reportiori.ge - სიმონ კილაძე: საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, სოჭის ოლქი 1918 წლის 6 ივლისს დაიკავა, ხოლო სოჭი დავკარგეთ 1919 წლის 7-8 თებერვალს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 00:43
პრეს-დაიჯესტი
სიმონ კილაძე: საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, სოჭის ოლქი 1918 წლის 6 ივლისს დაიკავა, ხოლო სოჭი დავკარგეთ 1919 წლის 7-8 თებერვალს!
ავტორი:
20 ივნისი, 2015. 13:24


თურქეთის შემდეგ ყველაზე მეტი ძირძველი ტერიტორია საქართველოს რუსეთის იმპერიამ წაგლიჯა! ახლაც, ჩვენ ცხვირწინ, თვალსა და ხელს შუა, გამძვინვარებულმა რუსეთმა „ფუკასავით" აგვაცალა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი... ავადსახსენებელი მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საქართველოს რუსეთმა სხვა ტერიტორიებთან ერთად წაგლიჯა „აფხაზეთის სვანეთიც", - დალის ხეობა, სადაც ჩვენი ქვეყნის მინიმუმ შვიდიათასწლიანი ისტორიის განმავლობაში მტერს ფეხი არ დაედგა. ქართული დიპლომატიის ისტორიის მკვლევარი ბატონი სიმონ კილაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი შეუფასებელია...

 

- ბატონო სიმონ, განათლებული თუ წიგნიერებაზე პრეტენზიის მქონე ადამიანებიც კი „ამტკიცებენ", რომ 1921 წლის 25 თებერვლის, ანუ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სტალინმა და ორჯონიკიძემ საქართველოს სოჭის ოლქი ჩამოაჭრეს და რუსეთს აჩუქეს! სოჭი საქართველოს ეკუთვნოდა?


- სოჭი უბიხების მიწაა... ეს ავტოქტონი კავკასიური ეთნოსი მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში რუსეთის იმპერიის რეგულარულ ჯართან ბრძოლაში დამარცხდა და ამოწყდა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას - თქვენს მიერ ხსენებულ იმ ე.წ. წიგნიერ ხალხს ვუპასუხებ, რომ მათი განცხადებები სინამდვილეს არ შეეფერება!


საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში, რომელიც 1921 წლის თებერვალში მიიღეს, სოჭი მოხსენიებულიც კი არ არის. მართალია, სოჭის ოლქი საქართველოს ერთხანს დაკავებული ჰქონდა, მაგრამ სოჭი საქართველომ დაკარგა იმაზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე „წითელი არმია" თბილისში  შემოვიდოდა და ქვეყნის დედაქალაქი დაეცემოდა.


- თუ შეიძლება, უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ თემაზე...

 

- საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, რომელსაც გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და ვალიკო ჯუღელი მეთაურობდნენ, სოჭის ოლქი 1918 წლის 6 ივლისს დაიკავა, ხოლო სოჭი დავკარგეთ 1919 წლის თებერვლის დასაწყისში, 7-8 თებერვალს!


- მაინც რა და როგორ მოხდა?

 

- ერთი სიტყვით, სოჭის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში სულ რაღაც შვიდი-რვა თვე თუ იყო. სოჭის ოლქი საქართველომ დაიკავა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 1918 წლის მარტში, იქაურმა ბოლშევიკებმა, რომლებიც აფხაზეთის საქმეებში აფათურებდნენ ხელებს, აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. მაშინ საქართველო ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში დენიკინის თეთრგვარდიულ რეჟიმსა და ბოლშევიკებს შორის ომი იყო გაჩაღებული და ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. საქართველოს ხელისუფლებამ ისარგებლა ამ არეულობით და გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა და ვალიკო ჯუღელმა სოჭი დაიკავეს! ჟორდანიას მთავრობა ცდილობდა, სოჭის ოლქის სახით რუსეთსა და საქართველოს შორის შეექმნა ე.წ. ბუფერული ზონა. როგორც კი დენიკინმა ჩვენს ხელისუფლებას გამოუცხადა, რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებინა სოჭი, რომელიც არასოდეს ყოფილა საქართველოს ტერიტორია, ჩვენებმა უარი თქვეს, მაგრამ შემდეგ იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ და დაეთმოთ ტერიტორია... ჟორდანიას მთავრობამ დახმარებისათვის მიმართა ინგლისს, მაგრამ დიდ ბრიტანეთს დიდად თავი არ გამოუდვია ჩვენს სასიკეთოდ და დასაცავად!


