„ქართული ოცნების" უპირველეს ამოცანად, საშუალოვადიან სტრატეგიად, თანდათან იკვეთება ქვეყნის მშვიდობით მიყვანა 2016 წლის შემოდგომამდე, უახლოეს საპარლამენტო არჩევნებამდე. ამის მიზეზი ორია: ა) მმართველი ძალა, დღევანდელი შემადგენლობით, მზად არ არის, გადაჭრას სახელმწიფოს წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემები. გადახალისებისთვის მას დრო სჭირდება; ბ) ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ძალების „ბრძოლამ" უშეღავათო ხასიათი მიიღო. მთელი სიმწვავით ამოქმედდა საუკუნეებგამოვლილი პრინციპი - „მიზანი ამართლებს საშუალებებს".
პირველ თემაზე საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე ერთი თვის წინ (http://reportiori.ge/?menuid=48&id=67561 ), ამიტომ, პირდაპირ მეორის ანალიზისკენ მივაპყრობ მკითხველის ყურადღებას:
„მოქმედი პირნი და შემსრულებელნი" ხელმომწერების სახით დაფიქსირდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნის დოკუმენტზე. ჩამონათვალს აკლია მხოლოდ პრეზიდენტისა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის ავტოგრაფები. დამეთანხმებით, არაერთგვაროვანთა ერთობის უპრეცედენტო მაგალითია, რომელიც ახსნას საჭიროებს.
აღნიშნული ერთსულოვნება მიმართვის ავტორებს მოთხოვნის სიძლიერის არგუმენტად მოჰყავთ („ფართო კონსენსუსი"). ვფიქრობ, საქმე უფრო პირიქითაა. ეს არ არის შემთხვევა, როცა ძალა ერთობაშია, ეს არის შემთხვევა, რომელიც კრილოვს აქვს აღწერილი თავის ერთ ცნობილ იგავში. ობიექტური დასკვნის გამოსატანად, ძალიან მოკლედ დავახასიათოთ „დემოკრატიის ერთგულებას გადაგებული" 22-სუბიექტიანი შემადგენლობა:
ე.წ. „სამთავრობო არასამთავრობოების" თემაზე ბევრჯერ გვისაუბრია. სააკაშვილი-ჟვანიას კალთაში გამოზრდილმა საზოგადოების ამ საკმაოდ გავლენიანმა ნაწილმა, სამწუხაროდ, თავი ვერ დააღწია ძველ გავლენებს და ვერც შირმად აფარებული, შინაარსისგან მთლიანად დაცლილი „პროდასავლურობა" შველით, რადგან განვლილმა წლებმა ყველას დაარქვა თავისი სახელი. ხელმომწერთა შორის ასეთი სულ რვაა (როგორც გაირკვა, განხილვებზე არ იწვევდნენ ოდნავ განსხვავებული პოზიციის მქონეთაც კი).
მიმართვის ავტორ 14 პოლიტიკურ ორგანიზაციას შორის 10 (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, „ქართული დასი", „ევროპელი დემოკრატები", ძალოვან ვეტერანთა კავშირი, „მემარცხენე ალიანსი", სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, ედპ, „ახალი მემარჯვენეები", „თავისუფალი საქართველო", „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა") ოდნავადაც ვერ უახლოვდება საზოგადოების მხარდაჭერის 1%-იან ნიშნულს. გარდა ამისა, ამ ათეულის დიდი უმრავლესობა, ზოგი ღიად და ზოგი ფარულად, „ნაცების" სამსახურში იყვნენ და არიან ახლაც.
წინა სამი აბზაცის შინაარსიდან გამომდინარე, ორი დასკვნა უკვე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: პირველი - ცვლილებების ინიციატორთა სიმრავლე ხელოვნურია და მეორე - პროცესის მართვის სადავეები „ნაცების" და მათი სატელიტების ხელშია.
