reportiori.ge - პოლონეთი VS საქართველო - ჩვენი შეფასებები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:53
სპორტი
პოლონეთი VS საქართველო - ჩვენი შეფასებები
15 ივნისი, 2015. 16:24


13 ივნისს, ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის მეექვსე ტურში პოლონეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამანადგურებელი ანგარიშია, ტაბლო ზუსტად არ ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. ფაქტია, რომ „ჯვაროსნებმა" შეუპოვრად იბრძოლეს, რამდენჯერმე გაგვიმართლა კიდეც, თუმცა ბოლო მესამედში ფორტუნა მასპინძელთა მხარეს დადგა, შეხვედრის უკანასკნელ ოთხ წუთში კი, კახა ცხადაძის გუნდი სრულად მოიშალა და რობერტ ლევანდოვსკიმ სამი უპასუხო გოლის გატანა მოახერხა. ბოლო წუთებზე გაშვებული ამდენი გოლი უდავოდ არასათანადო ფიზიკურ მომზადებასა და კლასისა და გამოცდილების ნაკლებობაზე მეტყველებს, რომელთა გამოსწორებასაც საკმაოდ დიდი დრო და მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება. რეალურად, ქართველებმა 87 წუთი ითამაშეს, თუმცა ფეხბურთი 90 წუთსა და არბიტრის მიერ კომპენსირებული დროის სრულად ჩატარებას მოიაზრებს. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში ამ კომპონენტში პრობლემების გამოსწორებას შევძლებთ.


პოლონელები მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. მათი თამაში უდავოდ „გერმანულ მანქანას" მოგაგონებთ, რომელმაც ნებისმიერ სიტუაციაში იცის, რა გააკეთოს. ანგარიში გუნსატკენია, თუმცა ქართველთა თამაშის ხარისხი უდავოდ პროგრესს განიცდის და უკეთესის იმედს გვიტოვებს. შევეცდებით, თითოეული ქართველი ფეხბურთელის თამაში შევაფასოთ, საკუთარ შეცდომებს ხომ გაანალიზება სჭირდება, რათა შემდგომში აღარ განმეორდეს.


გიორგი ლორია (შეფასება - 7,0) - საქართველოს ნაკრების კარს სრული მატჩის განმავლობაში ლორია იცავდა და 4 გაშვებული გოლის მიუხედავად, მისი დადანაშაულება რომელიმე მათგანში ალბათ უადგილო იქნება. გიორგი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთსო იყო. ლორიამ რამდენჯერმე შეძლო მკვდარი ბურთის გამოტანა. პირველ ტაიმში ლევანდოვსკის გოლის გატანის არაერთი მცდელობა ჰქონდა, ლორიამ კი კარის სუფთად შენახვა მოახერხა. სამწუხაროდ, აწ უკვე „ოლიმპიაკოსის" მეკარემ ვერ შეძლო, ბოლომდე გამკლავებოდა პოლონელთა იერიშებს, თუმცა როდესაც თავს ზემოთ ძალა აღარაა... ლორია საკმაოდ კარგი მეკარეა, თუმცა აშკარად ეტყობა, რომ საკუთარ ძალებს იმაზე მეტად აფასებს, ვიდრე სინამდვილეშია. ლორიას მეტი სიდინჯე მართებს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ „ოფი"-ს დაშლის შემდეგ იგი უთამაშებელია, რაც ფორმაზეც უდავოდ აისახება.


უჩა ლობჟანიძე (შეფასება - 5,5) - ლობჟანიძე უკვე წლებია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე სუსტ რგოლად მიიჩნევა, რომელიც ზედმეტად ხშირად კარგავს ბურთს შეტევაში ასვლისას და დაცვით პოზიციებზე საიმედო თამაშითაც იშვიათად გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძემ პოლონეთთან მატჩში ამ ორი დავალებიდან მხოლოდ ერთის შესრულება შეძლო, თუმცა საკმაოდ კარგად. იგი შეტევებში ფაქტობრივად ვერ ერთვებოდა, რამაც მარჯვენა ფლანგიდან თავდასხმები მოასუსტა და სრული დატვირთვა მარცხენა ფლანგზე მოხდა, თუმცა აღნიშნულ მატჩში დაცვითი ფუნქციები საკმაოდ კარგად შეასრულა და რამდენჯერმე მეტოქეთა იერშებიც ბრწყინვალედ ჩაშალა. ვერ ვიტყვით, რომ იგი საუკეთესო იყო ქართველთა შორის, თუმცა მოედანზე ყველაზე ცუდადაც არ უთამაშია.


