reportiori.ge - რა წაგვართვა სომხეთმა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:00
პრეს-დაიჯესტი
რა წაგვართვა სომხეთმა?
ავტორი:
24 ივნისი, 2015. 13:15


ალექსანდრე აბდალაძე: ლორე-ტაშირში, რომელიც 1921 წელს საქართველოს წაგლიჯეს და სომხეთს გადასცეს, მდებარეობს სტეფანავანი, თუმანიანი, ალავერდი!



სომხეთი საქართველოს უძველესი და ისტორიული მეზობელია... 22 საუკუნეზე მეტია, რაც საქართველო-სომხეთს შორის ტერიტორიული თუ საეკლესიო დავა არ ცხრება. ეს დავა ხან უკიდურესად იყო პოლიტიზებული და გამწვავებული, ხან - მიჩუმათებული და ნაცარმიყრილი. საქართველოს ამირსპასალარების, ანუ სამხედრო მინისტრების ისტორიული რეზიდენცია - ლორეს ციხე მთელი თავისი შემოგარენითა და, ასევე, ტაშირის მხარით, ის ტერიტორიაა, რომელიც 1921 წლის ავადსახსენებელი ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ საქართველომ დაკარგა და სომხეთმა შემოიმტკიცა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი არმენოლოგი, პროფესორი ალექსანდრე აბდალაძე ამტკიცებს, რომ სომხურ-ქართულ დავას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს!

 

- ბატონო ალექსანდრე, ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიები ყველა მეზობელმა უხვად ჩამოირიგა. სომხეთს რომელი ქართული მიწები დარჩა?

 

- ეს პრობლემა სომხეთთან მიმართებაში ადამჟამობიდან „მოაქჟამობამდე" უნდა განვიხილოთ! სომხეთსა და საქართველოს შორის ტერიტორიული დავა ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში დაიწყო, როცა რომის ძლიერმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა სომხეთს, რაც სომხეთმა გამოიყენა და ქართველებს მიწა-წყალი წაართვა. ამას ამტკიცებს სტრაბონის ცნობა, რომელიც ამბობს - აქამდე, ანუ ძველი წეთლაღრიცხვის მეორე საუკუნემდე, არმენები ძალიან პატარა ტერიტორიას ფლობდნენ, მაგრამ მათ მიწები მეზობლებს წაართვესო! სწორედ მაშინ დავკარგეთ ტაო, სპერი, ბასიანი, კოლა, არტაანი, და ქვემო ქართლის ერთი ნაწილი. ეს ხდება სომხეთის მეფეების არტაშანისა და ზარენის დროს, პირველი საუკუნის რომაელი ისტორიკოსი პლინიუს უფროსი იხსენებს „არმენოხალიბებს" მოგეხსენებათ, ხალიბები უძველესი ქართული ტომია, რომლებთანაც მეტალურგიის განვითარებაა დაკავშირებული. სომხებმა, როგორც ჩანს, ხალიბების მიწა-წყალიც მიიტაცეს და დაიწყეს ქართველური ტომების გასომხება.


- რატომ ვერ შეაჩერა ფარნავაზის მიერ დაარსებულმა იბერიის სამეფომ სომხური ექსპანსია?

 

- იმიტომ, რომ ძველი წელთაღრიცხვის მესამე-მეორე საუკუნეების მიჯნაზე, ანუ სომხური ექსპანსიის დაწყებამდე სულ რაღაც ათი წლით ადრე, იბერიის სამეფოს ჩრდილოეთიდან შემოესივნენ ირანული ტომები - სარმატები, რომლებმაც ჩრდილოკავკასიელებიც აიყოლიეს. აქედან გამომდინარე, ქართველები ორ ცეცხლს შუა მოვექეცით, თუმცა, ბრძოლა გრძელდებდა და საფიქრებელია, რომ ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, ანუ როცა სომხეთს ტიგრან მეორე დიდი მართავდა, ქართველებმა დაკარგული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაბრუნება მოახერხეს! ამას უნდა მოწმობდეს ის ფაქტი, რომ, როცა სომხები ძველი წელთაღრიცხვის 65-66 წლებში „უბრძოლველად დანებდნენ პომპეუსს, იბერიის მეფე არტაგმა გამოჩენილ რომაელ სარდალს სისხლისმღვრელი ბრძოლა გაუმართა. მართალია, ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ საფიქრებელია, რომ, თუ რომაელთა ლეგიონერებს არ დავუჩოქეთ, მითუმეტეს არ შევეგუებოდით იმას, რომ სომხებს ქართული მიწები ჰქონდათ წაღებული. როგორც ჩანს, მალე ვითარება ქართველთა სასარგებლოდ იცვლება და ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსიც წერს, რომ სომხეთის სამეფო ტახტზე ისხდნენ იბერიის მეფის ფარსმან პირველის ძმა მითრიდატე და მერე მისი შვილი რადამისტი.