დანარჩენი ოთხეული ორ პირობით ჯგუფად შეიძლება დაიყოს - „ნაცები" და ალასანია; ბურჯანაძე და „პატრიოტთა ალიანსი". დღევანდელი გადასახედიდან, ალასანიას პარტიას ძალიან უჭირს, დამოუკიდებლად ის 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. ამიტომ, სრულიად ლოგიკურია ამ ერთობაში მისი გამოჩენა. „თავისუფალი დემოკრატების" სავარაუდო პარტნიორებად „ნაცები", მარგველაშვილი და მოვლენათა გარკვეული განვითარების შემთხვევაში, „რესპუბლიკელები" შეიძლება მოიაზრებოდნენ. საარჩევნო სისტემის ცვლილებების მოთხოვნით კამპანიის აგორება აღნიშნული სამეულისთვის (ოთხეულისთვის) ერთმანეთთან შეთამაშების კარგი საშუალებაა, კარგი საშუალებაა თავისი მაქსიმუმის მიღწევისთვის.
ამ ფონზე ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა" და „პატრიოტთა ალიანსი", შეიძლება ითქვას, გაუგებრობაში მოხვედრილის შთაბეჭდილებას ტოვებენ. დამნაშავე რეჟიმთან უკომპრომისო მებრძოლის სისხლით მოპოვებული სახელი (განსაკუთრებით ეს ბურჯანაძესა და მის თანამებრძოლებზე ითქმის) თვალსა და ხელს შუა შეიძლება აორთქლდეს. სამწუხარო ფაქტია, რომ კერძო პარტიულმა ინტერესმა (დამატებითი 1-2 მანდატი ახალ პარლამენტში) პოლიტიკური სტრატეგიაც დააზარალა და ტაქტიკაც.
პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ „ოცნება" კიდევ დიდხანს დარჩება წამყვან ძალად. ოპოზიციური ორგანიზაციების ამოცანა, ამ ეტაპზე, მეორე პოზიციის მოპოვება უნდა იყოს. (განსხვავებულია „ნაცმოძრაობის" დამოკიდებულება. ის მუდმივად არეულობის ორგანიზების მცდელობაშია, რადგან, რაც დრო გადის, მისი ლიდერები მით მეტად უახლოვდებიან ფართოდ შეღებულ გისოსებიანი საკნების კარებს). პლუს-მინუს ერთი ხმა არაფერს იძლევა. ამ მოცემულობაში „გაერთიანებული დემოკრატებისა" და „ალიანსის" მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობაა" თავისი „ავან-ჩავანით".
ღრმად რომ ჩავუფიქრდეთ, ზემოთ ნახსენები ნაბიჯი არც ამ თვალსაზრისით (1-2 მანდატი) იქნება მომგებიანი. საინტერესოა, რას გააკეთებს ნინო ბურჯანაძე, თუკი მოთხოვნის გასაძლიერებლად საპროტესტო აქციების გამართვას გადაწყვეტს? გიგა ბოკერიასთან ერთად დადგება რუსთაველზე და სააკაშვილის გზავნილებს მოისმენს ოდესიდან? „გაერთიანებულმა დემოკრატებმა" და „ალიანსმა" დამატებითი ხმები ხელისუფლების ყოფილ მხარდამჭერებში უნდა მოიძიონ. „ოცნებით" იმედგაცრუებული ადამიანი (ამომრჩეველი) ალტერნატივის ძიებაშია, მაგრამ მისთვის ახალი იმედი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება „ნაცებთან" ერთობის შემკვრელი ვერცერთი სუბიექტი. წესიერ კაცს „ბილწთ არ შავეკვრი ზავითა" ძვალში და რბილში აქვს გამჯდარი და საქართველო, მრავალი ნაკლის მიუხედავად, საზოგადოდ, წესიერი ხალხის ქვეყანაა... და კიდევ - „ჯერ წესია საქმე..."
