reportiori.ge - უკრაინელები სააკაშვილის დანაშაულებზე თბილისში ფილმს იღებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:13
ინტერვიუ
უკრაინელები სააკაშვილის დანაშაულებზე თბილისში ფილმს იღებენ
ავტორი:
18 ივნისი, 2015. 16:39


რა მოხვდა I სერიაში და რა მასალები წაიღეს II სერიისთვის?


16 ივნისს პოპულარული უკრაინული ტელეარხის „1+1"-ის ჟურნალისტები, ევგენი პლინსკი და ბორის მატვეევი ლალი მოროშკინას სტუმრობდნენ. ამ არხის ჟურნალისტები იღებენ დოკუმენტურ ფილმს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორი გახლავთ.


რა მასალები მიაწოდა ლალი მოროშკინამ და რა მიზანი აქვს უკრაინელებისთვის ასეთი სახის დოკუმენტურ ფილმს?


„ალიას" ლალი მოროშკინა ესაუბრა:


- ამ ადამიანებმა უკვე გადაიღეს პირველი სერია - „უკრაინელი გასტროლიორები", ახლა იღებენ მეორე სერიას.


როგორც ისინი ამბობენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის გაგება. ამ არხს უკრაინაში ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს. როგორც ამ ჟურნალისტებმა ამიხსნეს, თავიდან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ, უბრალოდ იცოდნენ უკრაინელებმა, რომ სააკაშვილი არის რეფორმატორი, მან გაატარა რეფორმები საქართველოში, ააშენა ხიდები, დააგო გზები და ა.შ. თუმცა ეს უკრაინელი ჟურნალისტები ისეთ დროს ჩამოვიდნენ, რომ თვითონ დარწმუნდნენ, რა და როგორ ააშენა სააკაშვილმა.


რაც შეეხება ჩემთან შეხვედრას, მათ ჰქონდათ ჩემი წიგნი, რომელიც რუსულ ენაზე გამოიცა - „მე, პრეზიდენტი და ჩემპიონი", აქედან ჰქონდათ ინფორმაცია. მე წიგნშიც მაქვს მოთხრობილი და ისედაც ვუთხარი მათ, როგორ გახდა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი და შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა ტირანად. ადამიანი მოვიდა თავიდან ლიბერალიზმისა და დემოკრატიის სახელით, შემდეგ კი ყულფი წაგვიჭირა ყელში. 


უკრაინელებისთვის ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ ყველა დეტალი აინტერესებთ, როგორ იწყებდა საქმის კეთებას საქართველოში სააკაშვილი, როგორ მოხვდა ასეთი გაუწონასწორებელი პიროვნება ხელისუფლების სათავეში.


უკრაინელ ჟურნალისტებს მივეცი საკმაოდ დიდი მასალა, გადაღებული ვიდეოები, სადაც ასახულია ეკლესიის ნგრევის პროცესი, ასევე, გადავეცი ციხის კადრები და ფოტოები.


მათ ვუთხარი, რომ ჩვენი ტრაგედია დაიწყო 2004 წელს, ზოგს აქვს წარმოდგენა, თითქოს სააკაშვილი ძალაუფლებამ რამდენიმე წლის შემდეგ გარყვნა. სინამდვილეში, ყველაფერი დაიწყო პირველივე დღიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს სატელევიზიო დაჭერები, არაერთი უდანაშაულო ადამიანის დაკავება და მთელი ინტელიგენციის „ჩარეცხვა".


ჩვენ დღეს იმიტომაც გვიდგას გლოვის დღეები საქართველოში, რომ სააკაშვილმა და მისმა „ნაცმოძრაობამ" საერთოდ გაანადგურა მეცნიერება, გაანადგურა ავტორიტეტები, საერთოდ არაფერს ეკითხებოდნენ სპეციალისტებს. აი, ეს ყველაფერი იქნება იმ ფილმში, რომელსაც უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ და მალე გავა უკრაინული ტელევიზიით.


მათ ისიც გულწრფელად ვუთხარი, რომ ამ ადამიანს ჩვენ ვიცნობდით ჩვეულებრივ მიშად, რომელიც იყო საკმაოდ გაუწონასწორებელი ფსიქიკის მქონე, ამიტომაც გაწმინდა მან ის ველი, სადაც ჩვეულებრივმა ადამიანებმა მის შესახებ ბევრი იცოდნენ, იქ შემოიყვანა საკუთარი „მრევლი", რომელთათვისაც ის იყო ბატონი პრეზიდენტი და არა, უბრალოდ, მიშა... მათ ასევე ავუხსენი, რას ნიშნავს „ჩაშვების" ის ინსტიტუტი, რომელსაც ამჟამად ოდესაში ნერგავს.


