შარშან, 2014 წლის 17 მაისს, როცა დევდორაკის მყინვარიდან დაძრულმა მეწყერმა დარიალის ხეობაში უბედურება დაატრიალა, ჰიდროგეოლოგი პაატა თვალაძე რედაქციაში გვეწვია და განგვიცხადა, - უარეს საშინელებას მდინარე ვერე იზამს, რომელსაც სააკაშვილმა ჭალა მოუსპო და გოფრირებულ „ტრუბაში" გააძვრინაო!
- ბატონო პაატა, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ თქვენი პროგნოზი ახდა!
- 2004 წელს, „როცა „ვარდების რევოლუციის" მამამთავარი და მისი გაუნათლებელი სექტა უკვე ქვეყანას მართავდა, თქვენმა მონა-მორჩილმა, იოსებ ბუაჩიძემ, გუგა ჭოხონელიძემ, ბადრი მხეიძემ დავწერეთ პროგრამა და წარვუდგინეთ თბილისის მაშინდელ მერს ზურაბ ჭიაბერაშვილს. ჩვენ შევთავაზეთ საინჟინრო-გეოლოგიური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა საქართველოში არსებულ 24 ათას მდინარეს, მდინარეებზე გადებულ ხიდებსა და დამეწყრილ თუ მეწყერსაშიშ ადგილებს, რომელთა რაოდენობაც 800 ერთეულს აჭარბებს...
- მერედა, რაო, ჭიაბერაშვილმა, რა გიპასუხათ?
- არავითარი პასუხი ჭიაბერაშვილს არ გაუცია! გავიდა ხანი და იგივე წერილი გავუგზავნე საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს ზაზა ბეგაშვილს; ბეგაშვილმა, რომელმაც, ჩემი ინფორმაციით, წერა-კითხვა არ იცის და არაფრის აზრზეა, საერთოდ ვერაფერი გაიგო. შემდეგ მივმართეთ უგულავას, რომლის ერთ-ერთმა ხელისბიჭმაც ასეთი პასუხი გაგვცა - ეგღა გვაკლია, თქვენ შეგითანხმოთ, თუ სად უნდა ავაშენოთ სახლები და სად გავიყვანოთ გზებიო!
- ვინ იყო ეს ხელისბიჭი?
- ეს ხელისბიჭი გახლდათ მამუკა ახვლედიანი! ბოლოს ჩვენს დღევანდელ მერს დავით ნარმანიასაც მივმართეთ ამ წინადადებით, რომელიც მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, მაგრამ არავითარი რეაქცია. გული რაზე მტკივა, იცით? საქართველოს ჰქონდა უძლიერესი და მთელ მსოფლიოში აღიარებული გეოლოგიის სკოლა, რომელსაც საქვეყნოდ სახელგანთქმულმა პიროვნებამ, ბატონმა ალექსანდრე ჯანელიძემ ჩაუყარა საფუძველი. 6 ათასი გეოლოგი იყო საქართველოში და დღეს ერთსაც ვერ იპოვით, იმიტომ, რომ სააკაშვილმა გეოლოგიის ქართული სკოლა, ისევე როგორც ზოგადად ქართული მეცნიერება, გაანადგურა და მოსპო. ზოგი გეოლოგი გარდაიცვალა, ზოგმა სხვა საქმეს მოჰკიდა ხელი და სკოლა დაინგრა... დღეს რომ უცხოელი სპეციალისტები ჩამოჰყავთ ექსპერტებად და ამ ყველაფერში აურაცხელ თანხას იხდიან, ამ ფულის ნახევრით ქვეყნის საინჟინრო-გეოლოგიური ცენტრი ჩამოყალიბდებოდა და იღბლად გადარჩენილ იმ პროფესიონალებს შევინარჩუნებდით, რომლებიც მერე მომავალ თაობებს გაზრდიდნენ. ასუანის კაშხალი ქართველების აშენებულია და რა გვჭირს უცხოელების საექსპერტო და გასარჩევი?! მაგრამ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ დაანგრიეს მეცნიერება და დაღუპეს ქვეყანა!
- ბატონო პაატა, როგორც პროფესიონალი და ჰიდროგეოლოგი, 13 ივნისს დატრიალებულ უბედურებაში პირდაპირ სააკაშვილს ადებთ ხელს?