ახლა რაც შეეხება საქმეს. არჩევნების მაჟორიტარული წესი არც არადემოკრატიულია, არც არაკონკურენტული და არც არათანაბარი გარემოს შექმნის პირობა, როგორც მიმართვაშია აღნიშნული. როდესაც „ნაციონალების" მმართველობის პერიოდში ვითხოვდით ხსენებული წესის შეცვლას, ჩვენი პოზიცია მრავალი არგუმენტით იყო გამყარებული: ამომრჩეველთა სიები იყო გაყალბებული, ბარიერი რეალურად არ არსებობდა, ადმინისტრაციული რესურსი სრულად და უმძიმესი ფორმებით იყო ჩართული საარჩევნო პროცესში, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი იყო უსამართლო, უწესოდ და უკანონოდ ტრიალებდა დიდი ფული...
„ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საყოველთაო აღწერის ჩატარებით შექმნა ამომრჩეველთა ზუსტი სიების დადგენის წინაპირობა; გააკეთა საჯარო განცხადება 50%-იანი ბარიერის შემოღების შესახებ; საარჩევნო კომისიებში პარტიათა წარმომადგენლობა საგრძნობლად გაზრდილია ყველა წინა პერიოდთან შედარებით; შსს საარჩევნო პროცესიდან მთლიანად დისტანცირებულია; არავინ არავის ემუქრება ხელების და ფეხების მომტვრევით; აღკვეთილია „საარჩევნო ფულის შეგროვების" პრაქტიკა და სხვ. რომ შევაჯამოთ - საარჩევნო გარემო არ არის იდეალური, მაგრამ საგრძნობლად, თვისებრივად არის გაუმჯობესებული.
ვეთანხმები შეფასებას, რომ ხელისუფლებისთვის შერეული სისტემა უფრო მომგებიანია, ვიდრე პროპორციული. გაკვირვებას და მითუმეტეს, აღშფოთებას არ უნდა იწვევდეს მმართველი ძალის დამოკიდებულება, არჩევანის შემთხვევაში, თავისი ინტერესის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება (ასე ხდება მთელ მსოფლიოში). ოპოზიცია, რასაკვირველია, მუდმივად მაქსიმალისტურ დამოკიდებულებას უნდა გამოხატავდეს და პრესინგში უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევა „ყველაფერზე ხელის მოწერის" ხარჯზე, მერწმუნეთ, არ ღირს. საკადრებელი გადაცდომა ავტორს, ადრე თუ გვიან, მაინც წინ დახვდება.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, 2020 წლიდან არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ზოგიერთი პოლიტიკოსისა და იურისტისთვის თურმე „გაუგებარი" ყოფილა, რატომ არ ხდება „სამართლიანი საარჩევნო სისტემის" შემოტანა უახლოესი არჩევნებისთვის. როდესაც პოლიტიკოსს ან იურისტს არ ეუხერხულება იმ დიდი ტყუილის („მიზანი ამართლებს საშუალებებს") ტირაჟირება, რომ მაჟორიტარული არჩევნები (მთელ დემოკრატიულ სამყაროში დამკვიდრებული პრაქტიკაა) არასამართლიანობის პირობაა, მას შეიძლება არც უპასუხო, მაგრამ საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა - ჩემთვის მართლაც გაუგებარია, რატომ აჩქარდა „ქართული ოცნება"?
