reportiori.ge - ავთანდილ აბაიშვილი: უცნობი კაცი ჩემს დაღვრილ სისხლს და ტრაგედიას თავისად ასაღებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:13
პრეს-დაიჯესტი
ავთანდილ აბაიშვილი: უცნობი კაცი ჩემს დაღვრილ სისხლს და ტრაგედიას თავისად ასაღებს!
ავტორი:
20 ივნისი, 2015. 16:39


მიმდინარე წლის 25 მაისს „ასავალ-დასავალში" დაიბეჭდა ინტერვიუ 26 მაისის აქციის მონაწილე, ვიცე-პოლკოვნიკ ბადრი შუბლაძესთან. ინტერვიუს თან ახლდა ფოტო, რომელზეც „პიონერთა სასახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის გუბეში მწოლიარე მამაკაცი მოჩანს. ეს ფოტო მიტინგში მისი მონაწილეობის ამსახველ სხვა სურათებთან ერთად ბატონმა ბადრიმ თავად გადმოგვცა. გულწრფელად სჯეროდა, რომ ფოტოზე თავად იყო აღბეჭდილი, თუმცა, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ 4 წლის განმავლობაში გულის ჯიბით საკუთარის ნაცვლად, სხვისი სურათი უტარებია! ადამიანი, რომელსაც ეს ფოტო ეკუთვნის, 73 წლის ღვაწლმოსილი ლექტორი ავთანდილ აბაიშვილი აღმოჩნდა. ჩვენ ერთად მივედით იმ ადგილზე, სადაც ასფალტს ჯერაც არ შეშრობია მისი სისხლის კვალი და რეჟიმის ძალმომრეობაზე ჩვენი დიალოგიც სწორედ იქ შედგა:


- „ასავალ-დასავალის" მუდმივი მკითხველი ვარ. ის ნომერიც ჩვეული ინტერესით შევიძინე და გადავფურცლე. უცბად, საკუთარი ფოტო მომხვდა თვალში, თავგაჩეხილი და ნაწამები საკუთარ სისხლში რომ ვწევარ, წარმოიდგინეთ ჩემი განცვიფრება და შეძრწუნება, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ვიღაც, ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანი - ჩემს ტრაგედიას თავისად ასაღებს! ისე ცუდად გავხდი, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო! 2011 წლის 26 მაისს სააკაშვილის რეჟიმმა მთელ საქართველოს თავისი უსამართლობის ხელკეტი გადაჰკრა. არ მოველოდი, რომ 4 წლის შემდეგ უსამართლობის მორიგ ხელკეტს ამჯერად ჩემი საყვარელი გაზეთიდან მომიღერებდნენ.


- ბატონო ავთო, მე პირადად გიხდით ბოდიშს იმ უხერხულობის გამო, რომელიც სურათთან დაკავშირებით შეიქმნა... ალბათ, ბატონი ბადრიც დარწმუნდება, რომ 4 წლის განმავლობაში თქვენი სურათი - თავისი ეგონა და, შესაბამისად, კიდეც მოგიბოდიშებთ...

 

- ნუ შეწუხდება ბოდიშისთვის! ამქვეყნად არავინ არის შეცდომისგან დაზღვეული, მაგრამ მისმა საქციელმა ძალიან მატკინა გული. მინდა,მჯეროდეს, რომ მართლაც შეეშალა და ჩემი სურათი თავისად შეგნებულად არ გაუსაღებია. მე უპრეტენზიო კაცი ვარ, არ მიყვარს საკუთარი ამბების გამომზეურება, მაგრამ, როცა აღმოვაჩინე, რომ საკუთარ სისხლს ვიღაც მედავება, ვეღარ მოვითმინე. ჩემი ოჯახის ყველა ახლობელმა, მეგობარმა და ნათესავმა ზუსტად იცის, რომ იმ სურათზე მე ვარ გამოსახული. ის სურათი თავიდანვე გავრცელდა, როგორც სააკაშვილისეული რეპრესიების ერთ-ერთი სიმბოლო, მაგრამ თავი არ გამომიდია, რომ ფართო საზოგადოებისთვის ჩემი ვინაობა შემეხსენებინა. აი, ქურთუკი (მიჩვენებს), რომელიც იქ მწოლიარეს მაცვია, აი, ის ჯინსები და ფეხაცმელიც... მგონი, ეჭვი აღარავის უნდა შეეპაროს, რომ სურათზე ნამდვილადმე ვარ!