გურამ კაშია (შეფასება - 6,0) - კაშია ჩვეულ ფორმაშია. იგი დაცვის ცენტრში ბევრს მოძრაობდა და პოზიციურადაც კარგად თამაშობდა, ისეთი ფორვარდების წინააღმდეგაც კი, როგორებიც ლევანდოვსკი და მილიკი არიან. შეტევებშიც სტანდარტული მდგომარეობების დროს ერთვებოდა და ერთ-ერთ მომენტში გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა მისი თავური არაზუსტი აღმოჩნდა.


ალექსანდრე ამისულაშვილი (შეფასება - 6,0) - ამისულაშვილმა საკმაოდ კარგი 87 წუთი ჩაატარა. იგი პოზიციურად იშვიათად ცდებოდა და ერთ-ერთ ეპიზოდში საკუთარი და პარტნიორების შეცდომის გამოსწორება გმირული, თავგანწირული ვარდნითა და ბურთის კარის ხაზიდან გამოტანით მოახერხა. 32 წლის მცველს, ასაკის გამო უწინდელი ენერგია ნამდვილად არ გააჩნია, თუმცა „ბებერი ხარის რქებიც ხნავენო" სწორედ მასზეა ნათქვამი.


ლაშა დვალი (შეფასება - 5,5) - ლაშა დვალმაც სრულად ჩაატარა შეხვედრა. ტრავმის გამო ცხადაძეს საბა კვირკველია დააკლდა და სწორედ მისი ადგილი შეავსო ახალგაზრდა მცველმა. ტანმაღალ, გამოცდილ და ძლიერ პოლონელებს სრული მატჩის მანძილზე წინააღმდეგობის მედგრად გაწევა ვერ მოუხერხა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ცენტრალური მცველებისგან განსხვავებით, დვალს გაცილებით დიდი სამუშაო აწვა კისერზე - მას ნავალოვსკის შეტევაში ასვლისას დაცვის მარცხენა ფრთა უნდა დაეზღვია, რომელიდანაც პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელები უტევენ. საერთო ჯამში, ლაშას ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. იგი ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.


გიორგი ნავალოვსკი (შეფასება - 7,5) - ქართველთა მხრიდან მოედანზე საუკეთესო უდავოდ გიორგი ნავალოვსკი გახლდათ. იგი სწორედ იმ ძრავს წარმოადგენს, რომელიც 90 წუთის მანძილზე გაუჩერებლად იბრძვის ბურთისთვის. გიორგის არც დაცვაში ჩამოსვლა ავიწყდებოდა, წინ კი გამუდმებით შეუპოვრად უტევდა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევებს „ჯვაროსნები" ფაქტობრივად ვერ წარმართავდნენ, ამიტომ სრული დატვირთვა ნავალოვსკიზე მოდიოდა, რომელსაც პოლონელმა მცველებმა ვერაფერი მოუხერხეს. 82-ე წუთზე, მარცხენა მცველს წონასწორობის აღდგენაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ძელმა იხსნა.


ვალერი ყაზაიშვილი (შეფასება - 6,0) - ყაზაიშვილმა მოედანზე 63 წუთი დაჰყო და მიუხედავად იმისა, რომ „ვიტესის" მაისურით წლევანდელ სეზონში განხორციელებული სასწაულების გამეორება ვერ მოახერხა, საკმაოდ დამაჯერებლად და კომბინაციურად ითამაშა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ჯვაროსანთა" ძირითად შემადგენლობაში იმსახურებს ადგილს.


თორნიკე ოქრიაშვილი (შეფასება - 5,0) - ოქრიაშვილმა მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი დაჰყო და უკრაინასთან თამაშის მსგავსად, პოლონეთთან დაპირისპირებისასაც გამოჩნდა, რომ იგი ფორმაში არ არის. თორნიკე საკმაოდ კარგი ტექნიკური მონაცემებით გამოირჩევა, თუმცა რამდენად არის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ინდივიდუალისტის ადგილი, თავად განსაჯეთ. ჩვენი დონის ნაკრები გუნდურ თამაშს უნდა ანიჭებდეს უპირატესობას. ოქრიაშვილს შეუძლია, ასეთ სათამაშო სტილსაც მოერგოს, თუმცა ამისათვის მეტი გაწონასწორებულობა, საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა და ჩვეული ფორმის აღდგენა ესაჭიროება. თუკი იგი ამ ყოველივეს თავს გაართმევს, უდავოდ საუკეთესო იქნება „ჯვაროსანთა" რიგებში.


