reportiori.ge - მანანა დუმბაძე: ესენი ააშენებენ მამას საოცნებო „მზიურს“ და საქართველოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 00:35
პრეს-დაიჯესტი
მანანა დუმბაძე: ესენი ააშენებენ მამას საოცნებო „მზიურს“ და საქართველოს!
ავტორი:
23 ივნისი, 2015. 19:13


მოვარდნილმა სტიქიამ ნოდარ დუმბაძის დიდი ხნის წინათ დამარხული ოცნება ამოატივტივა! დიახ, თავს დამტყდარმა უბედურებამ დიდსა თუ პატარას კიდევ ერთხელ გაგვახსენა გენიალური ნოდარ დუმბაძე, მისი საოცნებო „მზიური" და 1967 წელს დაწერილი „მზიანი ღამე"... 2015 წლის მზიან ღამეზე, ჩვენი დროის მოკლეკაბიან გოგონებზე, მოჩხუბარ ბიჭებზე და მამის ოცნებებზე ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, ჟურნალისტი მანანა დუმბაძე საუბრობს:


- მამაჩემის ოცნება იყო, რომ „მზიურში" არაფერი აშენებულიყო, იქ მხოლოდ ბავშვთა ქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს მინი მოდელი იქნებოდა. მართალია, საბჭოთა კავშირში სოციალურად დაუცველი ბავშვი არ არსებობდა, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ოაზისი იმ ხელმოკლე ოჯახების შვილებისთვის, რომლებიც თუნდაც წყნეთში დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებდნენ.


ტრაგედიის პირველსავე დღეს ჩავედი „მზიურში". ახალგაზრდების უწყვეტი ნაკადი რომ დავინახე ბარებითა და ჯოხებით ხელში, ავტირდი. ეს სულ სხვა ცრემლები იყო. იმას კი არ ვტიროდი, „მზიურს" ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავდი, ყველაფერთან ერთად თავს დამნაშავედ ვგრძნობდი...


- რას გულისხმობთ?

 

- ამ თაობის შვილიშვილი მყავს, რომელსაც კითხვა უყვარს, მაგრამ სწავლა - არა და გული გავუწყალე - არაფერი გაინტერესებს, ღამე რატომ იგვიანებ-მეთქი? ჩემი შვილიშვილი დილით სახლიდან რომ გავარდა, შუაღამეს კისრამდე ტალახში ამოსვრილი დაბრუნდა. ისეთი დაღლილი იყო, ჭამაც ვერ შეძლო. მამა გამახსენდა... მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, სკოლაში სამოსანი იქნება თუ ათოსანი, მთავარია, ადამიანი იყოს და ქვეყანა უყვარდეს! ავტირდი იმიტომ, რომ მამას ოცნება ახდა - ისეთი ახალი თაობა გაიზარდა, რომლის იმედიც შეიძლება გქონდეს. აი, ამ ბავშვებზე წერდა ნოდარ დუმბაძე. ესენი ააშენებენ მამას საოცნებო „მზიურს" და საქართველოს!


ყველაზე მეტად რამ გამაოცა, იცით? ათასობით ახალგაზრდა უჩუმრად, გარინდული, ყოველგვარი ზედმეტი შეძახილების გარეშე აკეთებდა თავის საქმეს. ეს მაშინ, როცა ამხელა ტრაგედიის მიუხედავად, პოლიტიკოსები, პარტიები ერთმანეთს ჭამენ და ამ საშინელი დღეების ხარჯზეც კი პიარს იკეთებენ... ვისაც გრძელი ენა აქვს, ყველა მთავრობას აგინებს.


- თქვენ თვითონ რას ფიქრობთ? შეძლო ხელისუფლებამ ამ უზარმაზარი ტრაგედიის სიმძიმესთან გამკლავება?

 

- ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც საჭიროა. რაც შეუძლიათ, თავს არ ზოგავენ და ლანძღვას, მითუმეტეს - წინა ხელისუფლებისგან, ნამდვილად არ იმსახურებენ! ნაციონალებმა ათას ხუთასამდე ხე მოჭრეს, „ვერარეჩკა" „ტრუბებში" გაუშვეს და „მზიურის" შუაგულში ეკლესიასავით პოლიცია წამოჭიმეს. აი, ასეთი ჭკუით მართავდნენ ქვეყანას! ახლა გაიძახიან, პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის, მკლავები უნდა დავიკაპიწოთ და ვიმუშაოთო. ამათ კიდევ პიარის თავი აქვთ და ქულების დაწერას ცდილობენ. უნდათ, ყველა მათი ცოდვა ახალ ხელისუფლებას აჰკიდონ.


