reportiori.ge - ზაქარია ქუცნაშვილი: სამუშაოების დამკვეთებს აზრი რომ ეკითხათ სპეციალისტებისთვის, ასე არ მოხდებოდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:16
ინტერვიუ
ზაქარია ქუცნაშვილი: სამუშაოების დამკვეთებს აზრი რომ ეკითხათ სპეციალისტებისთვის, ასე არ მოხდებოდა!
ავტორი:
18 ივნისი, 2015. 19:00



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შემდეგ ინიციატივით გამოდის. როგორც ქუცნაშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა, სამომავლოდ სტიქიისგან თავის არიდების მიზნით, საქართველოს მეცნიერების ეროვნულ აკადემიასთან უნდა შეიქმნას რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც მსგავსი პრობლემების აღმოფხვრაზე იზრუნებს.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი:


- თბილისში განვითარებულმა პროცესებმა ყველას დაგვანახა, რომ სათანადო ცოდნის გარეშე საქმის კეთება სავალალო და აუნაზღაურებელი ზიანის მომტანი ხდება. ვფიქრობ, რამდენიმე წლის წინ თბილისში მომხდარმა მიწისძვრამ და რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ღვარცოფმა ყველა დაგვარწმუნა, რომ ნებისმიერი სამუშაოს წარმოების პროცესში აუცილებელია სპეციალისტებისა და მეცნიერების აზრის გათვალისწინება. მათ გარეშე საქმის კეთება ბნელ ოთახში კატის ძებნას ჰგავს, ეს კი საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ კატის ნაცვლად შესაძლოა ისეთი ცხოველი დავიჭიროთ, რომელიც შეგვჭამს. აქედან გამომდინარე, გამოვთქვამ მოსაზრებას, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელიც მთავრობის მთავარი მრჩეველი გახლავთ, გავაძლიეროთ და მასთან შეიქმნას რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ეს უნდა გახდეს დედამიწისა და სასარგებლო წიაღისეულის კვლევის ცენტრი. ეს უნდა იყოს ის ორგანიზაცია, რომელიც თავს მოუყრის გეოლოგებს, ჰიდროლოგებს, გეოფიზიკოსებს, გეოგრაფებს, სამთო საქმის სპეციალისტებსა და ინჟინერ-გეოლოგებს. ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეალიზაცია მოხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში.


- კერძოდ, რა დაევალება ამ ჯგუფს?


- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, როგორც საქართველოს მთავრობის მთავარი მრჩეველი, ყოველწლიურად დედამიწისა და სასარგებლო წიაღისეულის კვლევის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოებას ამცნობს იმ გეოლოგიური პროცესების თაობაზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ ცენტრის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ისეთი საშიში გეოლოგიური მოვლენა, როგორიცაა ღვარცოფი, მეწყერი, ქვათაცვენა, ზვავსაშიშროება, წყლის მოვარდნა, წყლის ადიდება და ა.შ.


შესაბამისად, ყველა ის ბუნებრივი მოვლენა, რაც გეოლოგიური პროცესის შედეგია, იქნება ამ ცენტრის შესწავლისა და დაკვირვების ქვეშ. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოება მარტივი არ გახლავთ. ამ პროცესს მრავალწლიანი დაკვირვება სჭირდება, რომ ივარაუდო, რა მოვლენაში შეიძლება გადაიზარდოს. პროცესი არის გეოლოგიური, ხოლო მოვლენაა გამოხატულება ამა თუ იმ სტიქიისა. ამ მოვლენას წინ უძღვის გეოლოგიური პროცესი, რომელსაც დაკვირვება და მეთვალყურეობა სჭირდება.


ეს ცენტრი საქართველოს მთავრობას მოახსენებს ხოლმე, რომ რომელიღაც პროცესი უახლოვდება მოვლენას, რაც შეიძლება გადაიზარდოს დამანგრეველი ზიანის მოტანაში და საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობა შემოვა წინადადებით პარლამენტში და ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებაში დავაფინანსებთ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს პროგრამას. ანუ რეაგირების რეჟიმიდან გადავალთ პრევენციულ რეჟიმში. დღეს ჩვენ ვართ რეაგირების რეჟიმში, როცა რაღაც მოხდება, მერე ვრეაგირებთ. ეს ცენტრი ამას აღმოფხვრის.


ვაპირებ, ამ მიმართულებით შევხვდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და დავსვა საკითხი, რომ თუკი მეცნიერებათა აკადემია არის მთავრობის პირველი მრჩეველი, იქნებ ეს რჩევა დავიცვათ კანონის ძალით. მთავრობა და პარლამენტი ვალდებული და პასუხისმგებელი იქნება, მათი აზრი გაითვალისწინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის ძალით აგებს პასუხს.


- ეს უფრო სამომავლო პერსპექტივაა. ახლა, ამ კონკრეტულ ვითარებაში თუ გაქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია სტიქია? ეს დღეები საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ე.წ. ახალი გზის მშენებლობამ და მდინარე ვერეს გვირაბში მოქცევამ გაზარდა სტიქიის სიმძლავრე და სწორედ ამან გამოიწვია მსხვერპლიც. რამდენად ემხრობით ამ ვერსიას?

