reportiori.ge - ზაქარია ქუცნაშვილი: ვისაც რა ჩაბარდა, იმ უბანს მიხედოს, თუ არ შეუძლია, წავიდეს სახლში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:38
ინტერვიუ
ზაქარია ქუცნაშვილი: ვისაც რა ჩაბარდა, იმ უბანს მიხედოს, თუ არ შეუძლია, წავიდეს სახლში!
ავტორი: ანა ნოდია
24 ივნისი, 2015. 11:53



„რეპორტიორის" შეკითხვებს საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პასუხობს:


- სიღარიბე, ოკუპაცია, დემოგრაფიული მდგომარეობა - მე ჩამოვთვალე ქვეყნის სამი მნიშვნელოვანი პრობლემა. თქვენ რას ხედავთ ქვეყნის მთავარ პრობლემად და როგორ გესახებათ გადაჭრის გზები?


- ეს სამი გამოწვევა, რაც თქვენ დაასახელეთ, ჩვენთვის არის პირველი საფრთხეები. მათი დაძლევა ქართული ეკონომიკის შექმნის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. თუ ქართული ეკონომიკა არ დავაყენეთ ფეხზე, ისე სიღარიბესა და უმუშევრობას ვერ დავძლევთ. თბილისი და ქუთაისი ვერ გახდება მიმზიდველი აფხაზისა და ოსისთვის. თუ ჩვენი ხალხის გამრავლებაზე არ ვიფიქრეთ და მთა არ გადავარჩინეთ, მაღალმთიანეთი დარჩება ხალხის გარეშე და დაეპატრონება ეშმაკი. ერთადერთი ნაწილი, რაც დაგვრჩა კავკასიის ქედს მიღმა, ეს არის პირიქითა ხევსურეთი. ქართველობამ გადმოვინაცვლეთ კავკასიონის აქეთა სამხერთ ფერდობზე. თუ ეს ნაწილიც დავკარგეთ და ადამიანები არ დაგვრჩა, რაც დაგვემართა კოდორის ხეობაში, ის დაგვემართება ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზეც. საკითხი კომპლექსურია და ეკონომიკის შექმნის, დემოკრატიული რეფორმების გაღრმავების გარეშე ვერ წარმომიდგენია ამ პრობლემების გადაწყვეტა.


 
- ეკონომიკის გაძლიერებაზე საუბრობთ - ვინ ზრუნავს ეკონომიკურ სიმყარეზე?


- ამაზე მუშაობენ ეკონომიკური პროფილის უწყებები, თუმცა შედეგები სასურველისაგან ჯერ შორის არის. სამუშაო გასაძლიერებელია. ეკონომიკის სამინისტროს აქვს ნორმალური ხედვა, სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობით სურთ მკვდარი კაპიტალი ეკონომიკურ ბრუნვაში მოაქციონ. აქვთ მოსაზრება, გადავიდნენ ანაბრების დაზღვევის სისტემაზე, რაც გაზრდის დაგროვილი ფულის რაოდენობას და შესაბამისად ამ ფულით შესაძლებელი იქნება საკრედიტო პოტენციალის გააფართოება. ასევე, სურთ გადავიდნენ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე, რაც, ერთი მხრივ, 6-7 წლის შემდეგ მოსპობს ყველასათვის თანაბრ პენსიას (მინიმალური სოციალური პენსია შენარჩუნებული იქნება) და, მეორე მხრივ, შექმნის ფულად მასას, რომელიც მოქალაქეების საპენსიო ასაკის მიღწევამდე ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს ეკონომიკაში.


 
- უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს დაგროვებითი პენსია?


- საპენსიო ფული გროვდება მოქალაქის მიერ სამუშაოს წარმოების და იქიდან მიღებული შემოსავლიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდით. თუ დღეს მოქალაქეები მოტივირებული არ არიან თავიანთი შემოსავლების ლეგალიზაციაში და ხელზე იღებენ ხელფასს, მოგების, ქირის თუ სხვა თანხებს, დაგროვებითი პენსია მძლავრი მასტიმულირეზებელია რეალური შემოსავლების ჩვენებისთვის. აჩვენებ შემოსავალს, დააგროვებთ პენსიას, საპენსიო ასაკის მიღწევისას გექნებათ არა მინიმალური სოციალური პენსია, არამედ შენი შრომის შესაბამისი. სანამ ადამიანს საპენსიო ასაკი დაუდგება, ეს ფული სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი გამოწვევების დამარცხებისთვის არასაკმარისი.


 
- არის თუ არა სტაბილური გარემო ბიზნესის კეთებისთვის?


- რამოდენიმე ათეული ადამიანი ვმუშაობთ საქართველოს განვითარების სტრატეგიაზე. არ მინდა, პროცესებს წინ გავუსწრო. ჩვენ, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან ხედვას წარმოვადგენთ. საჯარო დისკუსიები, როგორ ვუშველოთ ამ პრობლემებს, რაც მეტი იქნება - უკეთესია! ჩვენ გვჭირდება ნახტომი - ინერციული განვითარებიდან ინოვაციური განვითარებისკენ.


