reportiori.ge - მამა გიორგის ტრაგედია და ამაღლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:08
პრეს-დაიჯესტი
მამა გიორგის ტრაგედია და ამაღლება
ავტორი:
22 ივნისი, 2015. 17:19


13 ივნისს სტიქიური უბედურების დროს ტრაგიკულად გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მეუღლემ დათო სიხარულიძემ საზოგადოებას თხოვნით მიმართა: გთხოვთ, ივლიტას სული ლოცვებში მოიხსენიეთო. არამარტო სამოქალაქო საზოგადოება, არამედ სრულიად საქართველოს ეკლესია სამარადისოდ ლოცვებში მოიხსენიებს 2015 წლის 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპულ 24 წლის ივლიტა ჯიბუტს, მის მეგობარს მარიამ ქუთელიას, დებს ინდირა და ლიზა ზარანდიებს, იმ საბედისწერო ღამეს გარდაცვლილ ადამიანთა სახელებს. მითუმეტეს,რომ ივლიტას მამა გიორგი ჯიბუტი საქართველოს ეკლესიის მსახურია, ვაკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი.


ივლიტა ჯიბუტი 18 ივნისს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვამდე ის დასვენებული იყო ვაკეში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ახალგაზრდა ქალის სამუდამო განსასვენებელთან მწუხარებისგან ღონემიხდილი დედა იჯდა, ხოლო ეკლესიის გამოსასვლელ კართან მოკრძალებულად სამძიმარს იღებდა მამა - გიორგი ჯიბუტი. ენით აუწერელია მისი უტყვი მწუხარება, სჯერა სულის უკვდავების, მაგრამ თვალებში თავისი პირმშოს დაღუპვისგან გამოწვეული უკიდეგანო სევდა ჩაჰგუბებია - ამ დღეს ის ერთ-ერთ შვილს სამუდამოდ გამოემშვიდობა... იმ საბედისწერო ღამეს, როგორც კი წვიმა გაძლიერდა, შვილის სახლთან გაჩნდა, ადგილზე მისულ მაშველებს სწორედ მან გააგებინა, სვანიძის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სახლის სახურავზე სამი ახალგაზრდაა და შველა სჭირდებათო. იმ ტრაგიკულ წუთებშიც კი მამა გიორგის საკუთარი ქალიშვილისთვის უპირატესობა არ მიუნიჭებია, არ უთქვამს, ერთი მათგანი ჩემი შვილია და გადამირჩინეთო, სამივე - ქალიშვილიც, სიძეც და შვილის მეგობარიც საკუთარ შვილებად მიიჩნია. მიუხედავად მაშველების თხოვნისა, ადგილზე დარჩენილიყო, მათთან ერთად გზა განაგრძო, ჩახერგილ ადგილებს შემოუარა და საბურთალოს სასაფლაოს მხრიდან დაეშვა. მაგრამ ამასობაში, სანამ იქამდე მიაღწიეს, ტალახიან წყალს სახლიც დაეფარა და სახლის სახურავიც, მხოლოდ ხეს ჩაჭიდებული მამაკაციღა მოჩანდა - მამა გიორგის სიძე დათო სიხარულიძე, რომელსაც წყლის დინებას ჩამოყოლილმა მძიმე მორმა დაჯახებისას გოგონებისთვის ხელი გააშვებინა. მდინარის სანაპიროზე, 500 მეტრ მანძილზე, ამაოდ ეძებეს დაკარგულები. მეორე დღეს ივლიტას მეგობარი გოგონას მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს, ხოლო 16 ივნისს - ივლიტა ჯიბუტის. სამი დღის განმავლობაში მამა გიორგი შვილს საკუთარი ძალებით ეძედა, ყველას სთხოვდა, სანამ ივლიტას არ ვიპოვი, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთო, ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ ცოცხალს მიაგნებდა. ძალიან მძიმე სანახავია შვილის მაძებარი მამა გიორგის ფოტოები - მღვდლის ანაფორაში ჩაცმული, ხელში ნიჩბით, ქვიშა-ღორღოში ეძებს თავის დაკარგულ მარგალიტს, სულშეძრული გასცქერის მთიდან ჩამოტანილ ტალახის გორებს - მის ტკივილს მხოლოდ სახის ნაკვთები თუ გასცემს... ეს არის ენით  აუწერელი რეალური ტრაგედია, რომლის მსგავსი სცენა უნიჭიერესმა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ 39 წლის წინათ თავის ფილმში „ნატვრის ხე" ასახა, სადაც დიდი მსახიობი სესილია თაყაიშვილი - მარადია წვიმსა და ტალახში ჩამუხლული, უტყვად დასტირის ადამიანთა უმეცრებისგან ჩაქოლილ თავის სისხლსა და ხორცს, შვილიშვილს - მარიტას. ყველა ტკივილი მოხუცის სახეზეა, ყველა ნერვი მის თითებზე თრთის. ზუსტად ასეთი ტრაგედიაა მამა გიორგის სახეზე, რომელიც ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მსგავსი ამბავი თავს გადახდებოდა, მოვიდოდა წვიმა, ადამიანთა უმეცრებისგან დავიწროებული გზა-გვირაბი ადიდებულ მდინარეს ვერ გაატარებდა, შეაგუბებდა და მის პირმშოს - ივლიტას შეიწირავდა მარიტასავით, ტალახსა დ ქვა-ღორღში ჩაქოლილი ანგელოზივით. მოხალისეებმა ივლიტა ბავშვთა ქალაქ „მზიურის" ტერიტორიაზე იპოვეს - თავს დასცქეროდნენ ტანსაცმელშემოძარცულ, უსულო ქალიშვილს და, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდნენ მისი ვინაობა, თითქოს იდუმალი ხმა წმინდა ივლიტას სიკვდილისწინა სიტყვებს ჩასძახოდა: „ქრისტიანი ვარ, ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც". ეს ქალიშვილი სწორედ ივლიტა ჯიბუტი აღმოჩნდა თანამედროვე ციციკორეების ანგარებისგან განწირული.


