reportiori.ge - რატომ მოიმატა ქართულ პროდუქტებში სასიკვდილო ცხიმების შემცველობამ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:09
პრეს-დაიჯესტი
რატომ მოიმატა ქართულ პროდუქტებში სასიკვდილო ცხიმების შემცველობამ?
ავტორი:
20 ივნისი, 2015. 12:35


ბოლო კვლევების საგანგაშო შედეგები


ტრანსცხიმები, ანუ საწარმოო ცხიმები, პირველად მე-19 საუკუნეში საფრანგეთში გამოჩნდა. ძვირი და დეფიციტური კარაქის იაფფასიანი ანალოგის შესაქმნელად, ფრანგებმა მცენარეული ზეთი წყალბადით გააჯერეს, კარაქს მიმსგავსებულ პროდუქტს მარგარინი უწოდეს და წარმოებაში გაუშვეს. მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან გაჩნდა ვარაუდი, რომ საწარმოო ტრანსცხიმები ზრდის სისხლში „ცუდი" ქოლესტერინის კონცენტრაციას და შესაბამისად, ათეროსკლეროზისა და გულის კორონარული დაავადებების რისკს. მოგვიანებით, კვლევებით დადგინდა კავშირი ტრანსცხიმებსა და მკერდის კიბოს, პროსტატის, დიაბეტის წარმოქმნის რისკებს შორის.


2006 წლიდან მოყოლებული, მთელმა რიგმა ქვეყნებმა მთლიანად აკრძალეს ან მნიშვნელოვნად შეამცირეს პროდუქტებში ტრანსცხიმების შემადგენლობა. ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ ცხიმებს ბრძოლა გამოუცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და 2009 წელს გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც საკვები პროდუქტებიდან ტრანსცხიმების ამოღებას ითვალისწინებს. სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა საქართველოში, სადაც, შემცირებისა თუ აკრძალვის ნაცვლად, ბოლო წლებში სახიფათო ცხიმებით გაჯერებული პროდუქციის მატება შეიმჩნევა. თემაზე გვესაუბრება „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარე ნანა სანაია:


- ყველასთვის ცნობილია, როგორი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის ცხიმები, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ გარკვეული ტიპის ცხიმებმა შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე გამანადგურებელი გავლენა იქონიოს. კვების პროდუქტების ამერიკელმა მწარმოებლებმა გავლენიან ამერიკულ გამოცემა „Wall Street Joumal"-ში საგანგებო განცხადება გააკეთეს. ბევრმა მათგანმა კვების პროდუქტებში ტრანსცხიმების გამოყენებაზე აკრძალვა დააწესა, რასაც ძალიან დადებითი რეაქცია მოჰყვა როგორც ექიმების, ასევე, დიეტოლოგების მხრიდან. სანტა-ბარბარას ექიმმა ჯონ ლაპორმა ამავე გაზეთში დაბეჯითებით განაცხადა, რომ ტრანსცხიმები აზიანებს გულსისხლძარღვებს და სხვადასხვა ორგანოებს. ამერიკაში ამ პრობლემაზე ყურადღება გასული საუკუნის 90-იან წლებში გაამახვილეს, როცა მოსახლეობაში იმატა გულსისხლძარღვთა დაავადებებმა, სიმსუქნემ და დიაბეტმა. ჩატარდა კვლევები, რომელმაც დაადგინა, რომ ამერიკაში გულსისხლძარღვთა დაავადებებით წელიწადში 20 000 ადამიანი იღუპება და ამის ერთერთი და მთავარი მიზეზი სწორედ ტრანსცხიმების მოხმარებაა. ის იწვევს ათეროსკლეროზს, ჰიპერტენზიას, გულის კორონარულ დაავადებებს, იმუნოდეფიციტს, ზრდის კიბოს რისკს, ხელს უშლის მამაკაცების სასქესო ჰორმონის, ტესტოსტერონის გამომუშავებას და ზრდის პროსტატის კიბოს ალბათობას.


- კონკრეტულად რომელი კვების პროდუქტებშია ტრანსცხიმების მაღალი კონცენტრაცია?