ჯანო ანანიძე (შეფასება - 6,5) - ანანიძეს საკმაოდ კარგი მატჩი გამოუვიდა. უკრაინასთან დაპირისპირების მსგავსად, მან შეხვედრა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე დაიწყო და ბევრიც იბრძოლა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტი საყრდენის პოზიციაზე თამაშით ნამდვილად ვერ მოიმატა. მეორე ტაიმში კი მოედანზე მურთაზ დაუშვილი გამოვიდა, რომელმაც სრულად დაიკავა ნახევარდაცვის უკანა ხაზი და ანანიძეს შემტევ პოზიციებზე თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა, სადაც არაერთხელ გამოიჩინა თავი „სპარტაკის" შუახაზელმა. აღნიშნულ პოზიციაზე ანანიძისა და ყენიას კონკურენცია მომავლისთვის საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.


ალექსანდრე კობახიძე (შეფასება - 5,0) - უკრაინასთან დაპირისპირების მსგავსად, პოლონეთთან შერკინებისასაც მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კობახიძე გახლდათ. გარდა იმისა, რომ ამ ფეხბურთელს მისთვის უჩვეულო პოზიციაზე უწევს თამაში, გადასახედია, რამდენად იმსახურებს იგი არათუ ძირითად შემადგენლობაში, არამედ 23-კაციან განაცხადში მოხვედრასაც.


მათე ვაწაძე (შეფასება - 5,5) - ვაწაძემ შეხვედრა ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად დაიწყო და ცხადაძეს მისი გოლის ალღოს იმედი ჰქონდა, თუმცა „ორჰუსის" თავდამსხმელმა პოლონელთა კარის აღება ვერ შეძლო. რთულია რაიმეში მათეს დადანაშაულება. იგი უკანასკნელ ფორვარდს წარმოადგენს და პოზიციური ფორვარდის პოზიციაზე თამაშსაა მიჩვეული, რაც მისი მისამართით გაუთავებელი პასების გაკეთებას მოითხოვს. ასეთ მეტოქესთან კი, ქართველ ნახევარმცველებს ვაწაძის დასარტყმელ პოზიციაზე გაყვანა ძალიან უჭირდათ.


მურთაზ დაუშვილი (შეფასება - 6,0) - დაუშვილი მეორე ტაიმში კარგად ჩაერთო შეხვედრაში და თავისი საქმე შეიძლება ითქვას, რომ იდეალურად გააკეთა. იგი შეუპოვრად იბრძოდა ბურთისთვის და მეტოქეს შეტევების წარმართვის საშუალებას არ აძლევდა. ცენტრალური ზონის გაკონტროლება საკმაოდ კარგად მოახერხა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რასაც უკრაინასთან დაპირისპირების შემდეგაც ვამბობდით - „ჯვაროსნებს" ასეთი შემადგენლობითა და რესურსით თამაშისას აუცილებლად ესაჭიროებათ საყრდენი.


გიორგი ჭანტურია (შეფასება - 5,5) - ჭანტურიასთვის პოლონეთთან დაპირისპირება ეროვნული ნაკრების მაისურით საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა. იგი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო და მათე ვაწაძე შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ პოლონელთა თითქმის გაუვალი დაცვის კედელის გარღვევა გიორგიმ ვერ მოახერხა, ერთ ეპიზოდში საკმაოდ სახიფათოდ დარტყმა მოახერხა, თუმცა მომენტი გოლით ვერ დასრულდა. ჭანტურიასაც, ოქრიაშვილის მსგავსად, საკუთარ თავზე მეტი მუშაობა და გუნდური თამაშისათვის მხარის აბმა ესაჭიროება.