„ნაცების" დაკრულზე ცეკვა-თამაში უნდა დასრულდეს. ცხოვრების ყველა მიმართულებით გარემოს თვისებრივი შეცვლა, დემოკრატიის ხარისხის გაზრდა, პიროვნების თავისუფლების ხარისხის ამაღლება (ამაზე მეტი წარმოუდგენელია), სრულიად ახალ რეალობას ქმნის. ამ ახალ რეალობაში „მოქალაქეთა კავშირისა" და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდებში შექმნილი სტერეოტიპებით აზროვნება, მითუმეტეს, გეგმების შემუშავება, უბრალოდ, ან მავნებლობაა („ნაცების" შემთხვევაში), ან უმწიფრობა და წვრილმანი მერკანტილიზმი და ყველა შემთხვევაში - არასახელმწიფოებრივი აზროვნება.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს ქვეყნის მთავარ კანონში ძირეული ცვლილებების განსახორციელებლად. ისიც ცნობილია, რომ ამ ეტაპზე „კონსტიტუციის ძირეული გადახედვის" კონტურები ჯერ არ არის გამოკვეთილი. საარჩევნო სისტემის შეცვლაც კონსტიტუციური საკითხია. როდესაც მმართველ პოლიტიკურ ძალას ჯერაც არა აქვს ჩამოყალიბებული (რატომ - ეს მეორე საკითხია) ცვლილებების ერთიანი კონტექსტი, ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე წინმსწრები გადაწყვეტილების მიღება დიდი პოლიტიკური შეცდომაა - სტრატეგიული ხასიათის პოლიტიკური შეცდომა.
მოდით, თემა უფრო გავშალოთ ერთი კონკრეტული სეგმენტის მაგალითზე (ასეთი რამდენიმე შეიძლება იყოს) - საქართველო ჯერ კიდევ კომუნისტურ ხანაში ჩამოყალიბდა როგორც თავკომბალა სახელმწიფო. „ქართულ ოცნებას" აქვს გაცხადებული კურსი ქვეყნის მაქსიმალური დეცენტრალიზაციის მიმართულებით. ამ კუთხით, თვითმმართველობების გაძლიერება და ადგილებზე უფლებამოსილებების მაქსიმალური დელეგირება საკითხის ერთი მხარეა. ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რა ნაბიჯები იქნება ამ მიმართულებით კონკრეტული რეალური შედეგების მომტანი. ვინმეს აქვს გააზრებული, რეფორმის ინტენსიფიკაციის მიზნებიდან გამომდინარე, როგორი შეიძლება იყოს რაიონის დეპუტატის როლი?
რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის, როგორც ასეთის, თემას. აქაც ძველი სტერეოტიპი მუშაობს - პოლიტიკურად ბნელი, რაიონების ბიუჯეტებს შესეული ვამპირები და მონსტრები, ფულის ტომრები, ანტისახელმწიფო ელემენტები... ვითარება ამ თვალსაზრისითაც რომ თვისებრივად არის შეცვლილი, ამის საილუსტრაციოდ მარტივი შედარებითი ანალიზიც კმარა - მოქმედ პარლამენტში (რომელიც, საერთო აღიარებით, ძალიან სუსტია, მაგრამ შედარებითი ანალიზისთვის ამ გარემოებას მნიშვნელობა არა აქვს) მაჟორიტარული წესით არჩეულები არიან: დავით უსუფაშვილი, ზვიად ძიძიგური, მანანა კობახიძე, გუბაზ სანიკიძე, ეკა ბესელია, ვახტანგ ხმალაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ელისო ჩაფიძე, გელა სამხარაული, გიორგი კახიანი, ნოდარ ებანოიძე, თამარ კორძაია (მიმართვაზე ხელისმომწერი არასამთავროების ფავორიტი), მურმან დუმბაძე, ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი, შალვა შავგულიძე... ასევე მაჟორიტარები იყვნენ: თეა წულუკიანი, კახი კალაძე, თინათინ ხიდაშელი.
მოცემულ სიას საპირწონედ დავუყენოთ სიით გასული ყველაზე აქტიური დეპუტატების ოცეული. რა და როგორ, აღარ მოვყვები, სურათი ისედაც ნათელია, მხოლოდ ერთს დავამატებ - ყველა ამ პიროვნებამ (კახიანის და კორძაიას გარდა) პირველ ოქტომბერს ოპოზიციონერის პოზიციიდან მიაღწია წარმატებას. რაც შეეხება „ფულის ტომრების" გამაჟორიტარებას, ესეც ძველია. ესეც, როგორც ბიზნესზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, ჯერ „მოქკავშირის", ხოლო შემდეგ „ნაცების" მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ოცნების" პირობებში მას გაგრძელება არ ექნება.
საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით წინმსწრები გადაწყვეტილების მიღება ტაქტიკური თვალსაზრისითაც არ არის გამართლებული. პარლამენტში კენჭისყრის ქვორუმი მაღალია (113 ხმა), კენჭისყრაზე გასატან საკონსტიტუციო ცვლილებათა ჩამონათვალი - ვრცელი. ისე არ მოხდეს (საკითხების გამიჯვნის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება), რაც „ნაცების" ინტერესშია - დადებითად გადაწყდეს, ხოლო რაც „ოცნებას" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია - სამომავლო ვალში გადავიდეს.
პოლიტიკისა და სამართლის იმ „პროფესორთა" დასამშვიდებლად, ვისთვისაც „გაუგებარია" გადაწყვეტილების 2020 წლისთვის გადავადება, „ოცნებას" ერთი მნიშვნელოვანი გარემოების „გამხელაც" მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ინფორმაციას არ გამოუჟონავს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მაჟორიტართა უმრავლესობა და არამაჟორიტართა არცთუ მცირე ნაწილი (ზოგი ობიექტური, ზოგიც (თუნდაც) სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე) კატეგორიულად დაუპირისპირდებოდა აღნიშნულ ცვლილებებს. მმართველი კოალიცია ვალდებულია, მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობის პირობებში, ოპტიმალური გამოსავალი ეძებოს. ხელისუფლებას საქმე აქვს საკეთებელი და ისედაც კრიზისულ ვითარებაში შიდა დაპირისპირებების დრო ნამდვილად არ არის. თუ ამ მსჯელობას ოდნავი საფუძველი მაინც გააჩნია (მჯერა, რომ ასეა), მაშინ 2020 წლიდან ცვლილებების დაანონსება ორმხრივ („ოცნების" შიგნით) კომპრომისად შეიძლება ჩაითვალოს.
რა, თუ არა ბედის ირონია შეიძლება ეწოდოს იმას, რომ 1995 წლიდან მოყოლებული, საარჩევნო პროცესი ჯერ სააკაშვილი-ჟვანიას სცენარით წარიმართებოდა (შემსრულებლები მაჭავარიანი, გოგორიშვილი და სხვ.), შემდეგ - სააკაშვილი-ბოკერიას სცენარით და იმავე შემსრულებლებით და ახლაც, თურმე, სააკაშვილისა და ბოკერიას გეგმებზე უნდა აეწყოს „სამართალი" და „სამართლიანობა". ისიც ნიშანდობლივია, რომ მიმართვის დოკუმენტს „ნაცების" სახელით ხელს ხათუნა გოგორიშვილი აწერს.
ყველაზე დიდი ქურდობა ხმების ქურდობაა. საარჩევნო ხმების ქურდობიდან იღებს სათავეს სახელმწიფო ტერორი, რეკეტი, კორუფცია, ყველა სახის ძალადობა, მათ შორის, ძალადობა გონებაზე და სულზე... ამ ფონზე (რაზედაც ზემოთ იყო საუბარი), ავადსახსენებელი რეჟიმის მამებთან და დედებთან „ჩაპადრუჩკებული" მავანი და მავანი (პოლიტიკოსებით დაწყებული და „ექსპერტ"-„ენჯეოშნიკებით" დამთავრებული) რომ იტყვის, „ნაცებსა" და „ოცნებას" შორის განსხვავებას ვერ ვხედავო, უხამსი სპეკულაცია და, მაპატიეთ, უნამუსობაა.
ანალიზის სისრულისთვის, აუცილებელია, „ტალღის ამგორებელთა" შესახებაც (სახალხო დამცველი, საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტი, მედიასაშუალებები) ითქვას ორიოდ სიტყვა, მაგრამ ამაზე მეორე წერილში... გაგრძელება იქნება.
ბიძინა დვალი
10.06.2015