ევროპის სუპერთასის ბილეთების ონლაინ-რეჟიმში გაყიდვასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.
ხვალ, 18:00 საათამდე იწურება 48 საათიანი ვადა, რომელიც პრობლემების აღმოსაფხვრელად უეფა-მ biletebi.ge-ს მისცა. როგორც ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია.
უეფას სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ს უნდა გაეყიდა, თუმცა ჭარბი რაოდენობის მსურველის გამო საიტის სერვერმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა. ამის გამო 30 000 ბილეთიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული გაიყიდა. შექმნილი პრობლემების გამო, გუშინ ფედერაციის ოფისში ჯერ სფფ-ს პრეზიდენტსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა.
სფფ-ს პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ უეფა-მ biletebi.ge-ს ტექნიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად 48 საათი მისცა.
ევროპის სუპერთასი თბილისში, "დინამო არენაზე", 11 აგვისტოს გაიმართება და ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპა ლიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდებიან.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)