- ტრანსცხიმები შედის თითქმის ყველა პროდუქტში. პროცენტულად ზოგში მეტია და ზოგში - ნაკლები. ტრანსცხიმები შედის კარაქებში, მცენარეულ მარგარინებში, მცენარეულ ზეთებსა და მათი გამოყენებით დამზადებულ პროდუქტებში. შესაბამისად, სხვადასხვა ნამცხვრებში, კრეკერებში, ჩიფსებში, პოპ-კორნში, ფრიტიურში დამზადებულ ყველა პროდუქტში და ა.შ. ტრანსცხიმების დადებითი თვისებებია ის, რომ იაფია, გემრიელია და პროდუქტის შენახვის ხანგრძლივობას ზრდის. სამაგიეროდ ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. წარმოიდგინეთ, პროდუქტში ტრანსცხიმების შემცველობა მხოლოდ 1%-თ რომ შეამცირო, მხოლოდ ამერიკაში 7000-მდე ადამიანი სიკვდილს გადაურჩება და 20 000 ადამიანით ნაკლებს ექნება გულსისხლძარღვთა დაავადებები.


- რომელ ქვეყნებშია აკრძალული საკვებ პროდუქტებში ტრანსცხიმების გამოყენება?


- პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც 2003 წელს ეს პროდუქტი აკრძალა, დანია იყო. შემდეგ იყო ისლანდია. 2009 წელს ტრანსცხიმების შემცირება მოხდა ფინეთსა და ნორვეგიაში. 2006 წელს აშშ-ს კონგრესმა მწარმოებლებს დაავალა, პროდუქტის შეფუთვაზე მიეთითებინათ ტრანსცხიმების შემცველობა და წილი. 2007 წელს ნიუ-იორკში მთლიანად აკრძალეს ტრანსცხიმების წარმოება. 2008 წელს ხმარებიდან მთლიანად ამოიღო „მაკდონალდსმა". ბევრ შტატში სრულიად აკრძალულია ტრანსცხიმების გამოყენება სკოლის სასადილოებსა და რესტორნებში.


- საქართველოში რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით? ჩატარებულა თუ არა კვლევა, რომელიც კვების პროდუქტებში ტრანსცხიმების კონცენტრაციას დაადგენს?


- მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2009 წელს საკვები პროდუქტებიდან ტრანსცხიმების ამოღების რეკომენდაცია გამოსცა, საქართველოში ეს პროცესი არც კი დაწყებულა. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უმრავლესობა იაფფასიან პროდუქტს ეტანება. სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ტრანსცხიმები კი ყველაზე ჭარბად იაფ პროდუქციაშია. როგორც გავარკვიეთ, საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები კვების პროდუქტებში ტრანსცხიმების ოდენობის განსაზღვრის, სასაქონლო ეტიკეტზე მითითების ან აკრძალვის შესახებ. ქართულ ბაზარზე გავრცელებულ კვების პროდუქტებში, ტრანსცხიმების რაოდენობის დადგენის მიზნით, 2011 წელს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა კვლევები ჩაატარა. ამ კვლევის შედეგები დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, თუმცა სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევებმა საგანგაშო დასკვნა დადო. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლია თოდუა:


- 2011 წელს ჩატარებული კვლევები დამაკმაყოფილებელი იყო იმ მხრივ, რომ პროდუქტებში ტრანსცხიმების შემადგენლობა მაღალი არ გახლდათ. ყველაზე მაღალი 8% (რაც დაშვებულია რუსეთში) დაფიქსირდა „შატილის" გამოშვებულ სპრედში (ცნობისთვის, სპრეად პურზე წასასმელი პროდუქტის აღსანიშნავი სიტყვაა). „ეკო-ფუდის", „სანტესა" და „სამგორის" პროდუქტებში, მათ შორის მარგარინებში, ტრანსცხიმების საკმაოდ დაბალი შემცველობა დაფიქსირდა. შედეგებით დაიმედებულებს, შემდგომ წლებში მსგავსი კვლევები აღარ ჩაგვიტარებია. თანაც ასეთი კვლევები საქართველოში არ ტარდება და საზღვარგარეთ გაგზავნა და შემოწმება ძალიან ძვირი ჯდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია თითქოს გეგმავს, რომ დაიწყოს ტრანსცხიმების შემოწმება და ველოდებით. მომხმარებლის დაჟინებული მოთხოვნით, 7 მაისს ლიტვაში ლაბორატორიულ შემოწმებაზე გავაგზავნეთ „სანტეს", „ეკო-ფუდის", „შატილისა" და „ტიფლისის" სპრედები. ივნისის დასაწყისისთვის პასუხები მივიღეთ, რომელიც ძალიან არასასიამოვნო აღმოჩნდა.

