„1972 წელს, ბავშვი ვიყავი, როცა წყნეთში დატრიალდა ტრაგედია... მაშინ იქ აუზი გახეთქა წყალმა და ჩამორეცხა ყველაფერი... მახსოვს ის ემოცია..." - ამ ამბავს ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი 13 ივნისს თბილისში განვითარებულ სტიქიურ უბედურებაზე საუბრისას იხსენებს.
„რეპორტიორს" ნანა დევდარიანი ესაუბრა:
- სტიქიურ უბედურებებს, რა თქმა უნდა, კლიმატური ცვლილებები იწვევს, მაგრამ აქ სხვა რამეა მნიშვნელოვანი. რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ასეთი სტიქიური უბედურების დროს ზარალი მინიმალური იყოს?
როგორც არ უნდა იძახონ „ნაციონალებმა" - ამასაც ჩვენ გვაბრალებენო, ის უტვინო დაგეგმარება, რასაც ადგილი ჰქონდას ვერეს კალაპოტში, სხვას ვის შეიძლება დააბრალო?! ქულები რომ იწერეს და მჯიღები იცეს მკერდში, ასეთი არავის არაფერი გაუკეთებიაო, სიმართლე სხვა არის - ეს იყო სრულიად უტვინოდ განხორციელებული პროექტი და ამაში დიდი ბრალი მიუძღვის ყოფილ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ის იყო დამკვეთი. დაეცვათ უსაფრთხოების წესები და მიეცათ არქიტექტორებისთვის ყველაფრის გათვლის საშუალება.
ისიც დიდი უპასუხისმგებლობა იყო, მიწის ნაკვეთები და მშენებლობის ნებართვა რომ გასცეს იმ ტერიტორიაზე, სადაც სტიქია მოხდა. მარტო ეს ერთი ნაღმი კი არ არის მათი დანატოვები, კიდევ უამრავია ასეთი. ხუშტურებით რომ მართავდნენ ქვეყანას და აზრს არავის ეკითხებოდნენ, ყველაფერი ამის ბრალია.
- ხელისუფლების ქმედებები რამდენად შეესაბამებოდა სტიქიური უბედურების დროს მომხდარ ამბებს?
- მთავრობას ნამდვილად ვერ ვეტყვი საყვედურს. ყველა გამოვიდა, მთელი მთავრობა იყო მობილიზებული, საქმეში ჩაება და არავინ წასულა მილანში საშოპინგოდ და არც დრო უტარებიათ.
ამ მთვრობის ნაკლი ის არის, რომ მართვის იმ მოდელს მიჰყვებიან, რაც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა. პრემიერმა სასწრაფოდ უნდა მოძებნოს იმის საშუალება, რომ სპეციალისტები შეკრიბოს და ყველა რისკი შეაფასებინოს ამ თვალსაზრისით - გასარკვევია, სად რა შეიძლება განვითარდეს. გამოსაკვლევია, მარტო მეწყერის რამდენი კერაა საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს მათ შესაკავებლად. ამას უნდა ძალიან სერიოზული გამოკვლევა. უამრავი ნაღმია დატოვებული - ფული რომ აეთვისებინათ, ყველაფერს სასწრაფოდ აკეთებდნენ. გზები, ავტობანები და უამრავი ასეთი რამ როგორ არის შესრულებული, ამას შემოწმება სჭირდება.
- ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებში, როგორც წესი, აქტიურობდნენ „ნაციონალები". მათ ამ აქტივობას საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად ხვდებოდა. თქვენთვის რამდენად დამაჯერებელი იყო მათი გამოსვლები და წუხილი?
- რა დამაჯერებლობაზეა საუბარი. „ნაციონალები" არიან ჩასაფრებულები და ასეთი უბედურების ჟამსაც იქცევიან, როგორც ჩასაფრებულები. შეხედეთ მათ ტელევიზიებს, რა ტექსტებით მიჰყავთ საინფორმაციო გამოშვებები ან რა კომპეტენციის ხალხი გამოჰყავთ, ეს იგივეა, მე დავდგე და არქიტექტურული შეფასება მივცე რაღაც პროექტებს. დაილია ხალხი, ვისაც ჭკუა მოეკითხება?! მაგრამ პანიკას სხვანაირად ვერ ატეხენ. ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადააქვთ - უნიათო მთავრობაო, გაჰკივიან. ეს „უნიათო" მათი მოგონილია. უნიათო მარტო იმიტომაა ეს მთავრობა, „ნაციონალებს" რომ შესაფერისი ადგილი არ მიუჩინა! „ნაციონალებისთვის" ასეა - რაც უარესი, მით უკეთესი.
- სტიქიიდან რამდენიმე დღეში მოხალისეები სახლში გაუშვეს. როგორ ფიქრობთ, რატომ გადადგა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი, ხომ არ გაჩნდა იმის საშიშროება, რომ ვინმე ამ გულანთებულ ახალგაზრდებს პოლიტიკურ სპეკულაციებში ჩაითრევდა? მით უფრო, რომ ამის პირველი ნიშანი მაშინ გამოჩნდა, როცა თბილისის ზოოპარკის დირექტორის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა მთავრობის კანცელარიასთან.
- თავის დროზე, ნოდარ დუმბაძემ თქვა - ეს მუტრუკა ჯინსიანი ბიჭები თავს დადებენ, რამე რომ იყოსო. მერე, თუ არ ვცდები, 9 აპრილის ტრაგედიის დროს თქვა ჯანსუღ ჩარკვიანმა - ეს ჩვენი კევიღეჭია გოგო-ბიჭები გმირები ყოფილანო. ახლაც ასეა. არც ერთ თაობას არ მოაკლდა განსაცდელი - ზოგს ომი, ზოგს სტიქია და ზოგს სხვა უბედურება. ეს არის ის უმაგალითო სოლიდარობა, რაც ქართველებს აქვთ, მაგრამ ამპარტავანი ხასიათი ლხინის დროს არ აძლევს საშუალებას, რომ ეს აჩვენონ ბოლომდე. საქართველს მომავალს გადაშენება არ უწერია და არც იფიქრონ „ნაციონალებმა!"
რაც შეხება პოლიტიკურ სპეკულაციებში ამ ახალგაზრდების ჩათრევას - გამორიცხულია! იყო მცდელობა „ნაციონალების" მხრიდან, რომ აი, ჩვენ ჩვენი ხალხით მოვედითო, დაიწყეს „მარიაჟობა" და სელფების კეთება, გაპიწკინებული ტანსაცმლით იდგნენ ტალახში. არ არის ეს ის ახალგაზრდობა, ვინმეს თავი რომ გამოაყენებინოს. რასაც ისინი აკეთებდნენ, არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. ეს ახალგაზრდები საკუთარი ქალაქის და თანაქალაქელების დასახმარებლად გამოვიდნენ.