 
- რა არის თქვენი ხელისუფლების მთავარი რეფორმა?


- დემოკრატიული თვალსაზრისით რამდენიმე რეფორმაა, რომელიც დასაფასებელია. საჯაროობის კუთხით, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის და სასამართლოს ანაგარიშვალდებულება ხალხის წინაშე გაიზარდა. მარტივად - ჟურნალისტები ხედავენ, რა ხდება პარლამენტში, მთავრობასა თუ სასამართლოში. კანონის უზენაესობის კუთხით სერიოზული პროგრესი გვაქვს და ამის მანიშნებლად გვაღიარეს აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ლიდერ ქვეყნად. კანონის უზენაესობის კუთხით ვუსწრებთ დასაველეთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან უნგრეთი, იტალია, საბერძნეთი... მიღწევად დავასახელებდი გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, სადაც ასევე უზარმაზარი ნახტომი გვაქვს. ჩატარდა რამდენიმე მასობრივი შეკრება და არავითარ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მომიტინგეების გამოხატვის ინტერესები და მონაწილეთა უსაფრთხოება ბოლომდე იყო დაცული.


რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება საკუთრების დაბრუნების კუთხით. მოქალაქეები გვსაყვედურობენ წართმეული ქონებების უკან ვერდაბრუნების გამო... პრობლემებია სამართლიანობის აღდგენის კუთხითაც, ვინც რეპრესირებული იყო წინა ხელისუფლების დროს და ბევრის მიმართ რეაბილიტაცია არ წარმოებულა.


კეთილდღეობისა და სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით აღსანიშნავია ორი მთავარი რეფორმა - ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის.


 
- საუბრობენ კლინიკებში გაჩენილ კორუფციაზე, რატომ არ ხდება ამის მონიტორინგი? ასევე სოფლის მეურნეობის კუთხით - მიღებული მოსავლის გასაღების პრობლემა გაჩნდა...


- ეს რეფორმები არ არის უნაკლო. მაგრამ ეს ორი სფეროა, სადაც მოხდა დიდი გარღვევა. რომ ვადარებ, რა იყო და რა არის, გარწმუნებთ, დიდი ნაბიჯებია გადადგმული. ჩვენი იპოთეკარების 99 პროცენტი ორი მიზეზის გამო იღებდა კერძო მევახშის ვალს - ერთი იმიტომ, რომ შვილი ან ოჯახის რომელიმე წევრი გამოეხსნა საპროცესო გარიგების დადებით ციხიდან და მეორე - ოჯახის წევრი გადაერჩინა გარდაუვალი სიკვდილისგან, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის დადგომის ან ქრონიკული დაავადების გამო. იპოთეკარების დიდმა ნაწილმა ამ მიზეზებით დაკარგა კიდეც საცხოვრებელი სახლი. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიზნით ადამიანები სესხს აღარ იღებენ.


 
- ძალიან ბევრი პოლიტიკოსისგან გვესმის, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები დანაშაულებრივ ბრძანებებზე არ ტოვებდნენ დოკუმენტაციას, არ ტოვებდნენ კვალს. თუმცა, სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალები, 26 მაისი, 7 ნოემბერი, გირგვლიანის და სხვათა და სხვათა მკვლელობები - ეს არ არის მტკიცებულებები?


- თქვენს შეკითხვას ორ ნაწილად გავყოფდი - რამდენად კომპეტენტურად მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესი და მეორე - ყოფილი მაღალი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ექსტრადირებისა და გასამართლების საკითხი... ექსტრადირების ნაწილზე გეტყვით, რომ მე მგონი ნათელია ყველასთვის, რომ ქართული მართლმსაჯულების ინტერესები გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს ეწირება. თუმცა, ჩვენ არ უნდა დავიღალოთ მოთხოვნით. თუკი პრინციპულები და თანმიმდევრულები ვიქნებით, ადრე თუ გვიან შედეგს მივიღებთ. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება მსოფლიო ისტორიიდან, როდესაც ქვეყნები წლების განმავლობაში ითხოვდნენ კონკრეტული ეჭვმიტანილი პირის ექსტრადირებას. სააკაშვილი გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს ამოეფარა, გახდა „დასავლური ინტერესების" ვითომ მედროშე და ქართული მართლმსაჯულების წინაშე ამით დროებითი ალიბი მოიპოვა.


რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სისხლისსამართლებრივი დევნის კომპეტენტურობას, აქ მეც მაქვს შეკითხვები. არც მე ვარ აღფრთოვანებული პროკურატურის მუშაობით. პროკურატურა არის ერთადერთი მონოპოლისტი სტრუქტურა, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების, ბრალის წაყენების და სასამართლოში მისი დამტკიცების უფლება. საზოგადოება უფრო მეტს მოელის მათგან.


 
- რა ხდება პროკურატურაში?


