საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირასა" და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, პორტალი "კვირა" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებს. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს პორტალში სტაჟირების გავლის საშუალება მიეცემათ.
როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, აღნიშნული მემორანდუმი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკულ გამოცდილებასაც შეიძენენ.
„დღეს ჩვენმა უნივერსიტეტმა პორტალ „კვირასთან" გააფორმა მემორანდუმი. ჩვენი მიზანი თანამშრომლობაა, რაც სტუდენტების პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვას გულისხმობს. ჩვენ გვინდა, სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და პორტალი „კვირა" ამაში მათ დაეხმარება", - აღნიშნა ილიას ჩილოღლუმ.
როგორც პორტალ „კვირას" მთავარმა რედაქტორმა ქეთი ხოსიტაშვილმა განაცხადა, პორტალი საგანმანათლებლო სფეროში არსებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს სისტემატურად აშუქებს, რათა დაინტერესებული ადამიანები უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულები ამ სიახლეების შესახებ და სურვილის შემთხვევაში, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა საგანმანათლებლო სექტორის მიერ შეთავაზებულ აქტივობებში.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ დავიწყეთ, დღეს მემორანდუმი გავაფორმეთ და ახლა უკვე ამ ფორმატით გაგრძელდება უნივერსიტეტსა და „კვირას" შორის თანამშრომლობა. მოხარულები ვართ, რომ ისეთ ავტორიტეტულ უმაღლეს სასწავლებელთან, როგორიც შავი ზღვის უნივერსიტეტია, გავაფორმეთ მემორანდუმი. ჩვენ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალებას მივცემთ „კვირაში" გაიარონ სტაჟირება და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს, რაც აღნიშნულ სფეროში მომუშავე ადამიანებს სჭირდებათ, „კვირა" მზადაა ამისთვის", - აღნიშნა ქეთი ხოსიტაშვილმა.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პორტალ „კვირას" მთავარმა რედაქტორმა ქეთი ხოსიტაშვილმა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მათთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.