საქართველოში 37-იანი წლების მერე აღარ ყოფილა ასეთი ტოტალური „ჩაშვებების" სერია, ამდენი ხნის შემდეგ ასეთი რამ სააკაშვილმა შემოიღო. სამწუხაროდ, მან ამოატივტივა ისეთი ბნელი მხარეები, რაც მრავლად გვაქვს ჩვენს ისტორიაში.


როდესაც სააკაშვილი უკრაინელებს ყირიმის დაბრუნებაზე ელაპარაკება და ჰპირდება, აუცილებლად დავიბრუნებთო, ამ ფილმში იქნება ლაპარაკი, როგორ ჩააბარა მან კოდორის ხეობა, როგორ ჩააბარა ხელახლა ცხინვალის რეგიონი და ვიმეორებ, ამ ჟურნალისტებმა თავად ნახეს, როგორ არის აშენებული მის მიერ გზები და ესტაკადები. ჟურნალისტებმა დაუფარავად მითხრეს, - ჩვენთან უკვე ბევრი ხვდება, რომ დიდ შეცდომას ვუშვებთო. ახლა ეს ტელევიზია ცდილობს, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია, რა ტიპის მმართველთან აქვთ საქმე, ეს არის ადამიანი, რომელმაც წააგო ყველაფერი, არჩევნებიდან დაწყებული, თავისი პარტიით დამთავრებული. მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ ღირსეულად ეტარებინა ყოფილი პრეზიდენტის ტიტული და ახლა უკრაინაში ასრულებს საშინაო დავალებას.

 

- ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ დავიჯერო, უკრაინელებს საერთოდ არ ჰქონდათ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია?


- როგორც თვითონ ამბობენ, ყველაფერზე არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია, ვგულისხმობ მოსახლეობას. ეს დიდი ქვეყანაა და ყველას არ აინტერესებდა, რა ხდებოდა საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, მედლის მეორე მხარეს არავინ აქცევდა ყურადღებას. ეს ჩვენ გვგონია, რომ ყველამ ყველაფერი უნდა იცოდეს. მათ არც იმის საშუალება ჰქონდათ, რომ გაერკვიათ, ვინ არის და რას წარმოადგენს სააკაშვილი. ახლა თავად უკრაინელებიც ხვდებიან, რომ ეს ადამიანი უკრაინაში ტერიტორიების ჩასაბარებლად ჩავიდა. როგორც კოდორი და ცხინვალი მიართვა რუსებს, იგივეს გაუკეთებს ოდესასაც.


- სააკაშვილმა დაიჟინა, ყირიმი უნდა დავაბრუნოო, ვერაფერს იტყვი, გამოცდილება აქვს...

 

- არც ეს ადამიანი იცვლება და არც გეგმა, ეს ადამიანი „იბრუნებდა" აფხაზეთსაც და ოსეთსაც, გვახსოვს მის მიერ მიყენებული ბავშვები საზღვარზე ბუშტებით ხელში. ამ ყველაფერს კი ზედ დაუმატა დიმიტრი სანაკოევის  ადმინისტრაცია და ე.წ. პრეზიდენტად გამოცხადება. როგორც საქართველოში აურ-დაურია ყველაფერი, იგივეს გააკეთებს უკრაინაში. როგორც ჩანს, უკრაინელები უფრო დროულად მოდიან გონს და ყველაფერს კარგად ხვდებიან. ისინი აპირებენ ფილმების ციკლის გადაღებას სააკაშვილის შესახებ.


- ლალი, პირველი სერია შენ გინახავს?

 

- კი, ნანახი მაქვს და საკმაოდ კარგად გაკეთებული დოკუმენტური ფილმია. მათ უკვე გაკეთებული აქვთ 7 ნოემბერზე, 26 მაისზე და ახლა აპირებენ უფრო სიღრმისეულად გააშუქონ მოვლენები. ჩვენ შევთანხმდით, რომ ისინი ასევე მოამზადებენ ტოქშოუს, სადაც მე ჩავერთვები და აქტიურად მივიღებ მონაწილეობას. ესეც ერთ-ერთი საშუალებაა, რომ უკრაინელმა ხალხმა გაიგოს, რა ავანტიურისტთან აქვთ საქმე. რეალურად უკვე დაწყებულია სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" გაშიფვრა. გასაგებია, რომ ქვეყანაში ომია და რაღაც-რაღაცების გასარკვევად ვერ მოიცალეს, მაგრამ ახლა აპირებენ ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებას. როგორც ამბობენ, უკრაინაში პოროშენკოს დღეებიც დათვლილია და მას აუცილებლად მიჰყვება მიხეილ სააკაშვილიც.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016