აშკარაა, რომ იბერია უტევს სომხეთს და სომხეთს მართავენ ქართველები! ცხადია, ფარსმან პირველმა სომხეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწებიც დაიბრუნა. კიდევ უფრო გაძლიერდა იბერია მეორე საუკუნეში ფარსმან მეორე ქველის დროს, რომელმაც არც პართიას დაუხარა თავი და არც რომის იმპერატორ ადრიანეს. ჩვენ გვაქვს ცნობა, რომ ფარსმან მეორემ შავ ზღვაზეც მოიპოვა გასასვლელი, რაც უტყუარად იმის მანიშნებელია, რომ საქართველომ სომხეთის მიერ მიტაცებული მიწები დაიბრუნა!


- ბატონო ალექსანდრე, ადრეულ შუა საუკუნეებში როგორ განვითარდა სომხურ-ქართული ურთიერთობა?

 

- მაზდეანურმა სპარსეთმა 428 წელს სომხეთში მეფობა გააუქმა, მაშინ, როცა იბერიაში არსებობს სამეფო და მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში გვყავს ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მეფე ვახტანგ გორგასალი! სომეხი ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი წერს, რომ მახტანგ გორგასალი სომხეთში თავისი გავლენის გავრცელებას ცდილობდა. ეს ფაქტია - ვახტანგ გორგასალი არამარტო სომხეთში ცდილობდა საქართველოს გავლენის გაძლიერებას, არამედ მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში! სწორედ ამას ადასტურებს ცნობილი ლექსი, რომლის სრულ ვარიანტსაც ქართველებს უმალავდნენ:


„ვახტანგ მეფე

ღმერთს უყვარდა,

ციდან ჩამოესმა რეკა,

იალბუზზე ფეხი შედგა,

დიდმა მთებმა იწყეს დრეკა;

ოსეთში გადაიარა,

ჩერქეზები გადარეკა!"


აი, ეს ბოლო ორი სტრიქონი - „ოსეთში გადაიარა, ჩერქეზები გადარეკა" ქართველ ხალხს დაუმალეს, მიუჩუმათეს და ბევრმა არ იცის, რომ ეს ლექსი სრული სახით სწორედ ასეთია. ერთი სიტყვით, ვახტანგ გორგასლის დროს საქართველოს თავისი მიწები უსათუოდ დაბრუნებული ჰქონდა. ამას ამტკიცებს მის მიერ ქალაქ არტანუჯის აშენება კლარჯეთში. მაგრამ მეექვსე საუკუნიდან ირანელთა „წყალობით" მდგომარეობა იცვლება, როცა სპარსეთმა დაინახა, რომ კავკასიაში მაზდეანობას ვერ გაავრცელებდა, ტაქტიკა შეცვალა და ასეთი სტრატეგია აირჩია, - „კი ბატონო, იყავით ქრისტიანები, მაგრამ არა ისეთნი, როგორებიც ბიზანტიელები არიან, არამედ სხვანაირი ქრისტიანებიო!" ამიტომაც ირანი ყოველმხრივ უჭერდა მხარს და აძლიერებდა სომხურ მონოფიზიტობას და ებრძოდა ქართულ მართლმადიდებლობას. მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა 607-608 წლებში,რ ოცა ქართულ-სომხური საეკლესიო განხეთქილება მოხდა და სომეხთა კათკალიკოსმა აბრაჰამმა ქართველები და ქართველთა კათალიკოსი კირიონ პირველი შეაჩვენა. ე.წ. „ეპისტოლეთა წიგნში" აბრაჰამმა სომხებს მოუწოდა - რადგან ქართველები ჩვენი და სპარსელების ნებას არ დაჰყვნენ, ამიტომ ყოველნაირი ურთიერთობა გეკრძალებათ მათთან, გარდა ერთისა - როგორც ებრაელებთან, ისე ქართველებთანაც ვაჭრობა შეგიძლიათო! არ დაგვავიწყდეს, რომ კათალიკოსი კირიონ პირველი ჯავახეთიდან იყო. ექვთიმე თაყაიშვილი საგანგებოდ აღნიშნავს, კირიონ პირველმა გასომხებას გადაგვარჩინა და ჩვენ მას ძეგლი უნდა დავუდგათო! ყველაფერთან ერთად, ქართულ-სომხური საეკლესიო განხეთქილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც იყო, რომ სომხური ეკლესია ქვემო ქართლის გასომხებას ცდილობდა. მან მოახერხა და გაასომხურა ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია...


