reportiori.ge - პოლონეთი VS საქართველო (პრევიუ)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:18
სპორტი
პოლონეთი VS საქართველო (პრევიუ)
13 ივნისი, 2015. 17:51


დღეს, 13 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ვარშავის „ნაროდოვიზე", ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის მეორე წრის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც პოლონეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგვთავაზებს.


D ჯგუფში კვლავინდებურად დაძაბულობაა - პირველ ადგილს პოლონელები 11 ქულით იკავებენ, მათ თითო ქულით შოტლანდიისა და გერმანიის ნაკრებები ჩამორჩებიან, მეოთხე ადგილზე ირლანდიაა (8 ქულით), „ჯვაროსნები" 3 ქულით მეხუთე ადგილს სჯერდებიან, ბოლოადგილოსანი გიბრალტარის აქტივში კი კვლავინდებურად 0 ქულაა.


შეგახსენებთ, რომ D ჯგუფის პირველ წრეში საქართველომ პოლონეთს „დინამო არენაზე" უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა. ეს მატჩი თემურ ქეცბაიასთვის ნაკრების მთვარი მწვრთნელის პოსტზე უკანასკნელი გახლდათ.


საქართველოს ნაკრები:


სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა გამოტოვებს, რომელიც უდაოდ გუნდის ლიდერი გახლავთ. გარდა ამისა, ავსტრიული შეკრება ტრავმის გამო გოგიტა გოგუამ და ლევან მჭედლიძემ დატოვეს. პირველი ფლანგიდან ნებმისმიერ მეტოქესთან სახიფათოა, მეორე კი დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ქართველი ცენტრფორვარდია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოუმატა მათე ვაწაძემ, რომელმაც ჯერ იყო და „ორჰუსის" შემადგენლობაში არაერთხელ გაიბრწყინა, 9 ივნისს კი უკრაინასთან ამხანაგურ მატჩში 71-ე წუთზე კარგად ჩაერთო თამაშში და გოლის გატანაც მოახერხა. დიდი ალბათობით, სწორედ იგი შეუტევს დღევანდელ მატჩში ნავალკას გუნდს.


უკრაინასთან მატჩშიც გამოჩნდა, რომ კახა ცხადაძე ქეცბაიასგან განსხვავებით შემტევ და ლაღ ფეხბურთს დიდ უპირატესობას ანიჭებს და გუნდის ყრუ დაცვით გამოყვანას არცერთ მატჩში არ უნდა ველოდოთ. ფაქტია, რომ გარკვეული პლუსები „ჯვაროსანთა" თამაშში შეინიშნება, თუმცა საკმაოდ ბევრი შეცდომებია, რომელთა გამოსწორებაც უახლოეს დროშია საჭირო.


გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე კახა ცხადაძე და გურამ კაშია წარსდგნენ:

 

„პოლონეთთან პირველი თამაშის შემდეგ გუნდში ახალი სამწვრთნელო შტაბი მოვიდა, იცვლება თამაშის სტილიც. ჩვენ შევეცდებით, რომ რაც ვიმუშავეთ ავსტრიაში, ის მაქსიმალურად ვაჩვენოთ. წინა თამაშის შედეგი ნამდვილად არ ასახავდა რეალურ სურათს. პოლონეთის ნაკრებში ნამდვილად არის ერთი გამორჩეული მოთამაშე ლევანდოვსკის სახით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთი ფეხბურთელი ყოველთვის ვერ მოიგებს, რადგანაც ფეხბურთი გუნდური თამაშია და შედეგიც ხშირ შემთხვევაში ამაზეა დამოკიდებული.

 

ჩვენი მიზანია, რომ ყველა თამაშს მაღალ დონეზე შევხვდეთ, დავალაგოთ ჩვენი თამაში და უკვე მომავალ შესარჩევში ნამდვილი ბრძოლა გავმართოთ, ჯგუფში სასურველი ადგილის დასაკავებლად. ავსტრიაში გუნდმა კარგი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, უკრაინასთან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ და მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს პროგრესი და მთავარია, რომ ამ მიმართულებით სტაბილურად განვაგრძოთ მუშაობა. უკრაინასთან იყო საგოლე მომენტები, თუმცა ჩვენ რეალიზაციის პრობლემა გვქონდა და იმედია, რომ უახლოეს შეხვედრებში ეს გამოსწორდება", - განაცხადა ცხადაძემ.

