ტრეინინგები, ერთობლივი სამხედრო წვრთნები და მატერიალური დახმარებაც კი, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული თავდაცვა, მაგრამ უმთავრესი ძალა ქართული არმიაა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვას. ნატოს ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის გარანტიები არ ვრცელდება საქართველოზე და არც ევროპას სურს კავკასიასა თუ უკრაინაში არსებული სტატუს-კვოს შეცვლა ძალისმიერი მეთოდებით. ყველა, ვინც პრეზიდენტ პოროშენკოს გუნდს შეუერთდა, საქართველოს ნამდვილი მეგობარია, ისინი ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგნენ. მაგრამ, რაც უნდა ძლიერი ოყოს გუნდი, ან მისი მრჩევლები, ევროპას ჩვენი მოლოდინების გამართლების ნაცვლად, მათი „მართვა" აქვს განზრახული. ჩვენ უნდა ვიოცნებოთ წარმოუდგენელზე, და მაინც, ახლავე უნდა განვსაზღვროთ, თუ რა შედეგების მიღწევა შეგვიძლია და არ გავცეთ დაპირება იმაზე, რისი შესრულებაც ვერც სხვებმა შეძლეს, ან რისი შესრულებაც უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბოლო ანგარიშმა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოქვეყნდა, ნათლად აჩვენა, ჯერ კიდევ რამდენად არის ჩვენი რეგიონი ეკონომიკურად რუსეთზე დამოკიდებული. ზრდის პროექტები საქართველოსთვის განახევრდა, მიუხედავად იმისა, რომ ვვარაუდობთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტად გაზრდას. მოლდოვა სტაგნაციისა და რეცესიის პერიოდში შედის, მეტ-ნაკლებად იგივე ხდება სომხეთშიც, აზერბაიჯანი კარგად მართული სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკონომიკა ზარალდება ენერგორესურსებზე ფასების დაცემის გამო, უკრაინა გაჩანაგებულია და ბელარუსი გაღარიბებული. საქართველო უკეთ გამოიყურება სხვებთან შედარებით, რადგან მან შეიცვალა ტრაექტორია და ნაკლებად არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. როგორც თავის დროზე ავსტრია, საქართველოც გამოცალკევდა რეგიონში.
მოცემულ სიტუაციაში, საქართველო უნდა შეეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი მიიღოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. ასევე, რამდენადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად ჩართოს რუსეთი, ისე, რომ თავიდან აიცილოს ოლიგარქიული ძალაუფლების თამაშებში მონაწილეობა. ჩვენ, ქართველები, ევროპისთვის გადაწყვეტილებათა ნაწილი უნდა გავხდეთ. ევროპამ უნდა დაინახოს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მის ღირებულებებსა და ინტერესებს იზიარებს, რომელიც თავის წვლილს შეიტანს მის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და დახმარებას გაუწევს საერთო გამოწვევებთან გამკლავებაში. ამან შესაძლოა მოითხოვოს უფრო მეტად გამჭვირვალე რიტორიკა იმის თაობაზე, თუ ვინ ვართ და რის მიღწევას ვაპირებთ. ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ და ყოველი განვლილი დღე მასთან კიდევ უფრო გვაახლოებს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ მოგვეთხოვება მეტი მუშაობა, ახალი შესაძლებლობების გამოყენება და უფრო ფართო უფლებებით სარგებლობა. ეს ის გზაა, რომელიც საქართველომ, ქართველმა ხალხმა აირჩია. ეს არის ჩვენი გზავნილი ევროკავშირისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის.
თედო ჯაფარიძე
სტატია დაიბეჭდა ევროპელ ლიდერთა გაერთიანების პუბლიკაციებში