 

- შეგიძლიათ, დაგვისახელოთ, კონკრეტულად რომელი ფირმის ნაწარმში აღმოჩნდა ტრანსცხიმების ყველაზე მაღალი რაოდენობა?


- უცხოურ სპრედებში ნორმალური შედეგი იყო. ყველაზე მაღალი - 5,8% „ტექსუნში" აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ტრანსცხიმების ძალიან მაღალი შემცველობა დაფიქსირდა ქართულ სპრედებში - 20%, 23%. ამის შემდეგ, მომხმარებლებისგან მოვიდა მოთხოვნა, რომ სხვა კარაქოვანი პროდუქტებიც შეგვემოწმებინა და გავაგზავნეთ ქართული კარაქებისა და კარაქის შემცველი სპრედების ნიმუშები. პირველად მხოლოდ მცენარეული სპრედები გაიგზავნა, ხოლო მეორედ ცხოველურ ნაწილთან ნარევი სპრედებიც. პასუხები, ალბათ, ერთ-ორ კვირაში გვექნება.

 

- თქვენი აზრით, 2011 წლის შემდეგ რამ გამოიწვია პროდუქტებში ტრანსცხიმების ასეთი მკვეთრი მატება?


- ტრანსცხიმები ძირითადად მიიღება ზეთის ქიმიურად დამუშავების შედეგად, როცა მარგარინი იწარმოება. მარგარინის წარმოქმნისას, ჯერ წარმოიქმნება ტრანსცხიმებიანი მარგარინი, მაგრამ პროცესი უნდა მივიდეს ბოლომდე, რომ ტრანსცხიმები ნორმალურ ცხიმებად გარდაიქმნას. ეს არის უფრო გრძელი და ძვირი პროცესი და ეტყობა, ამიტომ შემოვიდა ქვეყანაში იაფიან, უხარისხო და ფაქტობრივად, ნახევარფაბრიკატი მარგარინები, რომლის ჭამაც არ შეიძლება. მე ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ მეწარმეებმა არ იცოდნენ, რას ყიდდნენ. ვფიქრობ, რომ რაღაც ზომებს მიიღებენ და ამოიღებენ ტრანსცხიმებიან პროდუქციას ქსელიდან, თუმცა ვალდებული არ არიან. საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ ტრანსფორმის ცხიმი ძალიან მავნეა ადამიანებისთვისაც და ცხოველებისთვისაც, ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩნია მათი გადასამუშავებელი ფერმენტები და მათი რეგულირების საშუალება. ტრანსცხიმებს შეუძლია, უჯრედების მემბრანებში ჩაშენდეს და შეცვალოს მათი მახასიათებელი. ბუნებრივია, ეს ძალიან ბევრ გართულებას იწვევს. დადასტურებულია, რომ პროდუქციაში ტრანსცხიმების 2%-ით გაზრდა გულის იშემიური დაავადებების ალბათობას ორჯერ ზრდის და წარმოიდგინეთ, რამდენად არის გაზრდილი რისკი 23%-ის პირობებში. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ რეგულირდება ტრანსცხიმები, არც რაიმე ნორმაა დადგენილი და არც ეტიკეტზე მათი რაოდენობის აღნიშვნის მოთხოვნა. სამაგიეროდ, არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ ტრანსცხიმები მოხმარებიდან ამოვიდეს ან ადამიანის მიერ მათი მოხმარება 2 გრამს არ აღემატებოდეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც ტრანსცხიმების შეზღუდვას ან ეტიკეტზე მათი რაოდენობის აღნიშვნას სავალდებულოს გახდის. ამჟამად ეს განხილვის სტადიაშია, მაგრამ როდის მიიღებენ და რა ბედი ეწევა, ვერ გეტყვით.

 

ნელი თორდია

გზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016