ქალბატონო თამარ, როგორ ცინიკურად ჟღერს თქვენი ნათქვამი, რომ თურმე, 2010 წელს, როცა მოულოდნელად სამსახური დაკარგეთ, სალექციო კურსი გააკეთეთ, უნივერსიტეტს შესთავაზეთ და უნივერსიტეტმა ის მიიღო.
ვისაც მოკლე მეხსიერება არ გვაქვს, კარგად გვახსოვს, რომ 2010 წლის უნივერსიტეტი ის უნივერსიტეტია, ლამის „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ბანაკად რომ იყო გადაქცეული. სულ რომ გენიოსური რამ შეგეთავაზებინათ მაშინ თსუ-სთვის, თუნდაც დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი თვალები რომ გქონოდათ, მაინც არავინ მიიღებდა მაგ თქვენს მოფიქრებულ სალექციო კურსს - პოლიტიური მრწამსით რომ არ ყოფილიყავით მისაღები უნივერსიტეტისთვის უშუალოდ თქვენ ან ის ადამიანი, ვინც თქვენ „გკრიშავდათ".
თქვენს მიერ თქმულში, პირადად მე, ვერაფრით დამარწმუნებთ, იმიტომ, რომ მე ვარ თსუ-ს ის კურსდამთვრებული, რომელსაც სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგძელების უფლებას უნივერსიტეტი იმის გამო არ აძლევდა, რომ განსხვავებული აზრის მატარებელი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ როგორც შიდა, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით დაფინანსება მქონდა მოპოვებული. მაშინ ჩემი საკითხი იმიტომ გადაწყდა ჩემს სასარგებლოდ, რომ ჩემდა ბედად, განათლების და მეცნიერების სამინისტრო მეტად ერჩოდა მაშინდელ რექტორს გია ხუბუას და ეტყობა, „მკაცრი ხელი" აგრძნობინეს, თორემ, მანამდე, ხუბუას არხეინი საუბარიც მახსოვს - ვერაფერს გიშველით, ერთი წლის მერე უნდა სცადოთ ისევ ჩაბარებაო.
მე ვარ ის სტუდენტი, რომელსაც 2010 წელს, თსუ-ს მაშინდელმა ადმინისტრაციის უფროსმა დავით ჩომახიძემ, თსუ-ში მუშაობის დაწებაზე ასეთი მოტივით მითხრა უარი - „თუ ვინმე „ანგარიშგასაწევი პირი" გაგიწევთ რეკომენდაციას, მე უშუალოდ თქვენთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, აი შენი კურსელი კი, იმიტომ დაინიშნა რექტორის, ვლადიმერ კვიტაშვილის მრჩევლად, რომ მას რეკომენდაცია მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გაუწიაო"... აღარ გავაგრძელებ, უამრავი ასეთი მაგალითი მახსოვს.
ქალბატონო თამარ, აი, ასე დასცინოდნენ იმ პერიოდში „პოლიტიკურად უპატრონო" ადამიანებს და დღეს რომ გამოდიხართ და ასეთი ტექსტებით და პათოსით საუბრობთ, მინიმუმ - უხერხულია, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც გისმენენ.