reportiori.ge - ირაკლი სესიაშვილი: უწმინდესის მოწოდებას ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:41
ინტერვიუ
ირაკლი სესიაშვილი: უწმინდესის მოწოდებას ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს
ავტორი:
24 ივნისი, 2015. 00:43




ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ესაუბრა:


- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი „ყოველთა ქართველთა კონგრესის" ჩატარების ინიციატივით გამოდის. ილია მეორე ასევე უცხოეთში მყოფ ქართველებზე საუბრობს და მათი აღრიცხვის სურვილს გამოთქვამს. რამდენად ემხრობა მთავრობა უწმინდესის ინიციატივას და როგორი იქნება თქვენი ჩართულობა ამ საკითხში?


- მგონი, არ ყოფილა უწმინდესისგან ინიციატივა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება არ დათანხმებოდა და არ მოსწონებოდა. მივესალმები ამ ინიციატივას. პრემიერმაც გააკეთა განცხადება და მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ ინიციატივის რეალიზებას. საერთო ჯამში, არის ინიციატივა, რომელიც გათვლილია გრძელვადიან შედეგებზე და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების აღრიცხვას, საკონსულოებს ნაწილობრივ აღრიცხული ჰყავთ ჩვენი ემიგრანტები. თუმცა, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს ინფორმაცია, თუ ვინ სად და რა რაოდენობით იმყოფება. უწმინდესის მოწოდებას, თავისთავად ცხადია, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს. ჩვენი ემიგრანტებისთვის ეს მოტივაციაა და, ალბათ, გარკვეულ ნაბიჯებსაც გადადგამენ თავად.


შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ქვეყნისთვის ნომერ პირველი საფრთხე დემოგრაფიული პრობლემაა. თუ ჩვენ ვიყურებით შორს და ვიაზრებთ, რა არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, პირველ რიგში, იმის ინდიკატორი, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ აღნიშნული საკითხი, ემყარება დემოგრაფიულ მდგომარეობას. თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიფიქროთ ამაზე, რადგან მომავალში ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილებიც იქნება, ქვეყანას თანხებიც ექნება, ყველაფერი ექნება, მაგრამ დემოგრაფიული პრობლემა ერთ დღეში ვერ გამოსწორდება.


- გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სტიქიის შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ ვრცელდებოდა მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედებები. სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ ხელოვნურად ხდებოდა დაძაბულობის კერების შექმნა მოხალისეებს შორის და საზოგადოებაში იმ განცდის გაჩენა, რომ ხელისუფლება უმოქმედოა. თუ ფლობთ ინფორმაციას, რამდენად რეალურია ეს განცხადებები?


- სამწუხაროდ/ იმ ტრაგიკულ დღეებში საქართველოში არ ვიყავი, ვხვდებოდი ლატვიის პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრსა და ჩემს კოლეგებს, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი მქონდა და პროცესებს თვალყურს შორიდან ვადევნებდი. სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსებისგან, განსაკუთრებით „ნაციონალებისგან", არ ველოდი პოლიტიკურ ვაჟკაცობას, რომ არსებულ ვითარებაში თავისი ვიწრო ინტერესები გვერდზე გადაედოთ და ამ ტრაგედიის დროს ქვეყნის გვერდით დამდგარიყვნენ. მათ ეს ნამდვილად ვერ შეძლეს და ცდილობდნენ, ვითარება ვიწრო პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოეყენებინათ.


„რუსთავი 2" ვიღაცისთვის დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა, ჩემთვის ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური. რამდენიმე დღეა თვალყურს ვადევნებ და ვხედავ, რომ ეს არის კამპანია, როგორ ვიპოვოთ რაიმე ცუდი და როგორ დავზაფროთ მოსახლეობა.

 

- რამდენად კმაყოფილი ხართ ხელისუფლების მუშაობით?


