ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირმა ბოლნისის „სიონი" ქვემო ქართლის რეგიონში, მენეჯმენტის კუთხით საუკეთესოდ, ხოლო საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილზე დაასახელა. როგორ მოახერხა მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფმა გუნდმა ამ წარმატების მიღწევა, როდის დაბრუნდება ბოლნისში ფეხბურთი და როგორ აჯამებს გასულ სეზონს, გუნდის გენერალური დირექტორი, ვლადიმერ ბურდული, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ბოლნისის „სიონმა" ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის პრიზი მიიღო. რა მნიშვნელობა აქვს ამას თქვენთვის?
- სასიხარულოა, რომ ასე დაგვიფასდა შრომა. სამი წელია, რაც „სიონში" ვმოღვაწეობ და ჩემი მხრიდან, მაქსიმალურად ვცდილობდი მუდამ, რომ „სიონი" სოლიდურ საფეხბურთო კლუბს დამსგავსებოდა. რა თქმა უნდა, ბევრი გვიკლია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ კლუბს არ გააჩნია სათამაშო მოედანი, ბაზა, საცხოვრებელი, ყველაზე საჭირო პირობები, მაგრამ დასაფასებელია, რომ ფინანსურ, ხარჯვით ნაწილში, მენეჯმენტი უმაღლეს დონეზე გამოსწორდა და ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყანაში. ეს არის სწორი სელექცია იმ პროფესიონალების შერჩევაში, ვინც დასაქმებულია კლუბში და ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს გუნდი ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა, ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ, სტაფს ვგულისხმობ, თითოეული მათგანის მადლიერი ვარ, რომ ეს შრომა დაგვიფასდა.
- როგორ უნდა გაიმართოს საფეხბურთო მენეჯმენტი?
- ყველაზე მთავარი და გასათვალისწინებელია, როდესაც სახელმწიფო კლუბი ხარ, თუნდაც კერძო, უნდა იცოდე, თუ საიდან მოდის საარსებო წყარო, თანხა და იმ თანხის სწორი განკარგვა უნდა შეგეძლოს. სწორ განკარგვაში ვგულისხმობ, მაგალითად, სახელმწიფომ გამოგიყო მილიონი ლარი, თითოეული თეთრი დახარჯული უნდა იყოს სწორად, ვის რა კომპეტენცია აქვს, ვის რამდენი უნდა ჰქონდეს. ჩვენს გუნდში ეს გამჭვირვალეა, რაც ამ ორგანიზაციამაც დააფასა და სწორი კვლევით დაადგინა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები ვიყავით საქართველოში. მით უმეტეს, როდესაც შენ სახელმწიფო კლუბი ხარ და ფულს სახელმწიფო გაძლევს, უფლება არ გაქვს, ერთი თეთრიც კი სხვა მიმართულებით გაუშვა. დოკუმენტი, ხელშეკრულება უნდა გქონდეს. ეს იმის შედეგია, თუ როგორ კარგად და სუფთად ვმუშაობთ ჩვენ.
- გასულ სეზონში კლუბში შემადგენლობის დიდი ნაწილი შეიცვალა, თუმცა მაინც მაღალი მიზნები დაისახეთ. საბოლოო ჯამში, გუნდმა ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლა და ეს მოახერხა. როგორ შეაფასებ განვლილ სეზონს?
