„სიღარიბე, ოკუპაცია, დემოგრაფიული მდგომარეობა - ეს სამი გამოწვევა ჩვენთვის არის პირველი საფრთხეები", - ამ განცხადებას აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „რეპორტიორთან" ინტერვიუში. ქუცნაშვილი განმარტავს, რომ მათი დაძლევა ქართული ეკონომიკის შექმნის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია.
„თუ ქართული ეკონომიკა არ დავაყენეთ ფეხზე, ისე სიღარიბესა და უმუშევრობას ვერ დავძლევთ. თბილისი და ქუთაისი ვერ გახდება მიმზიდველი აფხაზისა და ოსისთვის. თუ ჩვენი ხალხის გამრავლებაზე არ ვიფიქრეთ და მთა არ გადავარჩინეთ, მაღალმთიანეთი დარჩება ხალხის გარეშე და დაეპატრონება ეშმაკი. ერთადერთი ნაწილი, რაც დაგვრჩა კავკასიის ქედს მიღმა, ეს არის პირიქითა ხევსურეთი. ქართველობამ გადმოვინაცვლეთ კავკასიონის აქეთა სამხრეთ ფერდობზე. თუ ეს ნაწილიც დავკარგეთ და ადამიანები არ დაგვრჩა, რაც დაგვემართა კოდორის ხეობაში, ის დაგვემართება ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზეც. საკითხი კომპლექსურია და ეკონომიკის შექმნის, დემოკრატიული რეფორმების გაღრმავების გარეშე ვერ წარმომიდგენია ამ პრობლემების გადაწყვეტა", - აცხადებს ქუცნაშვილი.