- ეს ხდება მაშინ, როდესაც ერი და ბერი გაერთიანებული იყო. თავისთავად არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც არნახული სოლიდარობა გამოიჩინეს, არნახული სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვაჩვენეს. ყველა ერთად იყო, მინისტრი, ვიცე-პრემიერი, მერი თუ რიგითი თანამშრომელი, ყველა ერთად იდგა, როგორც ერთი ჯარისკაცი. არავის დაუნახავს იქ, რომ ხელისუფლებას პიარკამპანია ეწარმოებინა და ყველა ცდილობდა ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინა და მაზე ეზრუნა. მაგრამ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ბევრს ეს სოლიდარობა და ერთად დგომა არ უხარია. ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ გაბედა, რომ კარგისთვის კარგი დაერქმია, ცუდზე კი ესაუბრა კონსტრუქციულად. ჯერ კიდევ სამი ადამიანი არაა ნაპოვნი, წარმოიდგინეთ მათი ოჯახის წევრების მდგომარეობა და ვიღაც ამით უკვე სპეკულირებს. ეს არის ძალიან ნათელი ინდიკატორი ჩემთვის, თუ რა პოლიტიკური პროცესები მიჰყავთ ზოგიერთ ძალებს.


- სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე რას ფიქრობთ? გაამწვავა თუ არა ვითარება ე.წ. ახალმა გზამ და გვირაბებმა?


- ყველას რაღაც თავის შიდა განცდები გვაქვს. პოლიტიკოსი ვარ და პასუხისმგებლობა მმართებს და გეტყვით, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება და შესაბამის დასკვნებს არ მივიღებთ, წინასწარ ბრალეულობაზე საუბარი ნაადრევია. ჩემი შინაგანი განცდით საქმე გვაქვს კომპლექსურ პრობლემასთან. ბუნების ძალასთან გამკლავება ძალიან რთულია, ასე მარტივად არ დგას საკითხი და არავინ არაა დაზღვეული. ეს რისკები ყოველთვის ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყანა უნდა შეეცადოს, რომ ეს რისკები შეამციროს.


- რისკების შემცირებას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას დამატებითი თანხები დასჭირდება, რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ამ მიმართულებით?

 

- მოგვიწევს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, პრევენციული ღონისძიებების გატარება. ძალიან სერიოზულ თანხებთან არის ეს დაკავშირებული. მაგრამ თუ საზოგადოება გაიაზრებს ამას და იტყვის, რომ თანახმაა, პრევენციისთვის ნაბიჯები გადადგას, ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაეხსნება, რომ გარკვეულ ნაწილს მოაკლოს და რესურსი მიმართოს პრევენციისკენ. ესეც გასათვალისწინებელია. ჯერ მთავარია, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბოლომდე მივიყვანოთ და ადამიანებს დავეხმაროთ. კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებს.


- ხელისუფლების მისამართით გამოითქვა პრეტენზიები, რომ სტიქიის ღამეს რეაგირება იყო დაგვიანებული. თქვენ რას უპასუხებდით ამ განცხადებებს?


- შეიძლება შეცდომები იყოს დაშვებული, როდესაც სტიქიას ებრძვი, ძალიან ძნელია იმ პირობებში დაიწყო სწორი სურათის წარმოქმნა. რთული სათქმელია, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და რა ვერ გაკეთდა. მაგრამ აქაც ხდება პოლიტიკური სპეკულირება. ვინც ასეთ ქმედებებს ახორციელებს, წარმოდგენა არ აქვს, როგორია მაშველის განცდა იმ მომენტში, როდესაც საკუთარ სიცოცხლეს წირავს, რომ სხვა გადაარჩინოს. ჩვენი გმირი მაშველი ორი დღის წინ მივაბარეთ მიწას. მან არნახული სიმამაცე გამოიჩინა და 7 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. როდესაც განცხადება კეთდება, რომ თითქოს ვიღაცამ დააგვიანა, თვალებში ჩახედონ იმ ადამიანებს, ვინც სტიქიის ღამეს იქ იდგა და ხალხს ეხმარებოდა. ასეთი განცხადებები ნიშნავს, რომ ვიღაცას არ უნდოდა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ამაში მოიხსენიებენ ხელისუფლებასაც. ჰგონიათ, რომ ხელისუფლების წარმატება მათი პოლიტიკური კრახია. მათი პოლიტიკური კრახი სწორედ მათი იდეოლოგიაა. საკუთარი იდეოლოგიის მსხვერპლნი არიან.


- საქართველოს ექს-პრემიერმა განაცხადა, რომ გარკვეულ დახმარებას გაუწევს ხელისუფლებას სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში. თუ ფლობთ ინფორმაციას, რა კუთხით დაეხმარება ივანიშვილი ხელისუფლებას?


- ბატონ ბიძინას პირადად ვიცნობ. ვიცი რა სულის და გულის მატარებელი ადამიანია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იგი მაქსიმუმს გააკეთებს, რაც ქვეყანას სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა ციფრებსა და ზომებს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016