 - არ მინდა, ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთო, ვგეგმავ, მთავარ პროკურორ ბადაშვილს შევხვდე და ვესაუბრო. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ სამართლიანობის იდეალებისთვის ბრძოლა ყველას მოწოდებაა. ამ ბრძოლას სურვილის გარდა, კომპეტენცია და შეუვალი პრინციპულობა სჭირდება. არავის არ ვაბრალებ, მაგრამ უხარისხო გამოძიებით საქმეები ფუჭდება, საქმეების გაფუჭებით კი სერიოზულ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილების „გარეცხვა" მოხდება. ქვეყნის მომავლის, მისი განვითარების წინაშე ამის დაშვების უფლება არა გვაქვს.


 
- დღეს რომ ოპოზიციონერი იყოთ, რა შენიშვნა გექნებოდათ მმართველ გუნდთან?


- ჩემს თავს ყოველთვის თვითკრიტიკულად ვექცევი. თუმცა, ამ მდგომარეობაში თავის ჩაყენება საკმარისი არ არის, აუცილებელია ცოდნაც. როცა შენ რაღაცას აკრიტიკებ და არ იცი, ეს როგორ გამოასწორო, ამ შემთხვევაში კრიტიკა ჩასაფრებული ადამიანის მდგომარეობას ემსგავსება. ეს ჩემი სტილი არ არის. ყოველთვის ეს პოზიცია მაქვს - ვისაც რა ჩაბარდა, იმ უბანს უნდა მიხედოს. თუ არ შეუძლია თანამდებობრივი მოვალეობების ტვირთის ზიდვა, უნდა წავიდეს სახლში. კაბინეტში ადრე მისვლა და იქიდან გვიან წამოსვლა საქმის კეთებას არ ნიშნავს. იმის გამო, რომ თანაგუნდელები ვართ, ხათრს ვერ შევუნახავ ვერავის, თვალს არ დავხუჭავ ცუდზე. შავზე არ ვიტყვი, რომ თეთრია.


 
- განათლების სამინისტროს საქმიანობას როგორ აფასებთ?


- წელი არ ჩაგვიგდია, რომ პედაგოგის ხელფასი არ გაგვეზარდა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. კითხვები აქაც არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი ამ სფეროში. ორი მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ - არა მხოლოდ განათლების ხელმისაწვდომობის გაძლიერების, არამედ განათლების ხარისხის ზრდის მიმართულებითაც. გადავდგით ნაბიჯები ხელმისაწვდომობის მიმართულებით, ათეულობით სპეციალობა უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ გამოცხადდა, დაფინანსდა დოქტურანტურა, დაფინანსდა სახელმძღვანელოები, მაგრამ მეორეა სწავლის ხარისხი. თუ სკოლაში სწავლა არ იქნა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე, ბავშვი ისევ უცოდინარი წამოვა სკოლიდან.


გერმანული განათლების სისტემის მომხრე ვარ სადაც სახელმძღვანელო პრინციპებია: ხელმისაწვდომობა და ხარისხი. აუცილებელია პედაგოგების გადამზადება და მოტივირება. საქართველოს საჯარო სკოლებში არაუმეტეს 20-ბავშვიანი კლასები უნდა არსებობდეს. ასაშენებელია ახალი სკოლები. შეუძლებელია, 30 და 40 ბავშვიან კლასში მოსწავლეებმა მიიღონ სრულყოფილი განათლება. რაც არ უნდა მაღალკვალიფიციური პედაგოგი იყოს 45 წუთში ვერ მოასწრებს, ყველა ბავშვს მიაწოდოს სათანადო განათლება, ყველა გამოკითხოს, ყველას უპასუხოს შეკითხვაზე, ახსნას ახალი მასალა.


ვცდილობთ, ჯარისკაცის და პოლიციელის პროფესია ელიტურ პროფესიებად ვაქციოთ, მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელია, რომ პედაგოგი და მეცნიერი ყველაზე მეტად იყოს დაფასებული.


 
- რა არის დღეს მოქალაქის საშუალო ხელფასი? და რამდენი სჭირდება აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად?



- საქსტატის მონაცემების მიხედვით, თუ არ ვცდები, 600 ლარია. ნორმალური ცხოვრებისთვის ადამიანს იმისდა მიუხედავად თუ სად ცხოვრობს შემდეგი ხარჯები აქვს გასაწევი: ხარჯები კვებაზე, ჰიგიენაზე, გადაადგილებაზე, ჩაცმაზე, კომუნალური სერვისების მიღებაზე, სულიერი და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, ინფორმაციაზე, დასვენებაზე... ეს არის ადამიანური ცხოვრებისათვის ის აუცილებელი 10 ხარჯი, რომელიც ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრებ ადამიანს აქვს. უბრალოდ, როდესაც არ გვაქვს სათანადო შემოსავალი, ვცდილობთ, მოვიკლოთ.


ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ. არ დაგვავიწყდეს, რომ 3 მილიონ 700 ათასი მოქალაქიდან ნახევარ მილიონზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, ანუ ღატაკია. ხოლო მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი ღარიბი. ასე რომ, როდესაც თავში ვთქვი, ქართული ეკონომიკის შექმნის და დემოკრატიული ინსუტუტების განვითარების გარეშე უმუშევრობას ვერ დავძლევთ-მეთქი, ეს სადღეგრძელო არ გეგონოთ, ეს რეალობაა!

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016