 

- სტიქიის გამოხატულება განსხვავებული პერიოდულობით ყოველთვის მჟღავნდება. შესაბამისად, ამ სამუშაოების დამკვეთებს რომ სცოდნოდათ თბილისის ისტორია და მცირედი აზრი ეკითხათ სპეციალისტებისთვის, ასე არ მოხდებოდა. აქ ძალიან ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ თუ პროცესებს ანგარიშს არ გაუწევდნენ, 1960 წლის გეოლოგიური მოვლენა განვითარდებოდა. გეოლოგიურ პროცესს არათუ ანგარიში გაუწიეს, არამედ მის გააქტიურებას ხელიც კი შეუწყეს. მდინარის კალაპოტი დაავიწროვეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა წყლის სიჩქარე, მას მიენიჭა კიდევ უფრო მეტი კინეტიკური ენერგია და ეს დამანგრეველი გახდა. ამის გარდა, არ იყო გათვალისწინებული, რომ მეწყერსაშიში პროცესების წარმოშობის შემთხვევაში, წყლის გვირაბებმა უნდა გაატაროს არამარტო წყალი, არამედ ის ნაშალი ხე-ტყე, რომელიც მოჰყვება ღვარცოფულ პროცესს. წყალმა გამოსავალი ყოველთვის უნდა პოვოს და ეს ასეც მოხდა. მდინარე გადავიდა კალაპოტიდან და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ამან კი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.


მე კიდევ უფრო ძალიან მეშინია სამოქალაქო ნაგებობების მშენებლობის. ღმერთმა დაგვიფაროს დიდი მიწისძვრისგან. რადგან, მეხუთე კატეგორიის შენობების გარდა, არცერთ შენობას არ უტარდება საინჟინრო-გეოლოგიური ექსპერტიზა.


- კმაყოფილი ხართ სახელმწიფო უწყებების მუშაობით?


- მერია მაქსიმალურად ცდილობს, სამუშაო კარგად აწარმოოს. კრიზისების მართვის საბჭო ახალი სტრუქტურაა, მას ეს გამოცდილება არ აქვს. თუმცა, მე არ ვარ უკმაყოფილო სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობით. პირიქით, ვხედავდი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების თავდადებულ შრომას. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოვყოფდი პოლიციელებს, მაშველებს და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს. უზარმაზარი მადლობა ასევე თბილისელებს, ახალგაზრდობას, რომელიც სამაშველო და გაწმენდით პროცესებშია ჩართული. წყლის გარდა იქ არავის არაფერი მოუთხოვია. მადლობელი ვარ მათი. ასევე უცხოელებიც მუშაობენ ჩვენთან ერთად, გვეხმარებიან და მადლობა მათ ამისთვის.


- რამდენია ზარალი წინასწარი მონაცემებით და გახდება თუ არა საჭირო ბიუჯეტის კორექტირება?


- ზარალი არის აუნაზღაურებელი ადამიანის სიცოცხლის სახით. ჩვენ ამას ვერ ავანაზღაურებთ. უნდა მივეჩვიოთ, რომ ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა. ეს დღეები ვაკვირდებოდი პროცესებს და ზოგში ვიგრძენი, რომ უფრო მეტი სინანული წარმოეშვათ ცხოველების დაკარგვის გამო, ვიდრე ადამიანებისა. ცხოველების მიმართ ძალიან ჰუმანური ვარ, მაგრამ ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიანგი. თუმცა, ქართველმა საზოგადოებამ, თბილისელებმა გვაჩვენეს, რომ საქართველო ღირსეული ხალხის სამშობლოა. ერთი მხრივ, უზარმაზარი ტრაგედია მამძიმებდა, მეორე მხრივ, ქართველების, ახალგაზრდების გვერდში დგომა ძალას მაძლევდა. ძალას მაძლევდა იმის შეგრძნება, რომ ქართველებს თავიანთი სამშობლო უყვართ და ჩვენ ჩვენს ქალაქს მოვუვლით.


აქვე აღვნიშნავ, რომ მედია ძალიან კარგად მუშაობდა. ქართველები შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში ყოჩაღები ვართ.


- რაც შეეხება თბილისის ზოოპარკს. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ზოოპარკის რეკონსტრუქცია ამავე ადგილას აღარ მოხდება. ემხრობით მის პოზიციას?


- თუ 1960 წელს ამ პატარა მდინარემ წაიღო ზოოპარკი, განა ეს მაგალითი არ უნდა ყოფილიყო, რომ დროულად გადაგვეტანა იგი? მაგრამ დღესაც თბილისელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზოოპარკი კომფორტულ ადგილას უნდა იყოს. გასაგებია, რომ გმირთა მოედანზე ჩასვლა უფრო ადვილია, ვიდრე თბილისის ზღვაზე ასვლა. მაგრამ უსაფრთხოებაზე ხომ უნდა ვიფიქროთ? წარმოიდგინეთ, ეს სტიქია დღისით რომ მომხდარიყო, რა შედეგებამდე მივიდოდით.


- რა გეგმა აქვს სახელმწიფოს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად და რაც შეეხება კონკრეტულად ე.წ. ახალ გზას, მოხდება მისი რეკონსტრუქცია თუ დემონტაჟი?


- სავარაუდოდ, გარემოს უსაფრთხოების თაობაზე დასკვნა თავიდან არის გასაცემი. ეს გზა რომ აღვადგინოთ, აუცილებლად უნდა იყოს ვინმე გარანტორი, რომ მსგავსი პროცესი აღარ განმეორდება. თუ რა დამატებითი საინჟინრო-გეოლოგიური გადაწყვეტილებები იქნება მოძებნილი, ახლა ვერ ვიტყვით.


უბრალოდ, მეშინია, რომ 1-2 კვირაში, როდესაც ყველაფერი დამშვიდდება, ამის გაკეთება არავის დაავიწყდეს.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016