მთავრობის მიერ დაანონესებული „ქამრების შემოჭერა", როგორც ჩანს, განათლების და მეცნიერების სამინისტროში თავისებურად გაიგეს და სააღდგომოდ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის პრემიები გასცეს. აღნიშნული ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივმა ინიციატივამ" მოგვაწოდა.
„რეპორტიორს" „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი დავით ფერაძე ესაუბრა:
- სამინისტროში ასეთ დროს პასუხი მაშინვე მზად აქვთ - ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებაო, ამბობენ. ამას არავინ დავობს, თუმცა, თუ საფუძვლიან მოკვლევებს ჩავატარებთ. უკანონობებიც ბევრი შეგვხვდება.
ჩვენ, ძირითადად, პრობლემის მორალურ მხარეს ვეხებით, თორემ ხვალ რომ მთავრობის დადგენილება შეიცვალოს, მინისტრს მიეცეს უფლება, ყოველთვიურად 1 მლნ დოლარი პრემია აიღოს, ესეც კანონიერების ფარგლებში მოთავსდება, მაგრამ მორალურად, ეკონომიკურად, სტრატეგიულად დამანგრეველი იქნება ქვეყნისთვის. ჩვენ ვდავობთ იმაზე, რომ არ შეიძლება, არამც და არამც არ შეიძლება, რომ მასწავლებელი ან პენსიონერი სულს ღაფავდეს და ადამინიტრაციული აპარატის უმაქნისი და უვიცი მუშაკები პრემიებს პრემიებზე იღებდნენ. არ შეიძლება! ეს ანგრევს ამ ქვეყანას.
გასაგებია, რომ სანიკიძეს კანონით აქვს მინიჭებული უფლება, იყოს მინისტრი, იღებდეს დანამატებს, ფლანგავდეს ფულს, მაგრამ, ახლა მითხარით, აქვს ჩვენს ქვეყანას იმის ფუფუნება, რომ წლების განმავლობაში აიტანოს მინისტრის და თან განათლების მინისტრის პოსტზე ამნაირი უვიცი ადამიანი და თან ეს დილეტანტი ქალი მარჯვნიდან და მარცხნიდან ფინასდებოდეს?
ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანაში, სადაც უამრავი სწავლულია, ეს გახრწნილი ბიუროკრატია მესვეურობდეს მეცნიერებას? აბა, ნახეთ, ვინ აიღო პრემიები უმაღლეს სასწავლებლებში? სწავლულებმა? ინტელექტუალურმა ფენამ? არა ბატონებო, არა - გაქსუებულმა და გაბღენძილმა, დიპლომნაყიდმა სანიკიძისნაირმა პრიმიტივებმა.
თუმცა, მე ეჭვი მეპარება პრემირების სამართლებრივ გამართულობაშიც. გადაამოწმა ვინმემ, არსებობს თუ არა სამინისტროებში მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამუშაოს შეფასების სისტემა? თუ ეს სისტემა არ არსებობს, მაშინ საინტერესოა, რითღა საბუთდება პრემიის ოდენობა და, საერთოდ, მისი გაცემა. ალბათ, ისიც იცით, რომ სახელმწიფო აუდიტს სანიკიძემ ვერ დაუსაბუთა პრემიების გაცემის მიზეზები და მიზნები. აქაც პსც-ს და ფერაძის ახირებასთან ხომ არ გვაქვს საქმე - სახელმწიფო აუდიტი ამბობს ამას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს გაქნილი „ბიუროკრატკა" სანიკიძე მაინც თავზე გვყავს წამოსმული... ახია, ალბათ, ჩვენზე!
- მორალის ნაკლებობას რომ არ ვუჩიოდეთ, თუ გაქვთ გამოთვლილი, თუნდაც, ამ ოდენობის პრემიებით, რა პრობლემების მოგვარება იყო შესაძლებელი განათლების და მეცნიერების სფეროში?