- როგორც ვიცი, სოჭში ჩარჩენილ ქართველებს რუსებმა მაშინ გენოციდი მოუწყვეს!

 

- დიახ, სოჭში ძალიან ბევრი ქართველი ჯარისკაცი დაატყვევეს და დახვრიტეს დენიკინელებმა. სოჭის ოლქი რომ საქართველოს ტერიტორია არ ყოფილა, 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაშიც დაფიქსირდა. კერძოდ, ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის ნახსენები სოჭის ოლქი და გარკვევით წერია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე.


- ბატონო სიმონ, დღევანდელი ვითარება როგორია?

 

- დღეს საქართველოს დადგენილი საზღვარი მხოლოდ თურქეთთან აქვს და საზღვარი არც რუსეთთან, არც აზერაიჯანთან და არც სომხეთთან დადგენილი არ არის! საზღვარი დადგენილად ითვლება მაშინ, როცა მხარეთა შორის სასაზღვრო შეთანხმება დაიდება, სადაც მოცემულია საზღვრის აღწერილობა და დაფიქსირებულია მხარეთა ხელმოწერები. რუსეთ-საქართველოს შორის სადავო იყო პირიქითა ხევსურეთის, კერძოდ, შატილის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც ალაქო ერქვა. ჩეჩნები იჩემებდნენ, რომ ეს იყო მათი ტერიტორია, თავის მხრივ, ქართველები არ თმობდნენ ამ მიწას. რუსეთსა და საქართველოს შორის ასევე სადავოა მამისონის უღელტეხილი, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსებმა საზღვარი გადმოსწიეს. იმავე პრობლემამ იჩინა თავი ამ რამდენიმე წლის წინათ მდინარე ფსოუს შუა წელზე მდებარე სოფელ აიგბასთან დაკავშირებითაც, რომელიც აფხაზებმა რუსებს არ დაუთმეს და შემდეგ სოფელი შუაზე გაყვეს. მოკლედ, რუსეთ-საქართველოს საზღვარი ეს არის ურთულესი პრობლემა, რომლის გადაჭრისა და დადგენის გზები ამ ეტაპზე არ ჩანს!


- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ ჩიხიდან გამოსვლა?

 

- ამ სიტუაციიდან გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ვხედავ! რუსეთს ოკუპირებული და მიტაცებული აქვს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და რუსეთსა და საქართველოს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა. თუ დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგა, სასაზღვრო კომისიის მუშაობა იქნება ნონსენსი!


- ერთი სიტყვით, მოარული ხმები იმის შესახებ, რომ სტალინმა და ორჯონიკიძემ საქართველოს სოჭის ოლქი ჩამოაჭრეს და რუსეთს აჩუქეს, ტყუილია და ცილისწამებაა?

 

- დიახ, ეს ტყუილია და ისტორიულ სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს! ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც უნდა შევეხო - საქართველოში დიდი ხანია, იბეჭდება და ქვეყნდება ე.წ. რუკები, რომელსაც აწერია „საქართველო ერთა ლიგის მიერ ცნობილ საზღვრებში". სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ „ერთა ლიგამ", რომელიც „გაეროს" წინამორბედი და მსგავსი ორგანიზაცია იყო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არც თავის რიგებში მიიღო და არც ცნო!


- ცნობილი ნორვეგიელი პოლარული მკვლევარი და ნობელის პრემიის ლაურეატი ფრიტიოფ ნანსენი „ერთა ლიგის" 1920 წლის დეკემბრის სხდომაზე ბევრს ეცადა, რომ საქართველო „ერთა ლიგაში" მიეღოთ, მაგრამ...

 

- დიახ, ჩვენ მაშინ „ერთა ლიგაში" არ მიგვიღეს და ამით ყველაფერი ითქვა! ამ ამბებიდან მალე, სულ რაღაც ორ თვეში, საქართველოში რუსეთის „წითელი არმია" შემოიჭრა და ქვეყნის დამოუკიდებლობასაც დიდი წერტილი დაუსვა.

 

 

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016