როგორც მამა გიორგიმ სამი დასაღუპად განწირული სიცოცხლისგან თავისი შვილი არ გამოარჩია და მაშველებს სამივე მათგანის გადარჩენა სთხოვა, ასევე ჩვენ არ ვარჩევთ სტიქიის დროს დაღუპულთაგან მხოლოდ ივლიტას, ასეთივე დიდი ტკივილია საქართველოსთვის მარიამ ქუთელია, დები ინდირა და ლიზა ზარანდიები, ნინა ილიშვილი, ჟანა, სვეტლანა და ლიანა ეგიზაროვები, ნატა ნინაშვილი, გულიკო და მალხაზ ჭიტაძეები, ნინა შუტკოვა, ნუგზარ ბუაძე, გივი დვალი, გურამ პეტრიაშვილი. მამა გიორგი ყველა მათგანისთვის ილოცებს, ყველას შეუმსუბუქებს სასუფევლისკენ მიმავალ გზას, ისინი სხვადასხვა დრო დაიბადნენ, მაგრამ ერთ დღეს გარდაიცვალნენ და გიორგი ჯიბუტისთვის მათი სულებისთვის პარაკლისის გადახდა და ლოცვებში მოხსენიება ისეთივე სასოება იქნება, როგორც შვილებისადმი გამოვლენილი უდიდესი სიყვარული.


ბოლოთქმა


არავის ეგონოს, რომ წვიმა ნაკვალევს შლის, ამ ახალგაზრდების წინაშე ჩადენილი დანაშაული სახეზეა, მათი სისხლი ცას შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს ვის-ვის და მამა გიორგის ყველაზე კარგად მოეხსენება, რომ კეისარს კეისრისა უნდა მიეზღოს, ვინც მახვილით კლავს, მახვილითვე უნდა განიგმიროს, ხოლო უმეცრებით, უგუნურებითა და ანგარებით, გამიზნულად ჩადენილი დანაშაული ყველაზე დიდი ბოროტებაა.

 

 

 

მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016