- შემდეგ როგორ განვითარდა ჩვენ შორის მოვლენები?

 

- მეცხრე საუკუნის ბოლოს აღდგენილმა და არაბების მიერ ზურგგამაგრებულმა სომხეთმა ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიტაცა და დაიწყო ქართველების გასომხების პროცესი. მიტაცებული ტერიტორა ტაშირ-ძორაკერტის სომხური სამეფოს შემადგენლობაში შევიდა და სამშვილდეში სომეხი მეფე დაჯდა. 1065 წელს ბაგრატ მეოთხემ სომეხი მეფე იქიდან გააძევა და სამშვილდე საქართველოს შემოუერთა, სამაგიეროდ, საქართველოს ფარგლებს გარეთ დარჩა ლორე, რომელსაც თურქ-სელჩუკები დაეპატრონენ და მერე დავით აღმაშენებელმა გამოიხსნა იგი. თამარის დროინდელი სომეხი საეკლესიო მოღვაწე მხითარ-გოში დავით აღმაშენებელს საყვედურობს, - ლორეში სომხები რატომ არ დააბრუნეო?! მხითარ-გოში ლორეს სომხური სამეფოს აღდგენის მოთხოვნით გამოდიოდა, რასაც, რა თქმა უნდა, დიდების ზენიტში მყოფი საქართველო არ დაუშვებდა. 1225 წლის აგვისტოში, როცა ქართველები ერევანთან ახლოს, 27 კილომეტრში მდებარე გარნისთან ჯალალედ-დინთან დამარცხდნენ, ამის შესახებ სომეხი ისტორიკოსი კირაკოს განძაკეცი სიხარულით წერს - „ქართველები ღმერთმა იმიტომ დასაჯა, რომ ჯალალ-ედ-დინთან ბრძოლის წინ იქადნიდნენ - როგორც კი ჯალალ-ედ-დინს დავამარცხებთ, მერე ყოველ სომეხს მართლმადიდებლობაზე მოვაქცევთო!"


- ბატონო ალექსანდრე, სომხურ-ქართულ ურთიერთობაში განსაკთრებით ტრაგიკული აღმოჩნდა მეცხრამეტე საუკუნე!

 

- მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში და მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთმა ძალიან დიდი რაოდენობით სომხები ჩამოასახლა თბილისში, ხოლო 1830 წელს რუსეთ-თურქეთსა და რუსეთ-ირანის ომების შემდეგ გენერალმა პასკევიჩმა მასობრივად ჩამოასახლა სომხები ჯავახეთში, რითაც მოსახლეობის ეთნიკური რუკა ერთ დღეში შეიცვალა. რუსეთის იმპერია სომხობას უფრო წყალობდა, ვიდრე საქართველოსა და ქართულ ეკლესიას, რომლის ავტოკეფალია სამარცხვინოდ და უსინდისოდ მოსპო. საბოლოო ჯამში, 1918 წლის დეკემბერში სომხეთთან ომში გამარჯვებული საქართველო ინგლისის აქტიური ჩარევით, ფაქტობრივად, დამარცხებული აღმოჩნდა, რადგან ჩვენი ტერიტორია ლორე-ტაშირი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა, ხოლო მოგვიანებით იგი მოღალატე ქართველების - ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის დასტურით რუსეთმა სომხეთს გადასცა.


- ბატონო ალექსანდრე, მაინც რა ტერიტორიას მოიცავს ლორე-ტაშირი?

 

- ლორე-ტაშირში, რომელიც 1921 წელს საქართველოს წაგლიჯეს და სომხეთს გადასცეს, მდებარეობს სტეფანავანი, თუმანიანი, ალავერდი, სადაც სპილენძით მდიდარი საბადოებია. ეს სამი დიდი რაიონი ნამდვილად შედის ლორე-ტაშირში, რომელიც რუსეთისა და ჩვენი მოღალატეების ხელით დავკარგეთ. რაც შეეხება ჯავახეთს, სადაც საქართველოს ეროვნული ინტერესები სულს ღაფავს, ჩვენ ვიცით, რა ვითარებაა იქ და ამჯერად ამ თემაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ!

 

 

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016