reportiori.ge - სანდრო ცნობილაძე – არავის და არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 00:46
პრეს-დაიჯესტი
სანდრო ცნობილაძე – არავის და არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ!
ავტორი:
20 ივნისი, 2015. 10:00


სანდრო ცნობილაძე, გამოცდილი და კომპეტენტური კომენტატორი დღეს სამსახურის გარეშეა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი დათხოვნის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. მიზეზი კი 31 მაისს, პირდაპირ ეთერში მომხდარი კურიოზი გახდა. კომენტატორს საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირებისას გუნდები აერია. ეს ყველაფერი ეთერში ოთხი წუთი გრძელდებოდა, შემდეგ კი ცნობილაძემ მაყურებელს მოუბოდიშა და ჩვეულებრივ განაგრძო კომენტირება. შეხვედრის შემდეგ არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით კომენტატორი ეთერიდან მოხსნეს, შემდეგ კი საერთოდ დაითხოვეს სამსახურიდან. რამდენად მოულოდნელი იყო მისთვის არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება და რა მოხდა ეთერში - ინტერვიუ სანდრო ცნობილაძესთან.

 

- სანდრო ახლა რომ გაიხსენო,რა მოხდა მაშინ ეთერში, როგორ აგერია გუნდები?

 

- ეს არის კურიოზი. რამდენიმე დღის წინაც დავწერე და დღესაც იგივეს ვამბობ. საერთოდ ვერ ვხსნი რა მოხდა. ჩემს თავს ვეკითხეობოდი 48 საათის განმავლობაში, სანდრო, რა მოგივიდა. ჩემი პასიურობა ამით იყო გამოწვეული „ფეისბუქზე". მესმის,რომ ადამიანები ელოდებოდნენ რაღაც განმარტებას, მაგრამ პასუხი ვერ გავეცი ჩემს თავსაც, როგორ მოხდა. ერთადერთი, რაც ახსნა-განმარტებაშიც დავწერე და მინდა ყველამ იცოდეს - არავის და არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ. ეს არის ძალიან მარტივად დასადგენი ფაქტი. შესაბამისად, მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერი ფორმით, ვისაც ეჭვი შეეპარება.


- ახსნა-განმარტებაში რატომ დაწერე ეს, არხის ხელმძღვანელობას შეეპარა ეჭვი?

 

- არა, უბრალოდ, მე ჩავთვალე საჭიროდ ამის დაწერა, გამოხმაურებებიდან გამომდინარე. ჩავწერე ეს წინადადება, რომ არავის და არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ.


- მოედანს როგორ ხედავდი იმ მომენტში და საერთოდ, როგორი სამუშაო პირობები აქვთ ქართველ კომენტატორებს?

 

- ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ჩვენთან არსებობს. ვინც ახლოს არის ფეხბურთთან, ყველამ კარგად იცის, რომ არ ვართ განებივრებული კარგი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, არავინ ჩამითვალოს, რომ თავს ვიმართლებ, მაგრამ რაც ხდება „მესხზე", მთლად შესაბამისი არ უნდა იყოს კომენტატორისთვის. ფეხბურთის ფედერაციის მესვეურების სურვილი, რომ გახადონ უფრო კომფორტული სტადიონი, გასაგებია. ვერანდა, რომელიც გაკეთდა დაჯილდოების ცერემონიალებისთვის, შევთანხმდეთ, რომ არის იმისთვის, რომ აქ ეს ცერემონიალები ჩატარდეს. სხვა რამე იქ გამორიცხულია, რადგან იქ დგანან სხვა ადამიანები, რომლებიც თავიანთ სამუშაოს აკეთებენ, საუბარი მაქვს ოპერატორებზე, მაგრამ, როდესაც იქ დგას სამი ოპერატორი, მოედნის ნახევარი უკვე აღარ ჩანს. მეორე საკითხი კი საერთოდ სალაპარაკო არ არის. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც  საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება ხდება ოთხი კამერით, რაც, ჩემი აზრით, არის აბსოლუტური ნონსენსი, შესაბამისად, არ ჯდება არანაირ პარამეტრში. ამან თავის ზეგავლენა იქონია. ვასახელებ მიზეზებს და 99,9 პროცენტი არის ჩემი ბრალი, მაგრამ დანარჩენი რომ არ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა.


- როდის მიხვდი რომ შეცდი?

 

- როდესაც, 11 მეტრიანის შემდეგ, გახარებულმა პორტუგალიელებმა გადაწყვიტეს, რომ აღენიშნათ ეს ამბავი. იქ დავინახე შავკანიანი ადამიანი და მაშინ მივხვდი, რომ ამერია. წინადადება და აზრი უნდა დამესრულებინა. მომენტალურად მოხდა ჩემგან რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემთვისაც ამოუხსნელია, რატომ არ მითხრეს ამის შესახებ, რადგან, ბუნებრივია, არსებობს კავშირი ადამიანებთან,რომლებიც, ჩემ გარდა ამ შეხვედრის რეპორტაჟზე მუშაობდნენ.