- მჯერა თქვენი. ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ბატონო ავთო, თუ შეიძლება, გააცანით თავი ჩვენს მკითხველს...

 

- პროფესიით ფილოსოფოსი ვარ, ამჟამად - პენსიონერი, 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიდრე სააკაშვილი ღვაწლმოსილ პროფესურას „ჩარეცხავდა", პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ეთიკას ვასწავლიდი სტუდენტებს. 1996 წლიდან „სუ ჯოკ" თერაპევტი გახლავართ. ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს და როგორც კი ეროვნული მოძრაობა გააქტიურდა, მისი რიგითი წევრი გავხდი. 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის სტატუსის დასაცავად მოწყობილ აქციაში ვმონაწილეობდი. გამოვიარე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაც... 7 აპრილს ჩემს სტუდენტებთან ერთად პირდაპირ ინსტიტუტიდან წავედი აქციაზე. 9 აპრილის სისხლიანი დარბევის მომენტში ტელევიზიასთან ვიყავით, სადაც ასევე აქცია იმართებოდა. მიტინგის მონაწილე გოგონები ზოოპარკის ტერიტორიიდან გავარიდე საფრთხეს, ბოლო წუთამდე არ მოვცილებივარ სტუდენტებს.


- ბატონო ავთო, სააკაშვილის რეჟიმზე რამ გაგანაწყენათ? ამჯერად 26 მაისის აქციის მონაწილე როგორ აღმოჩნდით?

 

- სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას თავიდან ზეიმით შევხვდით, რადგან შევარდნაძის ეპოქის დასრულება გვიხაროდა, თუმცა, მან ხალხის იმედები ვერ გაამართლა, დიქტატორად გადაიქცა. ახალგაზრდების სისხლი დაღვარა, ღვაწლმოსილი პროფესურა ჩარეცხა, ეკლესიას შეუტია და, ბოლოს და ბოლოს, ტერიტორიები მტერს გადაულოცა. სხვათაშორის, პირველი ინსულტი სწორედ აგვისტოს ომის მერე დამემართა... მის მიერ ჩადენილი უსამართლობებით აღშფოთებული ვიყავი, ვმონაწილეობდი საპროტესტო აქციებში. აქტიური მონაწილეობა მივიღე 6 მაისის აქციაში, რომელიც დიღომში, წინასწარი დაკავებს იზოლატორთან გაიმართა. არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. სიმართლე გითხრათ, 2011 წლის მაისის მიწურულს ნინო ბურჯანაძის გუნდის მიერ ტელევიზიასთან გამართულ თავყრილობაში აქტიური მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ, როცა მომიტინგეები პარლამენტისკენ დაიძრნენ, რადიოში ლიდერების გამოსვლები მოვისმინე. ისინი ჩიოდნენ, რომ საპროტესტო მუხტმა იკლო, შესაბამისად, აქციაში მონაწილეთა რიცხვი შემცირდა და თუ პარლამენტთან ბევრნი არ ვიქნებით, რეჟიმს ჩვენი დარბევა გაუადვილდებაო. აქვე უნდა გითხრათ, რომ „სუ ჯოკ" თერაპიის ცოდნის წყალობით, ნებისმიერი გონდაკარგული ადამიანისთვის ცნობიერების დაბრუნება წამებში შემიძლია.:.. გავაცნობიერე, რომ ხალხისთვის იქ საჭირო ვიქნებოდი. ამიტომ სასწრაფოდ ავიღე სამედიცინო ინსტრუმენტები და პარლამენტისკენ გავემართე. ღამის 12 ხდებოდა. მეგონა, მეტრო იქით მიმავალი ხალხით გადაჭედილი იქნებოდა, თუმცა, ძალიან გამიკვირდა, კანტიკუნტად რომ ვნახე მგზავრები. სააკაშვილმა დარბევა რომ გაბედა, ამაში გულგრილ ადამიანებს ვადანაშაულებ, რომლებიც იმ ღამით სახლებში დარჩნენ და რუსთაველზე არ გამოვიდნენ.


