ქართველებს განსკუთრებული იუმორის გრძნობა გვაქვს: - „ძნელად მოიძებნება ერი, რომელიც საკუთარ თავზე ისეთი გამორჩეული სარკაზმით და ირონიით ხუმრობდეს, როგორც ამას ქართველები აკეთებენო", - თქვა ერთხელ იური როსტმა.
ამ კაცმა ქართველების ფასიც კარგად იცის და არც ზერელედ და უმიზეზოდ ამბობს რაიმეს! არც ენაზე ექაჩებოდა ვინმე, როცა ამას ამბობდა.
დიახ, ჩემო ბატონო! ეს ნიჭიერი ერის დამახასიათებელი თვისებაა და ამით, მანამ ვიტრაბახებ და ვიამაყებ, სანამ არ მომწყინდება!
ჩვენ ტრაგედიის დროსაც შეგვიძლია ვიხუმროთ და ამის მაგალითად, ბოლო დღეებში, ზოოპარკში მომუშავე მაშველებისა და რიგით მოქალაქეების ცრემლნარევი ღიმილით გამართული დიალოგებიც კმარა.
ასეთ დროს, ვიღაცას რაღაც წამოსცდება და ხალხს ეღიმება, ეღიმება იმიტომ, რომ თავსდამტყდარმა ტრაგედიამ სული არ ამოართვას და გული არ გაუხეთქოს, რომ ერთი წამით მაინც მოშორდეს ენით აუწერელ კოშმარს.
ეს ადამიანურია და ბევრსაც გამოგვიცდია. სამწუხაროდ, უბედურება ჩვენი ქვეყნის ხშირი სტუმარი გახდა და იმიტომ!
ადამიანურ ხუმრობასა და ქილიკით ნათქვამს შორის დიდი სხვაობაა და აუტანელია, როცა ასეთ ქილიკს ის ბედავს, ვინც თვითონ, დღეს თბილისში ხალხის გაუბედურების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი და ალბათ - დამნაშავეცაა!
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა საკუთარ „ფბ"-ზე „სახუმარო ისტორია" გამოაქვეყნა?!
ოდესელებს უთქვამთ: - წყალდიდობის დროს თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ქართველი ბეჰემოთი უკან იმედგაცრუებული დაბრუნდა - უკრაინაში ძალზე დაბალი თანამდებობა შესთავაზესო!
რომ თქვა, ძალიან გერგილიანი და სასაცილო ხუმრობააო, - ნამდვილად ვერ იტყვი კაცი. ისე კი, ოდესელები და განსაკუთრებით ებრაელები, ქართველებს არაფრით ჩამოუვარდებიან და, ჩემი აზრით, ეს „სასაცილო" ამბავი მათ გაჭირვებულ საკადრო პოლიტიკას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენს ტრაგედიას, მაგრამ სააკაშვილს და ზღულაძეს რა აცინებდა, ერთი ეს გამაგებინა?! იმის პირობას კი დავუდებ, ვისაც უნდა, რომ „ეს ხუმრობა მალე მასხრობად გადაიქცევა" - ორივესთვის!
სხვა საკითხია, რამდენად ეთიკურია შინაგან საქმეთა მინისტრის „ფეისბუქით" ასეთი გართობა, მაშინ როცა „მეგობარი ქვეყნის" ნორმალური ურთიერთობის მოსურნე მთავრობა, სამძიმრის წერილებს უნდა აგზავნიდეს საქართველოში?!
სახუმაროა ვითომ?!
არც ის არის სახუმარო, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში უკვე ბევრი რამ იქცა გასართობ თემად, თორემ უცხო სახელმწიფოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთ ქილიკს არ უნდა ბედავდეს.
სერიოზული სახელმწიფოს პრეტენზიის მქონე ხელისუფლება კი ასეთ დროს საპროტესტო ნოტას უნდა აგზავნიდეს - სადაც საჭიროა იქ!!!