პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის ინიციატივით, 13 ივნისის სტიქიის დროს ყველაზე ცხელ წერტილებში მომუშავე ჟურნალისტები დაჯილდოვდებიან. მისივე თქმით, რომ არა ჟურნალისტები, ბევრი ფაქტი აღურიცხავი დარჩებოდა. ამ თემაზე „რეპორტიორს" ჟურნალისტი გიორგი მანჯავიძე ესაუბრა. მისი თქმით, არცერთმა ჟურნალისტმა არანაირი ჯილდო არ უნდა მიიღოს.
მანჯავიძე ჩვენი „რეპორტიორის" საშუალებით, პრემიერს მიმართავს და მადლობა უხდის ჟურნალისტების მუშაობის დაფასებისთვის, თუმცა, თვლის რომ მედიის მხრიდან რაიმე ჯილდოს აღებაზე საუბარი არ უნდა იყოს.
„მადლობა, ბატონო პრემიერო, რომ გინდათ ჟურნალისტების შრომის დაფასება... მაგრამ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სულ მცირე, "უხერხულია" ჩვენი მხრიდან რაიმე ჯილდოებზე საუბარი... ბატონო ირაკლი, თქვენი გულწრფელი სურვილი ჩვენ უხერხულად გვაგრძნობინებს თავს. ჯილდოს იმისთვის, რაც ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, მთავრობისგან არ უნდა ვიღებდეთ. მადლობა დიდი იმისთვის, რომ აღნიშნეთ ჩვენი შრომა... სასიამოვნოა... მაგრამ დაე ჯილდოები დამსაქმებლებმა მისცენ ჩემს კოლეგებს... აგერ, ამ წამს სპონტანურად მომაფიქრდა - იმ სოლიდარობის ბაღში ერთი პატარა კუთხე გვაჩუქეთ მედიას. ან ხეები დარგეთ... სიმბოლურად შევიკრიბებით ხოლმე დასვენების დღეებში..."-აცხადებს მანჯავიძე.
გიორგი მანაჯავიძემ ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტი როდესაც ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობს, ეს გმირობა კი არა, საკუთარი საქმის კეთებაა.
„მე ჟურნალისტი ვარ... კი, მართალია, მე არავინ მავალდებულებდა იქ ყოფნას, არცერთი სამსახური... მაგრამ მაინც ჟურნალისტი ვარ და ჩემი საქმე გავაკეთე. ის, რაც უნდა აკეთოს ჟურნალისტმა. ეს კი გმირობა არ არის... ეს საქმის კეთებაა... შენი საქმის... კიდევ ერთხელ მადლობა და ეს პატარა თხოვნა შემისრულეთ... ჟურნალისტები „გმირის" წოდებისთვის და ჩინ-მედლებისთვის არ ვშრომობთ", - ამბობს ჟურნალისტი.