ბაჩანა ცხადაძე (შეფასება - 5,0) - ბაჩანამ მოედანზე ქართველთა მხრიდან ყველაზე ნაკლები დრო დაჰყო. მან ალექსანდრე კობახიძე 76-ე წუთზე შეცვალა, როდესაც საქართველო 0-1 აგებდა. მთავარი მწვრთნელის მხრიდან მისი მოედანზე გამოყვანა ერთის მხრივ სწორ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს, რადგან გუნდს დასაკარგი არაფერი ჰქონდა და რეზერვში დარჩენილი ერთადერთი ფორვარდის გამოყვანას არ მოერიდა, თუმცა, ბაჩანას თამაშის დონე ეროვნული ნაკრების მოთხოვნებს ნამდვილად ვერ შეეფერება, რაც უკრაინასთან თამაშშიც კარგად გამოჩნდა.


კახა ცხადაძე - თემურ ქეცბაიასაგან განსხვავებით, ცხადაძე სრულიად სხვა საფეხბურთო ფილოსოფიის მიმდევარია, რაც ეროვნული ნაკრების თამაშზე მალევე აისახა. გუნდი ლაღ და შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრსაც არ ივიწყებს. ეს სწორი გზაა, თუმცა არის გარკვეული მინუსებიც, რომელთა გამოსწორებაც აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებამდე. უპირველეს ყოვლისა, საყრდენების გარეშე თამაში ამ რესურსით ნებისმიერ ვარიანტში სარისკო და წამგებიანია, რაც მურთაზ დაუშვილის მოედანზე გამოსვლისთანავე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. გუნდს აშკარად დაეტყო საბა კვირკველიას, ლევან მჭედლიძის, გოგიტა გოგუასა და ჯაბა კანკავას ნაკლებობა. ეს ორი უკანასკნელი, სწორედ იმ დაუღალავ ძრავებს წარმოადგენენ, რომლებიც ნავალოვსკის მსგავსად მუდამ მოძრაობაში არიან, ბურთისთვის შეუპოვრად იბრძვიან და მეტოქეს მოსვენების საშუალებას არ აძლევენ. აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ამ კუთხით საკმე საკმაოდ კარგად გვაქვს, ვინაიდან გუნდში ოთხი მსგავსი ტიპის ფეხბურთელი ირიცხება, სამწუხაროა, რომ მათგან ორი პოლონეთთან მოედანზე ვერ გავიდა.


ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე ფეხბურთელი აშკარად ვერ აკმაყოფილებს ეროვნული ნაკრების დონეს. მხედველობაში მყავს ალექსანდრე კობახიძე, ბაჩანა ცხადაძე და უჩა ლობჟანიძე, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ უკანასკნელმა არცთუ ურიგოდ იასპარეზა ბოლო შეხვედრაში.


პოლონეთთან დაპირისპირების დროს, 76-ე წუთზე, როდესაც 0-1 ვაგებდით, კახა ცხადაძემ გარისკა და მოედანზე კიდევ ერთი ფორვარდი გამოიყვანა, თუმცა ბაჩანამ სასარგებლო ბევრი ვერაფერი მოიმოქმედა. იქნებ უფრო უპრიანი იქნებოდა ერთადერთ ფორვარდად ჭანტურიას წინ წაწევა და თამაშში ყენიას ან გიორგი პაპუნაშვილის ჩართვა, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ თამაშის გამწვავება და მეტოქის მცველთათვის უსიამოვნების შექმნა. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალ შეხვედრებში ქართველთა ლაზარეთი ასეთი გადავსებული არ იქნება და კახა ცხადაძე შეძლებს, გუნდს აპოვნინოს ის სათამაშო სტილი და ხელწერა, რომელსაც გულშემატკივარი უკვე დიდი ხანია ელის.



პოლონეთი - საქართველო   4:0

 

გოლები: მილიკი (62'), ლევანდოვსკი (89', 90+2', 90+3')


პოლონეთი (4-4-2): ფაბიანსკი - პიშჩეკი, შუკალა, პაზდანი (კომოროვსკი 90'), რიბუსი - გროსიცკი (იედლოვიეცი 80'), კრიხოვიაკი, მაჩინსკი, პეშკო (ბლაშჩიკოვსკი 64') - ლევანდოვსკი, მილიკი.


მთვარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა


საქართველო (5-4-1): ლორია - ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, დვალი, ნავალოვსკი - ოქრიაშვილი (დაუშვილი 46'), ანანიძე, კობახიძე (ცხადაძე 76'), ყაზაიშვილი - ვაწაძე (ჭანტურია 63').

 

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე


 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016