„რა არის დღეს მოქალაქის საშუალო ხელფასი? და რამდენი სჭირდება აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად?" - „რეპორიტორის" ამ შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პასუხობს:
„საქსტატის მონაცემების მიხედვით, თუ არ ვცდები, 600 ლარია. ნორმალური ცხოვრებისთვის ადამიანს, იმისდა მიუხედავად, თუ სად ცხოვრობს, შემდეგი ხარჯები აქვს გასაწევი: ხარჯები კვებაზე, ჰიგიენაზე, გადაადგილებაზე, ჩაცმაზე, კომუნალური სერვისების მიღებაზე, სულიერი და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, ინფორმაციაზე, დასვენებაზე... ეს არის ადამიანური ცხოვრებისათვის ის აუცილებელი 10 ხარჯი, რომელიც ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრებ ადამიანს აქვს. უბრალოდ, როდესაც არ გვაქვს სათანადო შემოსავალი, ვცდილობთ, მოვიკლოთ.
ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ. არ დაგვავიწყდეს, რომ 3 მილიონ 700 ათასი მოქალაქიდან ნახევარ მილიონზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, ანუ ღატაკია. ხოლო მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი ღარიბი. ასე რომ, როდესაც თავში ვთქვი, ქართული ეკონომიკის შექმნის და დემოკრატიული ინსუტუტების განვითარების გარეშე უმუშევრობას ვერ დავძლევთ-მეთქი, ეს სადღეგრძელო არ გეგონოთ, ეს რეალობაა!" - აცხადებს ქუცნაშვილი.