- ორ და სამ თვეში გუნდი არ კეთდება. წინა წელს, გუნდი მესამე ადგილზე გავიდა, ეს კი იმის შედეგი იყო, რომ ორი წლის განმავლობაში ბირთვს ვინარჩუნებდით. გვქონდა ამის საშუალება. იწერებოდა, რომ ყველაზე ცოტა ტრანსფერი ჩვენს გუნდში განხორციელდა. ორი-სამი ფეხბურთელი გვტოვებდა და ამდენივე მოდიოდა. შევინარჩუნეთ შემადგენლობა, შეთამაშდა გუნდი და შედეგი მივიღეთ. წელს, მოხდა უფროსობასთან ერთად შეთანხმება, შევიმუშავეთ გეგმა, რომ სრულიად შეგვეცვალა გუნდის შემადგენლობა, რომ უფრო მეტ ახალგაზრდა და ადგილობრივ ფეხბურთელს ეთამაშა, იყო ლაპარაკიც, რომ შედეგი არ გვექნებოდა. გვინდოდა, ცხრილის შუაში გვეტრიალა, მაგრამ ბევრი სხვა მიზეზი იყო. თუნდაც ის, რომ ყველა საშინაო მატჩს სხვის მოედანზე, გასვლაზე ვატარებდით. გუნდს არ ჰქონდა პირობები, ბიუჯეტიც საგრძნობლად შეუმცირდა. გუნდი 15-მა ფეხბურთელმა დატოვა და ამდენივე ახალი მოვიდა. საფეხბურთო სეზონი ოთხთვიანი იყო. ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებ. ჩემი ბიჭების შესაქებად ვიტყვი, რომ მათ ბევრი მაღალი დონის თამაში ჩაატარეს. მათ შორის, ლიდერებთან უპირატესობით ვითამაშეთ და კარგი თამაში ვაჩვენეთ, მხოლოდ გორის „დილასთან" დავმარცხდით ლიდერებიდან. ახალგაზრდებს ეს ახასიათებთ. ორ თამაშს კარგად ითამაშებენ, შემდეგ კი ჩააგდებენ, ესეც გამოცდილებიდან გამომდინარე მოხდა. ეს მარტო ჩვენს გუნდში არ ხდებოდა, სხვა გუნდებშიც იყო ამის მაგალითი. ვფიქრობ, ამისთვის მზად ვიყავით, რომ რთული სეზონი გვექნებოდა.
- „სიონში" გენერალურ დირექტორთან ერთად, მთავარი მწვრთნელის ფუნქციაც გქონდა. კონტრაქტი დაგიმთავრდა, ახლა რა ფორმით გააგრძელებ კლუბთან თანამშრომლობას?
- ჩვენ გვქონდა შეხვედრა გამგებელთან, გოგიტა მეშველიანთან და შევთანხმდით, რომ ერთი წლით გახანგრძლივდება ჩემი კონტრაქტი, მაგრამ ვიქნები, უშუალოდ გენერალური დირექტორი. ვფიქრობთ, ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი. მოსაძებნია კარგი სპეციალისტი, რომელიც კარგად თუ არა, ცუდად არ გააგრძელებს „სიონის" გამოსვლას მომდევნო სეზონში და კარგი თამაშით გაახარებს ბოლნისელ გულშემატკივარს.
- რამდენი იქნება გუნდის ბიუჯეტი?
- ჩვენ საბიუჯეტო გუნდი ვართ. მილიონ ორასიათასი გვქონდა ბიუჯეტი. აქედან, 700 ათასი გახარჯულია და დარჩა 500 ათასი. ვეცდებით, მაქსიმალურად შემოვიჭიროთ ქამრები. ეს ნამდვილად არ ყოფნის იმას, რომ გუნდმა მაღალი მიზნებისთვის გააგრძელოს ბრძოლა, მაგრამ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების რესურსით, რაც გაგვაჩნია, ვეცდებით, რამდენიმე ფეხბურთელის დამატებასაც, თუნდაც დეკემბრამდე ცხრილის შუაში ვიტრიალოთ. ამ თემაზეც გვქონდა გამგებელთან შეხვედრა. გუნდი 25 ივნისიდან პირველ ივლისამდე შეიკრიბება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. დაიწყება ვარჯიშები. პირველ ივლისამდე დარჩენილ დღეებში, ერთიანი ძალებით ვეცდებით, მე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, რომ მხარის გუბერნატორს შევხდეთ, პრემიერამდე მივაწვდინოთ ხმა მოედნის საფარის გაუმჯობესებაზე. სპონსორებს შევხვდეთ, რომ ბოლნისში ორასი-სამასი ათასით მეტი ბიუჯეტი გამოიძებნოს და ისეთი გუნდი გავაკეთოთ, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
- სპონსორები ახსენე. ვიცით, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა სპონსორთან. რა ეტაპზეა მოლაპარაკებები და ვინ არიან ისინი?
