„თბილისის ზოოპარკის გადატანის შესახებ საკითხის განხილვა საკრებულოში ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უახლოეს დღეებში დაიწყება."- განაცხადა თბილისს საკრებულოს დეპუტატმა, დავით უთმელიძემ „რეპორტიორთან" საუბარში თბილისის ზოოპარკის შესახებ საკითხის განხილვისას.
საკრებულოს წევრის განცხადებით, ზოოპარკის გადატანისა და მის ადგილას სარეკრეაციო ზონის გაშენებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებაში მტკიცე პოზიცია არსებობს, მონახაზი უკვე გაკეთებულია და საკითხის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება.
„ჩემი აზრით, ზოოპარკი აუცილებლად გადასატანია! აღნიშნულია ინფორმაცია მთავრობამ უკვე გააჟღერა. სავარაუდოდ, ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკის მიმდებარედ აშენდება.
დღეს არსებული ზოოპარკის ადგილას კი აუცილებლად უნდა გაკეთდეს სარეკრეაციო ზონა სადაც შენობები არ იქნება. ამ მომენტში მონახაზის სახით გვაქვს არსებული პროექტი.
საკითხის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება. მანამდე კი ჩვენი უპირველესი მიზანია სტიქიით დაზარალებულთა დახმარება მოხდეს, გარდაცვლილები დაიკრძალოს და საზოგადოებას ელემენტარული პირობები შევუქმნათ."- განაცხადა უთმელიძემ.