- ტრანსლაციას რეჟისორი ჰყავდა, რატომ არ გითხრა არაფერი?

 

- არ ვიცი, ჩემთვის როგორი ამოუხსნელიც არის, რა მომივიდა, ასევე, ვერ ვიძლევი პასუხს იმაზე, რატომ არ მოხდა მათი მხრიდან რეაგირება.


- მაისურის ფორმამ ხომ არ შეგიყვანა შეცდომაში?

 

- ზოგადად, ყველამ იცის, რომ მასპინძელი ირჩევს ფორმას. მასპინძელი კი საქართველოს ნაკრებია და სათამაშო პირველი ფორმა არის თეთრი, პორტუგალია ძალიან ხშირად თამაშობს წითელი მაისურით. ამიტომ განწყობა ჩემი, რომ სწორედ თეთრი ფორმით თამაშობდნენ ქართველები, პორტუგალიელები კი - წითლით, განაპირობა ამან.


- ამ ფაქტის შემდეგ არხის ხელმძღვანელობასთან თუ გქონდა საუბარი, გადაწყვეტილება როგორ შეგატყობინეს?

 

- ეს ამბავი ჩემი მეგობრისგან გავიგე. შესაბამისად, ოფიციალური სარჩელი რა უდევს ამ ამბავს, არ ვიცი, როგორ არის ფორმულირებული. იმას ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.


- კონტრაქტი როდემდე გქონდა, სასამართლოში ხომ არ აპირებ დავას?

 

- თვის ბოლოს მიმთავრდებოდა. ამ იურიდიულ ნიუანსებში კარგად გარკვეული არ ვარ. არც ისე დიდი დროა გასული მომხდარიდან. გარკვეულ კონსულტაციებს აუცილებლად გავივლი და შესაბამისად, ჩემი მოქმედებები ამაზე იქნება დამყარებული.


- იმის გამო, რომ შენს პოლიტიკურ შეხედულებებს საჯაროდ აფიქსირებდი, ადამიანების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ შენი გათავისუფლება პოლიტიკური ხასიათის იყო...

 

- ეჭვების დონეზე ვერ ვილაპარაკებთ. მით უმეტეს, კულუარული საუბრების წარმართვა არ მჩვევია. ყველას თავისი შეხედულება აქვს. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას თავისი მოსაზრების გამოთქმის უფლება აქვს და შესაბამისად, მათ ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს.


- შენი კოლეგა, დავით მინაშვილი თუ გამოგეხმაურა და რა აზრისაა ამ გადაწყვეტილებაზე?

 

დათომ დამირეკა და გამოხატა ის პოზიცია, რომელიც მას აქვს და ეს ჩემთვის მისაღებია. ის იზიარებს მთელ ჩემს ტრაგედიას არ მინდა ვიხმარო, მაგრამ მთელ ჩემს მდგომარეობას.


- სპორტულმა ჟურნალისტებმა სოლიდარობა გამოგიცხადეს, სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენ, ეს ქართულ სპორტულ სივრცეში პირველია...

 

- ყველა მათგანს ვუხდი დიდ მადლობას. ყველას ვერ ვპასუხობ, რადგან შეუძლებელია პასუხის გაცემა. არ მგონია, ამ მასშტაბის რეაქცია თუ მოჰყვებოდა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა გამოხატეს თანადგომა. საფეხბურთო კლუბებმაც და მიუღებლად მიიჩნიეს ეს გადაწყვეტილება მადლობას ვუხდი ყველას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც დღეს მაქვს და მქონდა მას შემდეგ, რაც ჩემი პირველი პოსტი გამოჩნდა „ფეისბუქზე". ყველა ამ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ მათთვის ვმუშაობდი და მათთვის ვიმუშავებ კიდევ მრავალი წელი.


- პეტიციაც კი გავრცელდაა, რომ არხზე დაგაბრუნონ, თუკი არხის მენეჯმენტი შეცვლის გადაწყვეტილებას, დაბრუნდები?

 

- ცალკე მინდა აღვიშნო სპორტული ჟურნალისტები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით იმ თანადგომაში, რომელიც ჩემ ირგვლივ არსებობს. მოხდება თუ არა დაბრუნება საზოგადოებრვ მაუწყებელზე? კარგად მესმის, რომ საზოგადოებრივი აზრი მიმრთული იქნება იქით, რომ დავბრუნდე. ძალიან მინდა, რომ საზოგადოებრივ აზრთან ადეკვატურ მოქმედებაში მოვიდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილება.

 

მაგდა კლდიაშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016