ვის რად უნდოდა ამხელა პოლიციის შენობა ვერეს ხეობაში? ბუნება გააჩანაგეს იმისთვის, რომ მათთვის სასურველი შენობები წამოემართათ. წლების წინათ, როცა ვერეს ხეობის გაჭრა დაგეგმეს, ლამის მთელი ინტელიგენცია ფეხზე დადგა. არქიტექტორები, მხატვრები, მეცნიერები ბარებითა და წალდებით იდგნენ „მზიურის" შესასვლელთან და ახალი გზის მშენებლობას აპროტესტებდნენ. შეიქმნას საბჭო, რომელმაც დოკუმენტური დასკვნები დადოს, თუ რატომ არ უნდა განეხორციელებინათ ეს პროექტი.


- რა იყო პასუხი სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან?

 

- სრული იგნორირება. ესენი არიან გადაღრძუებული პენსიონერები, პოსტსაბჭოთა გადმონაშთები, რომლებიც წინ ვერ იყურებიანო. მართალია, სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას მაშინ ასაკოვანი ხალხი დაუპირისპირდა, მაგრამ ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც თბილისი კარგად იცოდნენ.


ჩემი ქმარი ახალი გზისა და ვერეს გადაკეტვის წინააღმდეგ მეცნიერებთან ერთად დასკვნებით რომ დარბოდა და აქციებს მართავდა, ინტრიგანი და მიკერძოებული ეძახეს. მეცნიერებისა და აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი გადაიბირეს და გააკეთეს ის, რაც საბოლოოდ უნდოდათ.


არც ერთი საბუთი არ გადაგვიყრია, ყველა დოკუმენტი ინახება, რომ ნახოთ, რამხელა ბრძოლა მიმდინარეობდა, გული გაგისკდებათ. აი, შედეგიც!..  სწრაფად და იაფად ნაშენები სახლები თავზე გვენგრევა!


სამწუხაროდ, ვერეს ხეობაში პატარა სახლები არალეგალურად იყო აშენებული. ხალხმა ჯერ ბოსტნები გაიკეთა, მერე ქოხები ჩადგა, მოგვიანებით კი იმ ქოხებს მიაშენა და სამუდამოდ დასახლდა, არადა, ვერეს ხეობაში, წესით, არც ერთი შენობა არ უნდა მდგარიყო, მამაჩემი ამბობდა - „ვერერეჩკა" ვითომ პატარა მდინარეა, მაგრამ თუ გააფთრდა, მტრისასო. პერსპექტივაზე აღარ იფიქრეს...


- ტრაგედია უკვე მოხდა... როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში ვერეს ხეობა?

 

- ჩემი ნება რომ იყოს, როგორც მოყვარული ეკოლოგი, ვერეს ხეობაში ეროვნულ პარკს გავაკეთებდი, ისეთს, როგორიც, მაგალითად, შვეიცარიაშია. ამით, პირველ რიგში, ბუნების მდგრადობას შევინახავდი...


დღეს უმუშევარი ვარ, მაგრამ ასეთ ახალგაზრდებს რომ ვხედავ, აღარ მეშინია! მართალია, ხმამაღალი ნათქვამია და მირჩევნია, აზდაკისნაირი ბებერი და ბრძენი პრეზიდენტი მართავდეს ჩემს სამშობლოს, მაგრამ დღეს ქვეყნის სათავეში 23 წლის პრეზიდენტიც რომ მოვიდეს, ვენდობი! საქართველოში ჩვენს თვალწინ ახალი ეპოქა  დადგა! ადამიანის ცნობიერებაში გადატრიალება მოხდა! ვერეს თაობა მოვიდა! ნუთუ ამხელა ტრაგედია უნდა დატრიალებულიყო, რომ ამის მოწმენი გავმხდარიყავით?!


P.S. „მაინც რა არის მზიანი ღამე? - ჩააცივდა მილიციელი.


- ღმერთი!

- თან მზეა და თან ღამე!

- ჰო, და იმდენად ნათელია, რომ უკუნია, ღამეა ადამიანის თვალისათვის, ამიტომ არის მზიანი ღამე!"


გავკადნიერდები და მხოლოდ ერთს დავამატებ გენიალური მწერლის სიტყვებს - 13 ივნისის ერთ-ერთ ყველაზე უკუნ და საბედისწერო ღამესაც აქვს ნათელი წერტილი და ეს ის მომავალი თაობაა, რომელმაც ნოდარ დუმბაძისა და თითოეული ჩვენგანის ოცნებების სახლები, ქალაქები და ქვეყანა უნდა ააშენოს.

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016