- დიახ, ამდენი ხალხის სიკვდილი და ოჯახების განადგურება პირადად სააკაშვილის კისერზეა! მიხეილ სააკაშვილის ხუშტურებით მდინარე ვერეს ე.წ. გოფრირებული, ვიწრო გვირაბების სახით აუშენეს სამი ბარიერი, რომლებშიც მდინარე ვერ გამოეტია და მოხდა უბედურება.
- მაინც რა მოხდა?
- შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქვიშა და ღორღი, რომელიც მდინარემ ზოოპარკისა და გმირთა მოედნის ტერიტორიაზე შეიტანა, ახალდაბაში ჩამოწოლილი მეწყერი არ არის! პირველ გვირაბთან დაგუბებულმა მდინარემ გადმოლახა ჯებირი და მეორე გვირაბთან იწყო დაგუბება, რის შედეგადაც დაიტბორა ძალიან დიდი სივრცე. მეორე გვირაბზე რომ გადავიდა, მდინარემ ჩარეცხა ნაყარი მიწა და მიასკდა მესამე გვირაბს, სადაც ასევე დაგუბდა. დაგუბებული მდინარის წყალს ემატებოდა კოკისპირული წვიმა. წყლის დონე იწევდა მანამ, სანამ გასასვლელი არ ნახა, თორემ გვირაბები, პრაქტიკულად, ჩაკეტილი იყო.
- რა უნდა მოხდეს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ მომავალში მაინც ავიცილოთ მსგავსი უბედურება თავიდან?
- პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს და გადიდდეს სულ პირველი გვირაბი და იმის შემდეგ მოისპოს და განადგურდეს ყოველნაირი გვირაბი! ასევე მდინარეში უნდა გაკეთდეს ხიმინჯები და მდინარე ვერე მივუშვათ თავის ნებაზე... მდინარე ბუნებრივად რომ გაიკეთებს კალაპოტს, იმ ადგილებზე, სადაც ის ნაპირს მიეხეთქება, უნდა გაკეთდეს დამცავი ჯებირები.
- რაც შეეხება საავტომობილო გზას, რომელიც გმირთა მოედანს თამარაშვილის ქუჩასთან აკავშირებდა.
- ეს გზა უნდა მოისპოს, მისი აღდგენა კატეგორიულად დაუშვებელია! თუ ეს ხელისუფლება გაიმეორებს სააკაშვილის მიერ ჩადენილ სისულელეს და ამ დაწყევლილ გზას აღადგენს, მაშინ მე მათ ვაფრთხილებ - გზის აღდგენას დასჭირდება ათჯერ უფრო მეტი, ვიდრე სააკაშვილმა დახარჯა და შედეგი იქნება იგივე - მდინარე მას აუცილებლად წალეკავს! მახვოს, თავის დროზე გამოვიდა ბატონი შილაკაძე, რომელმაც ეს გზა დააპროექტა და განაცხადა - ჩვენ თან გზას ვაშენებთ და თან პროექტს ვადგენთო! კაცი დავბერდი და მსგავსი არაფერი მსმენია. ავღანეთში სამანქანო გზები მაქვს დაპროექტებული და აშენებული, მაგრამ დღეს გეკითხება ვინმე რამეს? სააკაშვილმა ეს გზა ააშენა თავის ხუშტურზე, მერე მოახტა „ფორმულას" და ტელევიზორში გამოჩნდა. აი, ეს იყო ყველაფერი... თქვე მამაცხონებულებო, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ის არაჩვეულებრივი სპეციალისტები - გეოლოგები, ჰიდროგეოლოგები, ჰიდროინჟინრები,/ რომლებსაც ფასდაუდებელი ცოდნა და გამოცდილება აქვთ და გამოიყენეთ ეს ხალხი, ვიღაცას რაღაც ჰკითხეთ! რა თანხაც ახლა წყალში გადაიყარა, 100 წლის განმავლობაში შეინახავდა საინჟინრო-გეოლოგიურ ცენტრს! დამუშავებული მაქვს გეგმა, თუ როგორ განვტვირთოთ მანქანებისგან თბილისი, მაქვს სხვა გეგმებიც, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არავის არაფერი აინტერესებს!"
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"