 

„ძალიან მცირე შანსია, რომ პლეი ოფში მოვხვდეთ. გუნდში სიახლეებია, ახალი სამწვრთნელო შტაბია და ბოლო მატჩებში ვცდილობთ, ახალ სისტემას მივეჩვიოთ. გუნდში არიან ახალგაზრდა მოთამაშეები და მათთვის ასეთი დონის გუნდებთან თამაში მომავლისთვის ნამდვილად დიდი გამოცდილება იქნება", - აღნიშნა კაშიამ.


საქართველოს ნაკრები სავარაუდოდ 5-4-1 ფორმაციითა და შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:


ლორია - ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, დვალი, ნავალოვსკი - კობახიძე, ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი - ვაწაძე.

 

პოლონეთის ნაკრები:

 

პოლონელებს დღევანდელ შეხვედრაში უდავოდ 3 ქულის მოპოვება აქვთ დაგეგმილი და ნებისმიერი სხვა შედეგით დასრულება მათთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. ტრავმა აწუხებს „სევილიას" ერთ-ერთ ლიდერ გჟეგოჟ კრიხოვიაკს და გაურკვეველია, შეძლებს თუ არა იგი დღევანდელ შეხვედრაში თამაშს. სხვა მხრივ, პოლონელებს სერიოზული დანაკლისები არ აქვთ, თუმცა თავად ადამ ნავალკა დღევანდელ დაპირისპირებას პოლონეთისთვის იოლ გასეირნებას არ უწოდებს.


„საქართველოს ნაკრებთან თამაში იოლი არ იქნება. ჩვენ უნდა დავიჭიროთ ბურთი და ამასთან ერთად, შევეცადოთ შეტევების დაგვირგვინებას. ჩვენ ყველა ფეხბურთელთან ინდივიდუალურად ვისაუბრეთ და ავუხსენით მათ, თუ რას ვითხოვთ.

 

საქართველოს ნაკრები ითამაშებს დაცვიდან და შედეგზე. ბოლომდე დაგვჭირდება მობილიზება, რადგან მოწინააღმდეგეს ახალი მწვრთნელი ჰყავს და თამაშის ორგანიზაციაც განსხვავებული იქნება იმისგან, რაც თბილისურ მატჩში იყო.

 

ჩვენთვის პრობლემაა დაცვის ხაზში რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნა. ვუხმეთ მიხალ პაზდანს, ვინც შესანიშნავ ფორმაშია. რაც შეეხება „ლესტერის" მცველ მარცინ ვასილევსკის, მე მოკლედ ასე ვიტყოდი - ის ჩვენს სათამაშო მონახაზში ვერ ჯდება. საქართველოს ნაკრებთან მატჩში ჩვენი ერთადერთი ამოცანა გამარჯვებაა და შეგვწევს კიდეც ამის ძალა. მთავარია, თავიდან ბოლომდე არ დავკარგოთ კონცენტრაცია", - განაცხადა პოლონელთა თავკაცმა.


საქართველოსთან მომავალი დაპირისპირება პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმაც შეაფასა.


„როცა შეხედავ ჩვენს მეტოქეს, ჩანს, რომ დიდი გუნდი არაა, თუმცა ქართველებმა მხოლოდ ჩვენთან წააგეს დიდი ანგარიშით. ირლანდიასთან ბოლო წუთზე გაუშვეს გოლი და ამიტომ დამარცხდნენ, შოტლანდიასთან გასვლაზე მინიმალური სხვაობით დათმეს მატჩი, გერმანიასთან კი მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს. ასე რომ, იოლი თამაშის მოლოდინში არ ვარ, საქართველოს ნაკრებთან სიფრთხილე გვმართებს", - აღნიშნა ზბიგნევ ბონეკიმ.


პოლონეთის ნაკრები სავარაუდოდ 4-4-2 ფორმაციითა და შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:


ფაბიანსკი - შუკალა, გლიკი, ვავრინიაკი, პიშჩეკი - კრიხოვიაკი, იედლოვიეცი, რიბუსი, ბლაშიკოვსკი - მილიკი, ლევანდოვსკი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016