- ამ ეტაპზე, კონკრეტული დასახელებისგან თავს შევიკავებ. ერთ-ერთი სოლიდური კომპანიაა. ქართველები არ არიან, მაგრამ უნდათ საქართველოში ფულის დაბანდება, კერძოდ კი, ფეხბურთში. ისინი ჩემი მეგობრები არიან და თუ კარგად დასრულდა მოლაპარაკებები, გავაჟღერებ მათ ვინაობას. თუ არ დასრულდა, იმასაც ვიტყვი, ვისთან გვქონდა მოლაპარაკებები და რამ შეუშალა ხელი. სურვილი დიდი აქვთ. ინტერესი აქვს საქართველოს ბაზარზე შემოსვლის. ხელს შევუწყობთ და მივესალმებით, თუნდაც 50/50-ზე გაკეთდეს პაკეტი, სახელმწიფო და სპონსორი. თუ მას სურვილი ექნება, რომ 100%-ით აიღოს გუნდი, კარგი იქნება და „სიონს" მიეცემა შესაძლებლობა, საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტდეს.
- სპონსორის საკითხი თუკი დადებითად გადაწყდება, ველოდოთ „სიონში" ლეგიონერების გამოჩენას?
- გააჩნია, სპონსორობიდან გამომდინარე მოხდება. თუკი მას 100%-იან მფლობელობაში ექნება გუნდი, შესაძლოა სტაფიც მთლიანად შეცვალოს. ის ადამიანი გადაწყვეტს, ვინ დარჩება გუნდში და ვინ წავა. ვინ იქნება, გენერალური დირექტორი, მთავარი მწვრთნელი, სპორტული დირექტორი და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მას კარგი გამოცდილება აქვს თავის ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომელიც მხოლოდ წაადგება გუნდს.
- სად გაივლის გუნდი შეკრებას?
- კიდევ ერთხელ ვამბობ, ვარკვევთ ფინანსებს. საბოლოოდ, რამდენი გვექნება ბიუჯეტი, იმის მიხედვით დავიწყებთ ფეხბურთელებთან ლაპარაკს. პირველი ნაბიჯი იქნება მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ჩამოყალიბება. მისი კომპეტენცია იქნება შერჩევა და მის საქმეში არავინ ჩაერევა.
- სტადიონს რაც შეეხება, როდის დაბრუნდება ფეხბურთი ბოლნისში?
- თქვენთვის პატარა ექსკლუზივი მინდა ვთქვა. დღე-დღეზე გადაწყდება „სიონი", ახალ ჩემპიონატს დაიწყებს თუ არა ქვემო ქართლში. მიდის მოლაპარაკება ფედერაციასთან. ზაფხულში, ბოლნისის სტადიონის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია. უსაფრთხოების ზომებს დავაკმაყოფილებთ ისე, როგორც არის ზუგდიდში. ის რკინის ბარიერები, რომელიც არის მოედნის სიახლოვეს, შეიფუთება და დაცული იქნება. აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე გუნდი ითამაშებს ბოლნისში, თუკი ამ შეთანხმებას მივაღწებთ. გვექნება სარეზერვო მინდორიც მითითებული გორსა და „მესხზე". თუ ფედერაცია გადაწყვეტს, რომ მოედანი გაფუჭდა და თამაში აღარ შეიძლება, დავბრუნდებით „მიხეილ მესხზე", სადაც აქამდე თამაშობდა „სიონი".
- საწვრთნელ პროცესს სად გააგრძელებთ?
- თუკი გადაწყდება, რომ „სიონი" ბოლნისში ითამაშებს, იქ მხოლოდ თამაშებს ჩავატარებთ და შევინახავთ სტადიონს, რომ საფარი იდეალურ მდგომარეობაში იყოს და ყველა გუნდმა ისიამოვნოს ამ მოედანზე თამაშით. სავარჯიშოდ რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. მათ შორის „მერანის" სტადიონიცაა, რომელზეც ვვარჯიშობდით. ზაფხულში, მოედანი საგრძნობლად უმჯობესდება, რადგან ბუნებრივი საფარია და ბალახი ამოდის. მინდა, ისევ ბალახზე გავაგრძელოთ ვარჯიში.
მაგდა კლდიაშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"