- რბევაში როგორ მოხვდით?

 

- მგონი, მარტოკაცი მხოლოდ მე ვიყავი, რადგან მიტინგზე ყველანი მეგობრებთან ერთად, ჯგუფებად იყვნენ მისულები. 9 აპრილის მემორიალთან ვიმყოფებოდი, როცა რუსთაველის მეტროს მხრიდან ხალხის მიმართულებით სპეცრაზმელები დაიძრნენ. თავსხმა წვიმა მოდიოდა. ყურს აყრუებდა სირენების ხმა. სული შემეხუთა და მცირე ჯგუფთან ერთად „თავისუფლების მოედნის" მეტროს სადგურისკენ გავიქეცი, იქ ვაპირებდი თავის შეფარებას. ხალხის ნაწილი კი, კინოთეატრისკენ გაიქცა. მეტრომდე არმისულს, ორი ნიღბიანი სპეცრაზმელი შემომეჩეხა. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დამარტყეს. შევბარბაცდი, სათვალე ძირს დამივარდა. ასაღებად დავიხარე და სწორედ ამ მომენტში გამიკეთეს პლასტმასის ხელბორკილი, მერე ასფალტზე დამაგდეს, ცემა დამიწყეს და გონებაც დავკარგე... როცა ცნობიერება დამიბრუნდა, მთელ ტაზე სისხლჩაქცევები მქონდა, რაც ახლო მანძილიდან ნასროლი რეზინის ტყვიებისგან მიღებულ დაზიანებად შეფასდა. ხელკეტებით ცემის შედეგად თავი ხუთ ადგილზე მქონდა გაჩეხილი.


- ამ სურათის გადაღების მომენტი გახსოვთ?

 

 არა. გადაღების მომენტში გონებაზე არ ვიყავი. მიკვირს, ცოცხალი როგორ გადავრჩი. სურათზეც ჩანს, რომ ბევრი სისხლი დამიკარგავს... როცა ეს ფოტო გამოქვეყნდა, ჩემმა ყველა ახლობელმა ამომიცნო და გამომეხმაურა. წარმოიდგინეთ, ვანო მერბიშვილის სასამართლო პროცესზე, როგორც დაზარალებული - მოწმედაც კი დამიბარეს. ჩვენების მიცემის დროს დეტალურად მოვყევი თავსგადახდენილი ისტორია, მაგრამ მერაბიშვილის ადვოკატების - ოთო კახიძისა და გოგა ონიანის ცინიკურმა დამოკიდებულებამ წყობიდან გამომიყვანა. ისინი უტიფრად ექომაგებოდნენ დარბევის ორგანიზატორს, მაგრამ ჩემმა ჩვენებამ აშკარად წარმოაჩინა მათი არგუმენტების სიყალბე!


P.S. ბადრი შუბლაძესთან დაკავშირება ვეღარ მოვახერხე, თუმცა, ვესაუბრე მის მეგობარს მაიზერ ფირცხელანს, რომელიც ბადრის იარების მოშუშებაში დაეხმარა: გასაგებია, რომ ბადრის მართლაც შეეშალა, საკუთარი თავი სხვას მიამსგავსა, მაგრამ ძალიან გთხოვთ, მის კეთილსინდისიერებაში ეჭვს ნუ შეიტანთ! ისტორია, რომელიც ინტერვიუში მოგითხროთ, სრული სიმართლეა. იგი აქციების აქტიური მონაწილეა და 26 მაისის ღამით სხეულის მძიმე დაზიანებებით, მართლაც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, რასაც უამრავი ადამიანი დაამოწმებს! ბატონ ავთანდილს კი, ბადრის მეგობრები ჯანმრთელობასა და ღვთის წყალობას ვუსურვებთ, - მითხრა მაიზერმა და მე მისიც მჯერა.

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016