რა გაკვეთილი მიიღო ხელისუფლებამ 13 ივნისის სტიქიისგან და რა უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი უბედურება თბილისში აღარ განმეორდეს? ამ საჭირბოროტო თემაზე ცნობილ ქართველ არქიტექტორს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს გიგა ბათიაშვილს ვესაუბრებით.
- ბატონო გიგა, რას უკავშირებთ იმ მასშტაბურ ტრაგედიას, რომელიც 13 ივნისს თბილისში დატრიალდა და როგორ ფიქრობთ, უნდა აგოს თუ არა ვინმემ პასუხი დამდგარ შედეგზე?
- როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერეს ხეობაში ვაკე-საბურთალოს დამაკავშრებელი ახალი გზა გაჭრა, საერთოდ არ გაითვალისწინა ის თვისებები, რომლებითაც მდინარე ვერე გამოირჩევა.
დიახ, ვერე მთის პატარა მდინარეა, მაგრამ მას ძალიან დიდი მკვებავი აუზი აქვს. გარდა ამისა, ვერე მოედინება ისეთ ზონაში, სადაც ძალიან ბევრი ჩამოშლადი მასალაა - კლდე, ღორღი, შლამი და, რაც მთავარია, ხე-ტყე.
მეწყრისა და ეროზიის დროს ეს ჩამოშლილი მასალა მდინარის გასასვლელებს ხერგავს და წყლის დაგუბებას იწვევს.
აი, პირველ რიგში, ეს უნდა გაეთვალისწინებინათ, როცა იქ გზა გაიყვანეს, მითუმეტეს, რომ მდინარეს კალაპოტი დაუვიწროვეს და გვირაბებში მოაქციეს.
- საერთოდ, იქ გზის გაყვანა შეიძლებოდა?
- ამ გზის გაყვანა ქალაქისათვის ნამდვილად საჭირო იყო, მას დღესაც ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ მთავარია, როგორ ააშენეს?
არ გაითვალისწინეს, რომ მდინარე ვერეს, თბილისის ფარგლებში, დინების მარჯვენა მხარეს ეროზიული მონაკვეთი აქვს, დინების მარცხენა მხარეს კი - შლადი მდინარე გვირაბებში „შეაგდეს" და გზა ზემოდან გადაატარეს. ყველამ ვნახეთ, წყალდიდობის შედეგად ის გვირაბები ქაღალდივით როგორ იყო დაჭმუჭნილი.
ასევე დიდი შეცდომა იყო სვანიძის ქუჩის საცხოვრებელი განაშენიანება და აკი, ეს ქუჩა წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა!
- კი მაგრამ, ამდენი რამის გაუთვალისწინებლობა და ასეთი შეცდომების დაშვება რით უნდა აიხსნას?
- იმით, რომ ქვეყანა ერთი კაცის ხუშტურებით იმართებოდა! დიახ, წინა ხელისუფლების დროს მშვენებლობების კონტროლის სისტემა აბსოლუტურად მოშლილი იყო!
წარმოიდგინეთ, უგულავას მერობის დროს არსებობდა მის მიერ გამოცემული ბრძანება, რომელშიც ეწერა, რომ განსაკუთრებული შემთხვევების დროს შესაძლებელია, პროექტი საბჭოზე განუხილველად დამტკიცდეს და მშენებლობის ნებართვა პირდაპირ გაიცეს, ხოლო შესაბამისი დოკუმენტაცია, ანუ შენობის პასპორტი, მისი აშენების შემდეგ შეიქმნას.
აი, ასეთ აბსურდში ვცხოვრობდით და სწორედ ასეთმა მიდგომებმა მიგვიყვანა დიდ ტრაგედიამდე
- ბატონო გიგა, იგივე ვაკე-საბურთალოს ახალი გზა როგორ უნდა აშენებულიყო ისე, რომ წვიმისა და წყალდიდობას ამხელა უბედურება არ გამოეწვია?
- ვაკე-საბურთალოს ახალი გზა აუცილებლად ხიმინჯებზე უნდა აშენებულიყო და მდინარე ვერეს ადიდება ამხელა მასშტაბის უბედურებას არ გამოიწვევდა!
დიახ, 9-12-მეტრიანი მალებით ე.წ. „სავარცხლები" უნდა გაკეთებულიყო და წყალს თავის ჭკუაზე ედინა. მდინარე ვერე ადიდების შემთხვევაში ხიმინჯებს შორის გაივლიდა და თუნდაც დიდი ხეები წამოეღო, ამით არაფერი დაშავდებოდა.
- აწი თუ არის შესაძლებელი ამის გაკეთება?
- ზოგიერთ მონაკვეთზე შესაძლებელია და უნდა გაკეთდეს კიდეც!
დიახ, სტიქიის შემდეგ ვაკე-საბურთალოს გზის რეაბილიტაციაზე საუბარი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია! ეს გზა ახლიდან უნდა აშენდეს ისე, როგორც ვერეს ხეობას სჭირდება, ანუ ხიმინჯებზე უნდა შედგეს!
- გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადების სამომავლო ბედი როგორ წარმოგიდგენიათ?
- თბილისში შექმნილი სატრანსპორტო პრობლემების, ანუ უკიდურესად გადატვირთული მოძრაობის შემსუბუქების ერთადერთი გზა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე ცალმხრივი მოძრაობაა.
ამისათვის აუცილებელია, მოიხსნას გმირთა მოედანზე არსებული ორი ესტაკადა - ერთი, რომელსაც დიღმისაკენ მივყავართ და მეორე, რომელიც გალაკტიონის ხიდისკენ მიდის!
„ლაგუნა ვერესა" და დგებუაძის ქუჩას (სადაც თბილისელებისთვის კარგად ცნობილი მე-40 აფთიაქი მდებარეობდა) შორის უნდა აშენდეს ხიდი, რომელიც ცალმხრივ მოძრაობაზე გადასვლას უზრუნველყოფს.
საერთოდ, თბილისს სჭირდება, რაც შეიძლება მეტი დამატებითი ხიდის მშენებლობა, რადგან მხოლოდ ეს გააუმჯობესებს გადატვირთულ სატრანსპორტო მოძრაობას.
იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ამ საკითხებს გონივრულად მიუდგება და არა ისე დაუფიქრებლად, როგორც წინა ხელისუფლება იქცეოდა!
13 ივნისის ტრაგედია თითოეული ჩვენგანისათვის გაკვეთილი უნდა იყოს!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"