- თუ საუნივერსიტეტო პრობლემებს გავითვალისწინებთ, რასაკვირველია, ეს თანხა, რაც პრემიებზე გაიცა, მთელ რიგ მნიშვნელოვან პროექტს შეიძლებოდა მოხმარებოდა. მე არ მგონია, რომ უნივერსიტეტებში ისე დალაგებულია საქმე, რომ პრიორიტეტულობის ვექტორმა მოსამსახურეთა პრემირებაზე გადაინაცვლა. ხოლო, ზოგადად განათლების კუთხით თუ შევხედავთ, აქ საერთოდ სანიკიძისა და მისი ფუნქციონერების უსაზღვრო მადასთან გვაქვს საქმე. ამდენი ხანია ვამხელთ, და მერე რა - გრძელდება და არ სრულდება ბიუჯეტის „კანონიერი" ფლანგვა. მე მინდა, წლევანდელი ხარჯებიც გამოვიტანოთ სამზეოზე. ანუ, წლევანდელი მფლანგველობა 31 მაისის ჩათვლით უკვე ასე გამოიყურება:
სამინისტროს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემია დანამატები შეადგენს 279 203 ლარს, სხვა თანამშრომლებზე გაცემული პრემია - 295 478 ლარს, არასაშტატო თანამშრომლების რაოდენობა 250-ზე მეტია და ჩვენ მათი საჭიროება ფაქტობრივად ვერ დაგვისაბუთეს სამინისტროში. ასევე გაუგებარია ასეთი კატეგორიის მუშაკთა პრემირება. შეიძლება ვცდები, მაგრამ, როგორც ვიცი, კანონი არ უნდა იცნობდეს არასაშტატოებზე პრემიების გაცემას. არ ვიცი, რა აქტით რეგულირდება ეს. მაგრამ, ამის მიუხედავად არასაშტატოებზე გაცემული პრემიების ჯამური მაჩვენებელია 175 812 ლარი, დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქედან მავანთა სასარგებლოდ „ტყდება" თანხები. ახლა ვნახოთ, რა ხდება სხვა ხარჯებში: საწვავის ხარჯი - 47 555 ლარი, სატელეფონო ხარჯი - 20 749 ლარი, მივლინება - 62 000 ლარამდე.
- როგორ ფიქრობთ, ვისი პასუხისგებლობის საკითხი უნდა დადგეს ამ ყველაფრიდან გამომდინარე?
- რასაკვირველია, უპირველესად მინისტრისა და მერე ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ მფლანგველობაშია ჩართული. ჩვენ ამას ვითხოვდით და ვითხოვთ ახლაც. სამინისტროს ბიუროკრატიული გახრწნილი აპარატის დიდი ნაწილი მხოლოდ სახლში კი არ უნდა გავუშვათ, სამართლებრივ პასუხისმგებლობას უნდა დავუქვემდებაროთ. თუმცა, რაღაც ნაწილი პატიოსნად მუშაობს და მათ რას ვერჩით. ის, რომ მთავრობიდან ამაზე რეაგირება არ ხდება, ძალიან ცუდია. მე ამას მეცნიერებისა და პედაგოგების მორიგ შეურაცხყოფად მივიჩნევ. მინისტრის პოსტზე სანიკიძის ყოფნა არის საზოგადოების დაცინვა და შეურაცხყოფა. ამ დროს კი ეს მინისტრი უსირცხვილოდ დადის რეგიონებში და მასწავლებლებს „აბოლებს" - სექტემბრიდან ხელფასი გაგეზრდებათო. წარმოგიდგენიათ ასეთი ცინიზმი.
მე გადავწყვიტე, განვაახლო ჩემი ბრძოლის მეთოდი და უკან უნდა ვდიო სანიკიძეს. სადაც მივა, იქ უნდა მივიდე, უკვე კონკრეტულ შეხვედრის ადგილებზე ვამხილო მისი ნამდვილი სახე. ის მაინც უნდა მოხდეს, რომ ერთ ადგილზე დაეტიოს და მისი ყოველი ნაბიჯის პარალიზებას მივაღწიო.